„ახალქალაქობა 2025“ ახალქალაქის მუნიციპალიტეტში საზეიმოდ აღინიშნა. მერმა მელქონ მაკარიანმა, მოსახლეობას სახალხო დღესასწაული მიულოცა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ: საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია, სამცხე-ჯავახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული ზაალ გელაშვილი, რწმუნებულის პირველი მოადგილე გიორგი ქოჩიაშვილი, საქართველოს პარლამენტის წევრი სამველ მანუკიანი, რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები, სამხარეო ადმინისტრაციის და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.
„ახალქალაქობა 2025“ ახალქალაქის ცენტრალურ პარკში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე მრავალფეროვანი, კულტურული, სპორტული და გასართობი აქტივობებით აღინიშნა. მოეწყო ეთნოგრაფიული კუთხეები, ადგილობრივი ნაწარმისა და ხელნაკეთი ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა, გასართობი სივრცეები ბავშვებისათვის. ასევე, ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლების კონცერტი გაიმართა.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ, ზვიად გაბისონიამ სამცხე-ჯავახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ ზაალ გელაშვილთან და ახალქალაქის მერ მელქონ მაკარიანთან ერთად, მუნიციპალიტეტში მცხოვრები, ოქროსა და ვერცხლის მედალოსანი კურსდამთავრებულები დააჯილდოვა.
მინისტრის მოადგილემ ახალგაზრდებს სკოლის წარმატებით დასრულება მიულოცა და ყურადღება მუნიციპალიტეტში წარჩინებული მოსწავლეების მზარდ რაოდენობაზე გაამახვილა.
აღნიშნულ ღონისძიებაზე ახალქალაქის მასშტაბით 2023-2024 სასწავლო წლის 59 ოქროს და 32 ვერცხლის მედალოსანი მოსწავლე დაჯილდოვდა. მედლების გადაცემის ცერემონია „ახალქალაქობა 2025“-ის აღსანიშნავად გამართული ღონისძიების ფარგლებში გაიმართა.
სახალხო დღესასწაული ჯგუფ „გუფი ლენდის“ კონცერტითა და გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდა.
ინფორმაციას ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

