„დღეს გაიმართა „აპელაცია“ ჩემი მთელი ქონების კონფისკაციის საკითხზე. საქმე იმაშია, რომ მთელი ჩემი საკუთრება საქართველოში შედგება 1,5 ჰექტარი ვენახისგან, 75 კვ. მ. სახლისა და დამხმარე ნაგებობებისა.
ესეც თავის დროზე შევიძინე ჩემი ხელფასით, რუსული ემბარგოს შემდეგ, ჩვენი მევენახეებისა და მეღვინეების გამხნევებისთვის და ქართული ღვინის საერთაშორისო პოპულარიზაციისთვის.
აქ დამყავდა პრეზიდენტები, პრემიერ მინისტრები, სენატორები, მონაკოს პრინცი, ევროკავშირის ხელმძღვანელები. ამ სახლს და ვენახს აჩვენებდნენ თავისუფალ მედიაში.
დღეს ყველაფერ ამას დაუსვეს წერტილი. ალბათ ამ პატარა ვენახს ვინმე ბობოლა ქოცი მიიერთებს და სახლს აუცილებლად დაანგრევს, როგორც მისი გამოყენებისთვის გამოუსადეგარ, ცუდ სიმბოლოს.
მე ქონებას არასდროს გამოვკიდებივარ. 1993 წელს მუშაობა დავიწყე ნიუ-იორკის ერთ-ერთ წამყვან იურიდიულ კომპანიაში Patterson Belknap Webb & Tyler, 36-ე სართულზე, მე-8 ავენიუზე მქონდა საკუთარი კაბინეტი, მყავდა მდივანი და მქონდა ძალიან კარგი ხელფასი, ყველაფერი ისე იყო, როგორც ფილმებში აღწერენ. მივატოვე ყველაფერი და ჩამოვედი ბნელ, ცივ საქართველოში. ამიტომ ქონება არასდროს დამიგროვებია და ესეც შეუძლიათ წაიღონ“, – წერს პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში.

