თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება დიდი ხანია, საუბრობს გარე ძალებზე, რომლებმაც ასეულობით მილიონი დახარჯეს, რათა საქართველოში მოღალატეობრივ-აგენტურული ქსელი შეექმნათ.
ჟურნალისტმა კახა კალაძეს კითხვა დაუსვა „ოპოზიციის ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც, პოლიტიკური გაერთიანების შექმნა იყო ერთგვარი დაკვეთა ხალხისგან და პარტნიორებისგან.
როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, ნიკა გვარამიას განცხადება მისთვის სიახლე არ ყოფილა.
„მოცემულობა მარტივია, რასაც ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა ძალიან კარგად ხედავს და აფასებს. ჩვენ ამაზე ისედაც ვსაუბრობდით. პირდაპირ ვთქვით, რომ არიან გარე ძალები, რომლებიც შიდა ძალებს მართავენ. გარედან რასაც ეტყვიან და დაავალებენ, ვალდებულები არიან, რომ გააკეთონ. მათ კითხვის დასმის უფლებაც კი არ აქვთ. ქვეყანაში ჩვეულებრივი აგენტური ქსელია შექმნილი. ბოლო წლების განმავლობაში ასეულობით მილიონი იხარჯებოდა ამ მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად. შესაბამისად, დღეს ეტყვიან ცალ-ცალკე უნდა იყოთო, ხვალ ეტყვიან გაერთიანდით პლატფორმაზეო და ისინიც ასრულებენ. არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, ისინი გაერთიანდებიან, თუ ცალ-ცალკე იქნებიან.
ყველაზე მთავარი არის ის, რომ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობამ იცის, ეს ყველაფერი საიდან და როგორ იმართება და ვინ არიან ამ ჯგუფების პატრონები. არავის გაუკვირდეს ის ფაქტი, რომ მსგავსი აგენტურული დაჯგუფებები ყოველთვის მარცხისთვის იქნებიან განწირულნი და ვერანაირ წარმატებას ვერ მიაღწევენ, რადგან მოღალატეები არიან, ემსახურებიან თავიანთ პატრონებს და ატარებენ არა საკუთარი ქვეყნის, არამედ სხვა ქვეყნის ინტერესებს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

