საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დაკვეთით, ქალაქ ცაგერის, სოფელ ქვედა ცაგერისა და დაბა ლენტეხის წყალმომარაგების სისტემების ოპტიმიზაციის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს.
მშენებლობის პროცესს წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი დავით კვინიკაძე მოადგილეებთან, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილესთან ბერდია ჩანქსელიანთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ადგილზე გაეცნო.
ქალაქ ცაგერისა და სოფელ ქვედა ცაგერის წყალმომარაგებისთვის რეაბილიტირდება „ჩხუტელის“ არსებული სათავე ნაგებობა, მოეწყობა ექვსი ახალი ჭაბურღილი, შემკრები რეზერვუარი და საქლორატორო. სატუმბ სადგურში დამონტაჟდება ახალი ტუმბო. ასევე, რეაბილიტირდება ორი არსებული რეზერვუარი და სოფელ ქვედა ცაგერისთვის მოეწყობა ბუსტერის ტიპის სატუმბო სადგური.
დამატებით, ქალაქ ცაგერსა და სოფელ ქვედა ცაგერში მოეწყობა 17 კმ. წყალმომარაგების ქსელი, წყალდენის მაგისტრალური ქსელი, SCADA სისტემა და აღრიცხვის კვანძები. მოხდება მოსახლეობის ინდივიდუალური გამრიცხველიანება.
მიმდინარე პროექტი ასევე ითვალისწინებს დაბა ლენტეხის წყალმომარაგებას. მოსახლეობის წყალმომარაგება მოხდება არსებული 3 სათავე ნაგებობიდან თვითდენითი სისტემით. მიმდინარეობს უკვე არსებული და ახალი რეზერვუარების რეაბილიტაცია-მშენებლობა, დამატებით მოეწყობა საქლორატოროები და ბუსტერული ტიპის ტუმბოაგრეგატები. არსებული წყალდენები ჩანაცვლდება ახლით. მოეწყობა 16კმ წყალმომარაგების ქსელი, SCADA სისტემა, აღრიცხვის კვანძები და მოხდება მოსახლეობის გამრიცხველიანება. დამატებით, ლენტეხის მუნიციპალიტეტში მდ. ლასკადურაზე მოეწყობა ნაპირსამაგრი რკინა-ბეტონის კედელი.
პროექტის ღირებულება 32 მლნ. ლარზე მეტს შეადგენს, რომელიც სრულად სახელმწიფო ბიუჯეტით ფინანსდება და მისი დასრულება 2026 წლის ბოლოსთვის არის დაგეგმილი.
შედეგად, ქალაქ ცაგერის, სოფელ ქვედა ცაგერისა და დაბა ლენტეხის მოსახლეობა 24-საათიანი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი.
ინფორმაციას საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.