GUARDIANGE – აშშ-ის ცენტრალური სარდლობა აცხადებს, რომ აშშ-ის ძალებმა ჰორმუზის სრუტესთან 16 ირანული დამნაღმველი გემი გაანადგურეს. სარდლობამ ასევე გაავრცელა ვიდეო, სადაც გემებზე დარტყმა ჩანს. ეს მოჰყვა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადრინდელ კომენტარს, სადაც მან განაცხადა, რომ ძალებმა სრუტეში 10 არააქტიური ირანული ნავი დაბომბეს. ტრამპმა ირანს მოუწოდა, არ „განათავსოს ნაღმები“ ჰორმუზის სრუტეში.
ნავთომზიდი გემების გავლა ჰორმუზის სრუტეში – მსოფლიოში ყველაზე დატვირთულ ნავთობგადაზიდვების არხში, სადაც მსოფლიო ნავთობის დაახლოებით 20% გადის – მნიშვნელოვნად შეფერხდა აშშ-ისრაელის ირანთან ომის ფონზე. აშშ-ის სადაზვერვო სააგენტოები ვარაუდობდნენ, რომ ირანი ემზადებოდა საზღვაო ნაღმების განლაგებისთვის ჰორმუზის სრუტეში.
ისრაელის თავდაცვის ძალები აცხადებენ, რომ მათ დაიწყეს დარტყმების „დამატებითი ტალღა“ თეირანში, ირანში მდებარე სამიზნეებზე, ხოლო არაბთა გაერთიანებული საამიროების განცხადებით, მათი თავდაცვითი სისტემები რეაგირებენ „სარაკეტო საფრთხეზე“.
BBC-ის კორესპონდენტი ჰელენა ჰამფრი ვაშინგტონიდან იუწყება, რომ ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლები გამარჯვების მტკიცედ დარწმუნებულები ჩანან და ყურადღება იმაზეა გადატანილი, თუ რა შეიძლება იყოს ამერიკის საბოლოო მიზანი ირანთან ომში.
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ X-ზე განცხადებაში „ირანის ხალხს“ მიმართა და მოუწოდა მათ, დაამხონ აიათოლას რეჟიმი და „მოიპოვონ თავისუფლება“.
„აიათოლაჰი აღარ არის და ვიცი, რომ თქვენ არ გსურთ მისი სხვა ტირანით ჩანაცვლება. ამიტომ, უნდა იმოქმედოთ. ჩვენ ვქმნით თქვენთვის სასურველ პირობებს“, – ნათქვამია განცხადებაში
ისრაელის პრემიერ-მინისტრი დასძენს, რომ ის პატივს სცემს ირანელი ხალხის სუვერენიტეტს და სურს, რომ მათ ზომები მიიღონ იმ დროს, როცა აშშ და ისრაელი ხელისუფლებაში მყოფი პირების დამხობას ცდილობენ.
„მომავალ დღეებში ჩვენ შევქმნით პირობებს, რათა თქვენ გაითავისოთ თქვენი ბედი“, – წერს ის და მოგვიანებით დასძენს: „როდესაც შესაფერისი დრო დადგება, და ეს დრო სწრაფად ახლოვდება, ჩვენ ჩირაღდანს თქვენ გადმოგცემთ“.
ირანი დარტყმების ახალ ტალღას იწყებს
ბოლო რამდენიმე საათის განმავლობაში ირანმა ახლო აღმოსავლეთში ისრაელისა და აშშ-ის სამიზნეების წინააღმდეგ დარტყმების ახალი ტალღა დაიწყო.
AFP-ის ცნობით, ირანის სახელმწიფო მედიამ განაცხადა, რომ ეს დაბომბვა კონფლიქტის დაწყებიდან „ყველაზე ინტენსიური და უმძიმესი“ იყო.
ისრაელი აცხადებს, რომ მან ირანიდან გაშვებული რაკეტები აღმოაჩინა, თუმცა მოგვიანებით დასძინა, რომ თავშესაფრების დატოვება მოქალაქეებისთვის უსაფრთხო იყო.
საუდის არაბეთმა განაცხადა, რომ მან ჩამოაგდო და გაანადგურა ორი დრონი, რომლებიც ნავთობის საბადოსკენ მიემართებოდნენ.
სირენების ხმა ასევე გაისმა ბაჰრეინში, სადაც აშშ-ის საზღვაო ძალების მეხუთე ფლოტის შტაბ-ბინაა განთავსებული.
ამასობაში, ლიბანში, ისრაელის საჰაერო დარტყმების შედეგად იძულებით გადაადგილებულმა ოჯახებმა თავი სკოლებს, სტადიონებსა და სხვა საზოგადოებრივ შენობებს შეაფარეს.
ნავთობის ფასები სტაბილურია, აზიის აქციები კი აღმავლობას განაგრძობს
როგორც BBC იტყობინება, აზიაში ვაჭრობა დაიწყო და ოთხშაბათ დილით ნავთობის ფასები ძირითადად უცვლელია ბოლო დღეების განმავლობაში დიდი ცვალებადობის შემდეგ.
აშშ-ში ნავთობის ფასი ამჟამად ბარელზე 83.35 აშშ დოლარი (62.06 ფუნტი სტერლინგი) ღირს, ხოლო ბრენტის ფასი დაახლოებით 87.88 აშშ დოლარი იყო. ორივე ნავთობის ფასი ორშაბათს თითქმის 120 დოლარამდე ავარდნის შემდეგ დაეცა, თუმცა ომის დაწყებამდე არსებულ ფასებზე მაინც გაცილებით მაღალია.
საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს (IEA) წევრები ასევე განიხილავენ ნავთობის მარაგების პოტენციურად გამოთავისუფლების გეგმას ფასების შესამცირებლად, თუმცა გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული.
აზიის საფონდო ბირჟებმა ასევე განაგრძეს აღდგენა ოთხშაბათს ადრეული ვაჭრობაისას.
სამხრეთ კორეის Kospi ინდექსი 2.5%-ით, ხოლო იაპონიის Nikkei 225 თითქმის 2%-ით გაიზარდა.


