მიხეილ სარჯველაძე: პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობა არსებითი ცვლილებების გარეშეა, უზრუნველყოფილია უკლებლივ ყველაფერი, რაც აუცილებელია საუკეთესო მკურნალობისთვის

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობა არსებითად არ შეცვლილა.

მისივე თქმით, მკურნალობის პროცესში ჩართული არიან წამყვანი სამედიცინო დაწესებულებების რეანიმაციული განყოფილებების ხელმძღვანელები.

„მდგომარეობა, პრაქტიკულად, არსებითი ცვლილებების და რაიმე არსებითი დინამიკის გარეშეა. გარდა სტანდარტული, კლასიკური მეთოდოლოგიისა, ვცდილობთ, მაქსიმალურად მოვუყაროთ თავი ყველა მოსაზრებას, კომპეტენტურ აზრს, ყველა განსხვავებულ აზრს, რომელიც შესაძლოა, საკითხის ირგვლივ შედეგზე ორიენტირებული აღმოჩნდეს ან არსებობდეს რაიმე შემოთავაზება, რომელსაც შეუძლია, გარკვეული პროცედურები გააუმჯობესოს. გნებავთ, კონსილიუმი დაერქვას ამას. აქ არიან წამყვანი სამედიცინო დაწესებულებების რეანიმაციული განყოფილებების ხელმძღვანელები, ცნობილი რეანიმატოლოგები. შესაბამისად, მათთან კონსულტაციების გავლა ერთ-ერთი მთავარია“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ამასთან, როგორც სარჯველაძემ ჟურნალისტებს შესაბამის კითხვაზე საპასუხოდ განუცხადა, ამ ეტაპზე პატრიარქის უცხოეთში სამკურნალოდ გადაყვანის საკითხი არ განიხილება.

„ამ წუთას უცხოეთში გადაყვანასთან დაკავშირებული საკითხი არ განიხილება. რაც შეეხება უცხოელი ექიმის ჩამოყვანას, როგორც და რა წამს დადგება ასეთი საჭიროება, დაუყოვნებლივ იქნება უზრუნველყოფილი და ამისთვის ყველაფერი გაკეთდება. უზრუნველყოფილია უკლებლივ ყველაფერი, რაც აუცილებელია პაციენტის საუკეთესო მკურნალობისთვის. ვმსჯელობთ, ვფიქრობთ, რით შეიძლება, კიდევ მეტი რესურსი იქნას ჩართული, რათა უწმინდესის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდეს. ადამიანი იმყოფება ინტენსიური თერაპიის რეანიმაციულ განყოფილებაში. ეს ნიშნავს, რომ არავინ შეიძლება იყოს კმაყოფილი მისი მდგომარეობით. ვცდილობთ, გავაუმჯობესოთ უწმინდესის მდგომარეობა, მაქსიმუმი გავაკეთოთ სამედიცინო მანიპულაციური ჩარევით. ამავდროულად, მთლიანად ერი არის გაერთიანებული ერთი იდეის ირგვლივ“, – აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.

მსგავსი თემები

ბოლო სიახლეები