GUARDIANGE – აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი შობას ულოცავს „ჩინეთის შესანიშნავ ჯარისკაცებს“, რომლებიც უკანონოდ ოპერირებენ პანამის არხს, „კანადის გუბერნატორ ჯასტინ ტრუდოს“ და „გრენლანდიელ ხალხს“.
სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში, ტრამპი შეახსენებს ჩინეთს, რომ 110 წლის წინათ, პანამის არხის ასაშენებლად შეერთებულმა შტატებმა 38,000 ადამიანი დაკარგა.
„გილოცავთ შობას ყველას, მათ შორის ჩინეთის შესანიშნავ ჯარისკაცებს, რომლებიც სიყვარულით, მაგრამ უკანონოდ მართავენ პანამის არხს (სადაც 110 წლის წინათ, მის ასაშენებლად 38,000 ადამიანი დავკარგეთ), ყოველთვის უზრუნველყოფენ, რომ შეერთებული შტატები მილიარდობით დოლარს ხარჯავდეს „შეკეთებისთვის“, თუმცა აბსოლუტურად არანაირი სიტყვა ეთქმოდეს „არაფრის“ შესახებ;
ასევე, კანადის გუბერნატორ ჯასტინ ტრუდოს, რომლის მოქალაქეების გადასახადები ძალიან მაღალია, მაგრამ კანადა თუ ჩვენი 51-ე შტატი გახდება, მათი გადასახადები 60%-ზე მეტით შემცირდება, მათი ბიზნესები მაშინვე გაორმაგდება და ისინი სამხედრო თვალსაზრისით ისე იქნებოდნენ დაცული, როგორც არც ერთი სხვა ქვეყანა მსოფლიოში;
ასევე, გრენლანდიელ ხალხს, რომელიც შეერთებულ შტატებს ეროვნული უსაფრთხოების მიზნებისთვის სჭირდება და, რომელთაც სურთ, რომ აშშ იქ იყოს, და ჩვენც ვიქნებით!“- წერს ტრამპი.
იგი, კიდევ ერთი განცხადებით, შობას „რადიკალ შეშლილ მემარჯვენეებს“ ულოცავს.
„შობას ვულოცავ რადიკალ შეშლილ მემარჯვენეებს, რომლებიც გამუდმებით ცდილობენ ჩვენი სასამართლო სისტემისა და არჩევნების შეფერხებას და დევნიან შეერთებული შტატების დიად მოქალაქეებსა და პატრიოტებს, განსაკუთრებით მათ პოლიტიკურ ოპონენტს – მე. მათ იციან, რომ მათი გადარჩენის ერთადერთი გზა არის შეწყალება იმ ადამიანისგან, რომელმაც არ იცის, რას აკეთებს. ასევე, იმ 37 ყველაზე ძალადობრივ კრიმინალს, რომლებმაც მოკლეს, გააუპატიურეს და გაძარცვეს ისე, როგორც მანამდე თითქმის არავის უქნია ეს, მაგრამ მძინარა ჯო ბაიდენმა ისინი შეიწყალა. უარს ვამბობ ამ იღბლიან „სულებს“ შობა მივულოცო და სანაცვლოდ ვეტყვი – ჯანდაბამდე გზა გქონიათ. ჩვენ გვქონდა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში უდიდესი არჩევნები, ახლა აშშ-ის თავზე კაშკაშა შუქი ანათებს და 26 დღეში ჩვენ ამერიკას კვლავ დიდებულს გავხდით. გილოცავთ შობას!“ – წერს ტრამპი.
პანამის არხის შესახებ
ტრამპმა პანამის არხზე კონტროლის დაბრუნების სურვილი რამდენიმე დღის წინ გამოხატა და თქვა, რომ ატლანტისა და წყნარი ოკეანეების დამაკავშირებელ სატრანსპორტო არხზე გასასვლელად აშშ-ის გადამზიდავებს „სასაცილო“ და უსამართლო გადასახადები ეკისრებათ.
„ჩვენს საზღვაო ძალებს და კომერციულ გემებს ეპყრობოდნენ ძალიან უსამართლოდ და არაკეთილსინდისიერად. პანამის მიერ დაწესებული გადასახადები სასაცილოა, უკიდურესად უსამართლო, განსაკუთრებით იმ არაჩვეულებრივი კეთილშობილების ფონზე, რომელიც პანამას უბოძეს. ეს შეჩერდება. შეერთებულ შტატებს დიდი ინტერესი აქვს პანამის არხის უსაფრთხო, ეფექტური და საიმედო ფუნქციონირების თვალსაზრისით. თუ არ იქნება დაცული ამ დიდსულოვანი ჟესტის პრინციპები, როგორც მორალური, ისე იურიდიული, მაშინ ჩვენ მოვითხოვთ პანამის არხის დაბრუნებას ამერიკის შეერთებული შტატებისთვის სრულად, სწრაფად და კითხვის გარეშე”, – განაცხადა ტრამპმა.
აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის განცხადებას პანამის პრეზიდენტმა, ხოსე რაულ მულინომ მთელი სიმკაცრით უპასუხა და თქვა, რომ პანამის არხი და მისი მიმდებარე ზონა პანამელთა ექსკლუზიური მემკვიდრეობაა და არაფრის დიდებით არ აპირებს მის დათმობას.
„პანამის არხის და მისი მიმდებარე ზონის ყოველი კვადრატული მეტრი ეკუთვნის პანამას და ასე გაგრძელდება. ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობაზე მოლაპარაკება შეუძლებელია”, – განაცხადა პანამის პრეზიდენტმა.
შეერთებულმა შტატებმა პანამის არხი 1900-იანი წლების დასაწყისში ააშენა – მის სანაპიროებს შორის კომერციული და სამხედრო გემების ტრანზიტის გასაადვილებლად.
ვაშინგტონმა პანამის არხზე კონტროლი 1999 წლის 31 დეკემბერს დათმო, 1977 წელს პრეზიდენტ ჯიმი კარტერის მიერ ხელმოწერილი ხელშეკრულების საფუძველზე.