„ევროკავშირმა ყულევის პორტი ამოიღო სასანქციო სიიდან. ეს იმით ახსნა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ და პორტის მფლობელმა აზერბაიჯანულმა კომპანია „სოკარმა“ პირობა დადო, რომ შემდგომში არ მოხდებოდა სანქციების დარღვევა. „თავდაპირველად საქართველოს ყულევის პორტის ჩართვა სანქციების მე-20 პაკეტში იგეგმებოდა რუსული ნავთობის საზღვაო გადაზიდვებისა და პორტში „ჩრდილოვანი ფლოტის“ შესვლის გამო. ეს პირველადი პოზიცია გადაიხედა მას შემდეგ, რაც თქვენმა ხელისუფლებამ და პორტის ოპერატორმა პოზიტიური ვალდებულებები იკისრეს“ – წერია ევროკავშირის განმარტებაში. რუსული პროპაგანდისათვის დასანქცირებულმა „იმედმა“ კი გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს სასანქციო სიიდან ყულევის პორტი ამოიღეს „მტკიცებულებების არარსებობის გამო“.
სინამდვილეში ყულევის პორტი გადარჩა დასანქცირებას ამერიკის და ევროკავშირის აზერბაიჯანისადმი დამოკიდებულების გამო. ამ პორტიდან გადის აზერბაიჯანული მზა ნავთობპროდუქტების უდიდესი ნაწილი. მისი დასანქცირება უდიდესი დარტყმა იქნებოდა აზერბაიჯანის ეკონომიკისათვის.
ყულევის პორტი შარში გაეხვა მის მახლობლად მშენებარე ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის გამო. ქარხანა ჯერაც არ ამუშავებულა, მაგრამ ნოემბერ, დეკემბერ, იანვრის თვეში მოასწრო რუსული ნედლი ნავთობიდან 116 მილიონი დოლარის ნავთობოროდუქტების „წარმოება“ და გაყიდვა. ამ აფიორის ჩატარება ყულევის ტერმინალის გარეშე შეუძლებელი იყო. უმოქმედო ქარხანა ვერაფერს აწარმოებდა.
ამ ეტაპზე ყულევი გეოპოლიტიკურმა ვითარებამ გადაარჩინა, ამ ქარხანას კი, რომლის უკან რუსები იმალებიან, წინ სერიოზული პრობლემები ელის. ჩვენი ინფორმაციით თებერვალშიც აქვს ჩადენილი მსგავსი მანიპულაცია. თებერვლის ცოდვებიც ჩამოწერა ევროკავშირმა და დღევანდელი დღით იწყება თუ არა ათვლის წერტილი, ეს მალე გამოჩნდება“, – წერს საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, ყოფილი დეპუტატი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში.

