ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე სამცხე-ჯავახეთში მიმდინარე პროექტებს გაეცნო.
როგორც რევაზ სოხაძემ განაცხადა, ბორჯომის ცენტრალური პარკის რეაბილიტაციის პროექტი, სპეციფიკური სამუშაოების გამო, ვადებში ოდნავ გაიწელა.
„დავათვალიერეთ იმ პროექტების ნაწილი, რომელსაც სამცხე-ჯავახეთში ინფრასტრუქტურის სამინისტრო ახორციელებს, მათ შორის, ისტორიული და უნიკალური ბორჯომის ცენტრალური პარკის რეაბილიტაციის პროექტი. ეს არ არის მხოლოდ რეკრეაციული სივრცის აღდგენა-რეაბილიტაცია, აქ არის ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელობის მქონე შენობები, რომლის რეაბილიტაციაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის. სპეციფიკური სამუშაოების გამო, პროექტი ვადებში ოდნავ გაიწელა, რათა არ დაიკეტოს პარკი და არ მოხდეს ბუნებაში უხეში ჩარევა. მოხარული ვარ, რომ ჩვენი ქვეყნის ყველა რეგიონში ასეთი პროექტები ხორციელდება“, – განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა.
ინრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, უწყება სამცხე-ჯავახეთში სხვადასხვა დანიშნულების ინფრასტრუქტურულ პროექტებს ახორციელებს: მიმდინარეობს ბორჯომის ცენტრალური პარკის მშენებლობა; საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროექტები; კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე შენობა-ნაგებობების რესტავრაცია-რეაბილიტაციის სამუშაოები; დასრულების ეტაპზეა ახალციხის სპორტული კომპლექსის მშენებლობა.
უწყების ინფორმაციით, აქტიურ ფაზაშია ბორჯომის ისტორიული ცენტრალური პარკის რეაბილიტაციის პროექტი, ამ ეტაპისთვის ინტენსიური სამუშაოები მიმდინარეობს ყოფილი ბორჯომის ქარხნის კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე შენობაზე, რომელიც შესაბამისი წესების დაცვით რესტავრირდება. დასრულებულია თოკების ქალაქის ატრაქცია, მიმდებარე ტერიტორიაზე ეწყობა ინფრასტრუქტურა. პრომეთეს ძეგლის მიმდებარედ სრულდება გამწვანების სამუშაოები, ეწყობა სპორტული სივრცე. გეგმაშია პარკში ისეთი სივრცეების განვითარება, რომელიც ბორჯომის მოსახლეობას და სტუმრებს დასვენების და დროის ხარისხიანად გატარების პირობებს შესთავაზებს.
რეგიონში, ასევე, მიმდინარეობს 21 საბავშვო ბაღის მშენებლობა-რეაბილიტაციის პროექტი. ბორჯომსა და ახალციხეში უკვე დასრულდა 350 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღების რეაბილიტაცია.
ქალაქებისა და კურორტების განვითარების პროგრამის ფარგლებში, ბორჯომში სამუშაოები ოთხ ქუჩაზე მიმდინარეობს, დაწყებულია სილამაზის და მტრედის ხიდის რეაბილიტაციისთვის მოსამზადებელი სამუშაოები.
ინფრასტრუქტურის მინისტრი გაეცნო ახალციხის სპორტული კომპლექსის მშენებლობას, რომელიც დასრულების ეტაპზეა. ამჟამად მიმდინარეობს სისტემების ტესტირება. სპორტკომპლექსის დასრულების შემდეგ ადგილობრივი მოსახლეობა ისარგებლებს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ინფრასტრუქტურით.
სამშენებლო სამუშაოები ინფრასტრუქტურის მინისტრმა მოადგილეებთან, სამინისტროს თანამშრომლებთან და სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან ერთად მოინახულა.