სტამბოლში მოლაპარაკებები დაგეგმილი იყო, როგორც მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომელიც ჩვენი ძალისხმევის შედეგად საბოლოოდ გახსნიდა მშვიდობის კარს, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა რუსეთისა და უკრაინის დელეგაციების შეხვედრის შეფასებისას განაცხადა.
კითხვაზე, თუ რა ფაქტორებმა განაპირობა, რომ რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინსა და უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შორის სტამბოლში დაგეგმილი შეხვედრა არ შედგა და რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას პროცესის დადებით წერტილამდე მისაყვანად, ერდოღანმა უპასუხა, რომ „ეს არ არის მდგომარეობა, რომელიც ჩვენ მიერაა გამოწვეული“.
„როდესაც ვუყურებთ, ვინ არიან აქ აქტიური ლიდერები, ბატონი პუტინი არის მნიშვნელოვანი წამყვანი მოქმედი პირი, ბატონი ტრამპიც ასევე წამყვანი მოქმედი პირია, ბატონი ზელენსკიც. სტამბოლში ორი ქვეყნის დელეგაციების შეკრება უაღრესად მნიშვნელოვანია 2022 წლის 24 თებერვალს დაწყებული ომის დასასრულებლად და რეგიონში მშვიდობის დასამყარებლად. დასაწყისიდანვე ინტენსიურად ვცდილობთ ომის დასრულებას. ეს შეხვედრა დაგეგმილი იყო, როგორც მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომელიც ჩვენი ძალისხმევის შედეგად საბოლოოდ გახსნიდა მშვიდობის კარს. თურქეთი იბრძვის სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობისთვის. ჩვენ არ ვამბობთ მხოლოდ – „დაასრულეთ ომი“, ჩვენ ასევე ვთავაზობთ მეთოდებს, ვამზადებთ ნიადაგს და ვაკეთებთ მოწოდებებს ამისთვის. პირველ რიგში, იმისათვის, რომ ომი დასრულდეს, იარაღი უნდა დადუმდეს და დიპლომატიამ უნდა ილაპარაკოს“, – განაცხადა თურქეთის ლიდერმა.
მისი თქმით, სამშვიდობო მოლაპარაკებები უნდა დაიწყოს.
„ეს შესაძლებლობა არ უნდა გაუშვან ხელიდან. შეუძლებელია ამ ომის იარაღით დასრულება. ჩვენი უდიდესი სურვილია სამშვიდობო მოლაპარაკებებიდან საბოლოო შედეგის მიღება. შესაბამისად, ჩვენ გადაწყვეტილი გვაქვს, გავაგრძელოთ შუამავლის როლი ამ ომის დასასრულებლად. ჩვენ ყველა ძალისხმევას მივმართავთ, რომ მხარეებს შორის დიალოგის არხები ღია დარჩეს და მოლაპარაკებები გაგრძელდეს“, – განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.