GUARDIANGE – 7 მარტს, საღამოს, Air Force One-ის ბორტზე აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს ჟურნალისტებმა ჰკითხეს, არის თუ არა აშშ პასუხისმგებელი ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ბაზასთან ახლოს, სამხრეთ ირანში 28 თებერვალს, გოგონათა სკოლაზე განხორციელებულ დარტყმაზე, რაზეც პრეზიდენტმა უპასუხა, რომ ეს „ირანმა გააკეთა“.
„არა, ჩემი აზრით, იმის საფუძველზე, რაც მე ვნახე, ეს ირანმა გააკეთა“, – უპასუხა პრეზიდენტმა.
შემდეგ რეპორტიორმა თავდაცვის მდივანს, პიტ ჰეგსეტს, ჰკითხა, სიმართლეს შეესაბამებოდა თუ არა ეს. მან უპასუხა: „ჩვენ ვაწარმოებთ გამოძიებას, მაგრამ ერთადერთი მხარე, რომელიც მშვიდობიან მოსახლეობას ესხმის თავს, ირანია“.
ტრამპმა კიდევ ერთხელ გაიმეორა: „ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს ირანმა გააკეთა… ისინი, როგორც იცით, ძალიან არაზუსტები არიან თავიანთი საბრძოლო მასალის გამოყენებისას. მათ არანაირი სიზუსტე არ აქვთ. ეს ირანმა გააკეთა“.
გასულ კვირას სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ ხაზგასმით აღნიშნა: „აშშ სკოლას განზრახ არ დაუმიზნებდა“ და დასძინა, რომ აშშ-ს ძალებს „არ აქვთ განზრახვა, სამოქალაქო ინფრასტრუქტურას დაუმიზნონ“.
ირანის ოფიციალური პირების თქმით, სამხრეთ ირანში გოგონათა სკოლაზე განხორციელებული თავდასხმისას 160-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. BBC News-ი წერს, რომ მათ ამ რაოდენობის დამოუკიდებლად დადასტურება არ შეუძლიათ.
ქალაქ მინაბის სკოლას თავს დაესხნენ მას შემდეგ, რაც აშშ-მ და ისრაელმა ირანის სამხედრო ობიექტებსა და ხელმძღვანელობაზე ფართომასშტაბიანი დარტყმები განახორციელეს.
ირანის ოფიციალურმა პირებმა თავდასხმაში აშშ და ისრაელი დაადანაშაულეს. ისრაელმა განაცხადა, რომ „არ იცოდა“ ამ ტერიტორიაზე IDF-ის რაიმე ოპერაციის შესახებ, თუმცა BBC-ს განუცხადა, რომ ინციდენტს იძიებს.
BBC Verify-ის მიერ გადაღებულმა თანამგზავრულმა გამოსახულების ანალიზმა მრავლობითი დარტყმა და დამწვრობის კვალი გამოავლინა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ სკოლა ერთზე მეტჯერ დაბომბეს.
თუმცა, როგორც BBC აცხადებს, საბრძოლო მასალის ნარჩენების დამატებითი კადრების გარეშე, შეუძლებელია იმის ნათლად იდენტიფიცირება, თუ ვინ არის პასუხისმგებელი.

