ჯანდაცვის მინისტრი: პატრიარქის მდგომარეობას უნდა დავაკვირდეთ დინამიკაში, ახლა ძალიან ბევრი რამ დამოკიდებულია, ასაკის და მდგომარეობის გათვალისწინებით, თვითონ ორგანიზმზე

შეჯამების საფუძველზე შეფასდა ახლა მიმდინარე მკურნალობის ეფექტიანობა და პერსპექტიულობა, ითქვა, რომ მკურნალობა მიმდინარეობს სწორედ ისე, როგორც უნდა მიმდინარეობდეს, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, კონსილიუმზე ითქვა, რომ პროცესებზე დაკვირვება დინამიკაში უნდა მოხდეს და გადაწყვეტილებები არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე იქნეს მიღებული.

„საზოგადოების ინტერესი აბსოლუტურად ლოგიკურია, ყველას აინტერესებს მდგომარეობა, მკურნალობის პერსპექტივები. გამართულ კონსილიუმზე, რასაკვირველია, არც იყო მოლოდინი რომ საბოლოო პოზიციები დაფიქსირდებოდა და მზა გადაწყვეტილებები იარსებებდა. გაანალიზდა არსებული კლინიკური მდგომარეობა, მისი დადებითი და უარყოფითი მხარეები, რა შეიძლება იყოს პერსპექტიული ხედვის საფუძველი, რა – პესიმისტური. ამ შეჯამების საფუძველზე შეფასდა ახლა მიმდინარე მკურნალობის ეფექტიანობა და პერსპექტიულობა ამ თვალსაზრისით. ითქვა, რომ მკურნალობა მიმდინარეობს სწორედ ისე, როგორც უნდა მიმდინარეობდეს, სხვა ალტერნატივა რეალურად არ არსებობს.

თავს შევიკავებ რაიმე ფორმულირებების მოძებნისგან, ყველანი უკმაყოფილო ვართ არსებული მდგომარეობით, ყველას გვაქვს მეტის და უკეთესის მოლოდინი, სურვილი. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი და ამისთვის უნდა გავაკეთოთ უკლებლივ ყველაფერი. ამ წუთს არაფერს ამაზე მეტად მნიშვნელობა არ აქვს.

რაც შეეხება კონსილიუმზე გამოკვეთილ რჩევებსა და მოსაზრებებს, უნდა დავაკვირდეთ პროცესებს დინამიკაში. ახლა ძალიან ბევრი რამ დამოკიდებულია, ასაკის და მდგომარეობის გათვალისწინებით, თვითონ ორგანიზმზე. ყველაფერი ეს მოგვცემს შესაძლებლობას, თუნდაც რამდენიმე საათის შემდეგ ახალი მსჯელობა გაიმართოს ახალ მონაცემებზე დაყრდნობით. იმდენად კომპლექსურია ანალიზების მონაცემები, იქ არ არსებობს ერთი და ორი ინდიკატორი, ძალიან ბევრია. ზოგიერთ შემთხვევაში, შეიძლება გაუმჯობესება და დადებითი დინამიკა იყოს, ზოგიერთ შემთხვევაში უარყოფით, ამას სჭირდება კომპლექსურად შეფასება და დინამიკაში დაკვირვება. დინამიკაში ნიშნავს, რომ  არ არის საჭირო ხვალინდელი, ზეგინდელი გეგმები დავსახოთ, ამ წუთს რაც არის რელევანტური, ეს გადაწყვეტილებები იქნას მიღებული. სამი-ოთხი საათის შემდეგ რაც იქნება ყველაზე რელევანტური, ეგეთი გადაწყვეტილებები იქნას მიღებული.

თავიდან ბოლომდე ვარ ჩართული, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქე, ამავდროულად ეს არის ჩემი პასუხისმგებლობა, რომ არაფერი ამ მკურნალობის პროცესს არ დააკლდეს. ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა და ამას ბუნებრივია, უკლებლივ შევასრულებთ“, – განაცხადა სარჯველაძემ.

მსგავსი თემები

ბოლო სიახლეები