GUARDIANGE – ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ოვალურ ოფისში „NBC News“-ის ჟურნალისტს გაბრაზებულმა უწოდა „საშინელი რეპორტიორი“ და „სირცხვილი“ იმის გამო, რომ ჟურნალისტმა მას კატარის მიერ პრეზიდენტისთვის ნაჩუქარი თვითმფრინავის შესახებ დაუსვა შეკითხვა.
როდესაც ტრამპი კითხვებს პასუხობდა სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტთან, სირილ რამაფოზასთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე, NBC News-ის ჟურნალისტმა, პიტერ ალექსანდერმა სცადა პრეზიდენტზე ზეწოლა პენტაგონის მიერ კატარის ნაჩუქარი 400 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების თვითმფრინავის, როგორც Air Force One-ის გამოყენების შესახებ დასმული კითხვით.
ტრამპმა გაბრაზებით უპასუხა კითხვას, რომლის ბოლომდე დასმის საშუალებაც არ მიეცა ჟურნალისტს და NBC-ის მშობელ კომპანია Comcast-ის საქმეების გამოძიებით დაემუქრა.
„რაზე ლაპარაკობთ? თქვენ გასაძევებელი ხართ აქედან“, – თქვა ტრამპმა. „რა კავშირი აქვს ამას კატარის თვითმფრინავთან?“
აშშ-ის პრეზიდენტმა განაგრძო ჟურნალისტის გაკიცხვა და დასძინა, რომ იგი ცდილობდა „თემიდან გადახვევას“.
უილიამ ფლაუმენის ფოტოზე: NBC News-ის ჟურნალისტი პიტერ ალექსანდერი
ტრამპი არაერთხელ გაუბრაზდა მათ, ვინც კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა მისი ადმინისტრაციის გადაწყვეტილება თვითმფრინავის მიღების შესახებ, რამაც გააღიზიანა ყველა, სენატის უმცირესობის ლიდერ ჩაკ შუმერიდან დაწყებული მემარჯვენე შეთქმულების თეორეტიკოს ლორა ლუმერით დამთავრებული.
აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ საჩუქარი შეესაბამებოდა კონსტიტუციურ დებულებებს, რადგან ეს იყო საჩუქარი მთავრობისთვის და არა პირდაპირ ტრამპისთვის და რომ ტრამპი ამ საჰაერო ხომალდით არ იფრენდა მას შემდეგ, რაც მის მიერ თანამდებობის დატოვებამდე ცოტა ხნით ადრე საჩუქარი თავის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკას გადაეცემოდა.
„თქვენ ნამდვილად ხართ, თქვენ იცით, თქვენ საშინელი რეპორტიორი ხართ”, – შესძახა ტრამპმა ალექსანდერს. „პირველ რიგში, თქვენ არ გაქვთ ის, რაც რეპორტიორად გაქცევდათ. თქვენ არ ხართ საკმარისად ჭკვიანი.”
„მაგრამ თქვენ რომ იცოდეთ ეს თემა, რომელსაც შეეხეთ, რაც ეხება თვითმფრინავს, რომელიც გადაეცა შეერთებული შტატების სამხედრო-საჰაერო ძალებს, რაც ძალიან კარგია, ისინი ასევე 5.1 ტრილიონი დოლარის ინვესტიციას დებენ თვითმფრინავის გარდა“, – უთხრა ტრამპმა ჟრნალისტს და განაგრძო: „თქვენ უნდა დაბრუნდეთ თქვენს სტუდიაში, NBC-ში, რადგან [კომკასტის აღმასრულებელი დირექტორი] ბრაიან რობერტსისა და იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც ამ ადგილს მართავენ, გამოძიება უნდა ჩატარდეს“.
ტრამპის ადმინისტრაციამ იანვრიდან მოყოლებული არაერთი მედია საშუალება ამოიღო მიზანში.
კომუნიკაციების ფედერალურმა კომისიამ, რომელსაც ტრამპის მიმდევარი ბრენდან კარი მართავს, გამოძიება დაიწყო ტრამპის მტრების – ABC-ისა და NBC-ის წინააღმდეგ მრავალფეროვნების, თანასწორობისა და ჩართულობის პოლიტიკის გამო.
ტრამპის უკმაყოფილება გამოიწვია ასევე „CBS-ის 60 წუთის“ ინტერვიუმ კამალა ჰარისთან, რომლის გამო ტრამპმა ქსელს უჩივლა და 20 მილიარდი დოლარის მიღება მოითხოვა.
ტრამპმა განაგრძო NBC-ის, ABC-ის და CBS-ის ლანძღვა და დაიჩივლა, რომ მათ არ გააშუქეს ის, რაც მისი თქმით იყო „გენოციდი“ თეთრი ფერმერებისა სამხრეთ აფრიკაში. რამაფოზა ტრამპის პრეტენზიებს მთელი პრესკონფერენციის განმავლობაში უარყოფდა.
„ახალი ამბები რომ არ ყოფილიყო ყალბი, როგორც NBC, რომელიც ყალბი ამბებია, ABC, NBC, CBS, ყველა საშინელია, მაგრამ ეს რომ არ ყოფილიყო ყალბი ამბები, როგორც ეს სულელი, რომელიც აქ არის, ნამდვილი ჟურნალისტები რომ გვყოლოდა, ისინი ამას გააშუქებდნენ, მაგრამ ყალბი ამბები ამ ქვეყანაში ამაზე არ საუბრობს“, – განაცხადა ტრამპმა.
მას შემდეგ, რაც ტრამპმა ალექსანდერს კვლავ „იდიოტი“ უწოდა, თვითმფრინავის თემის წამოწევის გამო, რამაფოზამ მოგვიანებით ხუმრობით ბოდიში მოუხადა ტრამპს იმისათვის, რომ საკუთარი უფასო თვითმფრინავით არ ჩაფრინდა ვაშინგტონში. „სამწუხაროა, რომ თვითმფრინავი არ მაქვს, რომ მოგცეთ“, – თქვა სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტმა.
მაგრამ ტრამპმა, რომელსაც უყვარს საჩუქრების მიღება უცხოელი ლიდერებისგან, თქვა, რომ ის სიამოვნებით მიიღებდა ასეთ ჟესტს.
„ვისურვებდი, რომ ასე ყოფილიყო, მე მივიღებდი“, თქვა ტრამპმა. „თუ თქვენი ქვეყანა აშშ-ის საჰაერო ძალებს თვითმფრინავს შესთავაზებდა, მე მივიღებდი მას“.
„კარგი“, – უპასუხა რამაფოზამ, სანამ საუბრის სხვა თემაზე გადატანას შეეცდებოდა.
მომზადებულია GUARDIANGE-ის მიერ