ტრამპი სტარმერს ადანაშაულებს „ომში ჩართვის მცდელობაში მას შემდეგ, რაც ჩვენ უკვე გავიმარჯვეთ“ და აცხადებს, რომ „ჩვენ არ გვჭირდება“ დიდი ბრიტანეთის ავიამზიდები

GUARDIANGE – აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი დაადანაშაულა „ომში ჩართვის მცდელობაში მას შემდეგ, რაც ჩვენ უკვე გავიმარჯვეთ“ და განაცხადა, რომ „ჩვენ არ გვჭირდება“ დიდი ბრიტანეთის ავიამზიდები.

ტრამპის განცხადება Truth Social პლატფორმაზე გამოქვეყნდა მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ ბრიტანული ავიამზიდი “HMS Prince of Wales”-ი სრულ მზადყოფნაშია მოყვანილი.

აშშ-ის პრეზიდენტმა ფლორიდაში მიმავალ Air Force One-ის ბორტზე ყოფნისას, სოციალურ ქსელ Truth Social-ზე განაცხადა, რომ აშშ-ს არ სჭირდება დიდი ბრიტანეთის ორი ავიამზიდი ახლო აღმოსავლეთში.

„გაერთიანებული სამეფო, ჩვენი ოდესღაც დიდი მოკავშირე, შესაძლოა ყველაზე დიდიც, საბოლოოდ სერიოზულად ფიქრობს ახლო აღმოსავლეთში ორი ავიამზიდის გაგზავნაზე. არა უშავს, პრემიერ-მინისტრო სტარმერ, ისინი აღარ გვჭირდება – მაგრამ ჩვენ ამას დავიმახსოვრებთ. ჩვენ არ გვჭირდება ადამიანები, რომლებიც ომებში უკვე გამარჯვების შემდეგ ერთვებიან!“ – დაწერა ტრამპმა. 

BBC-ის ცნობით, B-1 ბომბდამშენები ადრე ფეირფორდის სამეფო საჰაერო ძალების ბაზაზე დაეშვნენ მას შემდეგ, რაც დიდმა ბრიტანეთმა აშშ-ს ირანის სარაკეტო თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვითი დარტყმებისთვის თავისი სამხედრო ბაზების გამოყენების უფლება მისცა. სტარმერმა ომის დაწყების პირველივე დღეებში გადაწყვიტა, არ შეერთებოდა ირანზე აშშ-ისრაელის თავდასხმებს და თქვა, რომ მას არ სჯეროდა „ციდან გამარჯვების“.

ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ბეირუთის ცენტრში მდებარე სასტუმროზე ისრაელის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, 10 კი დაშავდა.

ისრაელის თავდაცვის ძალებმა (IDF) დაადასტურეს, რომ თეირანში „რამდენიმე საწვავის შესანახ კომპლექსზე“ იერიში მიიტანეს.

ისრაელის თავდაცვის ძალები აცხადებენ, რომ ეს იყო „მნიშვნელოვანი დარტყმა“ საწვავის ავზებზე, რომლებსაც, მათი თქმით, ირანის რეჟიმი „პირდაპირ და ხშირად იყენებს სამხედრო ინფრასტრუქტურის ფუნქციონირებისთვის“.

ამასობაში, არაბთა გაერთიანებული საამიროების ოფიციალური პირების ცნობით, „საჰაერო ჩაჭრისას“ დუბაის ერთ-ერთი მკვიდრი ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად დაიღუპა.

კატარმა და არაბთა გაერთიანებულმა საემიროებმა 7 მარტს რაკეტებითა და დრონებით თავდასხმის შესახებ განაცხადეს, საუდის არაბეთის ცნობით კი, რაკეტა სამხედრო ბაზის მიმართულებით გაუშვეს.

7 მარტს, ირანის სახელმწიფო ტელევიზიით ქვეყნის პრეზიდენტმა მასუდ ფეზეშქიანმა ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც იგი ბოდიშს იხდის მეზობელი ქვეყნების წინაშე და აღნიშნავს, რომ თეირანი „არ აპირებს მეზობელ ქვეყნებში შეჭრას“.

„მე საჭიროდ მიმაჩნია ბოდიში მოვიხადო მეზობელი ქვეყნების წინაშე, რომლებსაც თავს დაესხნენ“, – აცხადებს ის.

„ჩვენ არ ვაპირებთ მეზობელ ქვეყნებში შეჭრას“, – განაგრძობს ირანის პრეზიდენტი და მოუწოდებს მეზობელ სახელმწიფოებს რეგიონულ თანამშრომლობას „მშვიდობისა და სიმშვიდის დასამყარებლად“.

ფეზექშიანი დასძენს, რომ შეიარაღებული ძალებს ქვეყნის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილება გააცნეს და უთხრეს, რომ „ამიერიდან არ დაესხნენ მეზობელ ქვეყნებს, თუ ისინი პირველნი თავად არ დაესხმებიან თავს“ ირანს.

„ისინი, ვინც ირანზე თავდასხმისთვის ამ მომენტის გამოყენებას განიხილავენ, არ უნდა გახდნენ იმპერიალიზმის მარიონეტები“, – აცხადებს პრეზიდენტი და დასძენს, რომ ისრაელის ან აშშ-ს მხარდაჭერა „ღირსებისა და თავისუფლებისკენ მიმავალი გზა არ არის“.

მსგავსი თემები

ბოლო სიახლეები