ახალქალაქში უფასო სამედიცინო შემოწმებები ჩატარდა

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, ახალქალაქში, გლობალმედის საუნივერსიტეტო კლინიკამ, მრავალპროფილური უფასო სამედიცინო შემოწმებები ჩაატარა.

მოქალაქეებს სამედიცინო კონსულტაციები სხვადასხვა პროფილის მაღალი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტებმა გაუწიეს.

სკრინინგის შედეგად გამოვლენილი დაავადებების დიაგნოსტიკა და მკურნალობა სახელმწიფოს სხვადასხვა პროგრამით ფინანსდება.

კიბოს ადრეული გამოვლენისა და მართვის ეროვნული პროგრამები უზრუნველყოფს როგორც გამოკვლევებს, ისე – მკურნალობის დაფინანსებას. არაგადამდები დაავადებების კონტროლი ხელმისაწვდომია პირველადი ჯანდაცვის დონეზე, ხოლო ინფექციური დაავადებების (B და C ჰეპატიტისა და აივ ინფექციის) დიაგნოსტიკა და მკურნალობა, სრულად ან ნაწილობრივ, ფინანსდება სახელმწიფო პროგრამებით, რაც უზრუნველყოფს მოსახლეობის ფართო წვდომას საჭირო სერვისებზე.

ახალქალაქში სამედიცინო კონსულტაციების პროცესს ადგილზე გაეცნო ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე რუბენპალიანი და მერიის სოციალური განყოფილების ხელმძღვანელი ანაიდა იორდანიანი. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ ჯანდაცვის პროგრამებით მოსახლეობის მხარდაჭერა ახალქალაქის მერიისთვის მნიშვნელოვანი პრიორიტეტია.

მსგავსი სახის სამედიცინო აქციები მუნიციპალიტეტში პერიოდულად იმართება და მომავალშიც გაგრძელდება.

ინფორმაციას ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მსგავსი თემები

ბოლო სიახლეები