პრემიერ-მინისტრთან ბიზნესმენების შეხვედრაზე მე ვთქვი, რომ შენ თუ თავიდან პირველი ნაწილის არ გჯერა, რომ საქართველოსგან მოითხოვდნენ რუსეთ-უკრაინის ომში ჩაბმას, მაშინ ყველაფერი სხვა არის საგიჟეთი, მერე ყველანაირი მოქმედება, რაც „ქართულმა ოცნებამ“ გააკეთა, არაფერში არ ჯდება – მთელ დასავლურ სამყაროს შეასკდა, ყველა გადაიმტერა, მთელი მსოფლიო მოგვიტრიალდა და ჩვენ გვაგინებდა, ეს არაფერში არ ჯდება თუ იმ პირველი ნაწილის არ გჯერა და ეგ ვთქვი მე, – ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ მფლობელმა ირაკლი რუხაძემ „იმედის“ ეთერში განაცხადა.
მან თქვა: „მე პრემიერს ვუთხარი: ისტორია, რომელსაც თქვენ ყვებით არის რთული. ის, რომ ჩვენ გულისყურით გისმენდით და არ გაწყვეტინებდით, არ უნდა გადაითარგმნოს იმაში, რომ ან ყველას გვესმის რეალურად, რასაც გვიყვებით – ვინაიდან ძალიან ბევრი ნიუანსია – ან ყველანი ვეთანხმებით. ჩვენ, უბრალოდ პატივისცემით გისმენდით და არ გაწყვეტინებდით, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ამას ამ ოთახში ყველა ეთანხმება მას“.
„ისტორია მოკლედ რომ მოვყვეთ, არის შემდეგი: უკრაინაში დაიწყო ომი, ამ ომის დროს საქართველოს სთხოვეს ომში ჩართვა, სხვადასხვა ინტერპრეტაცია შეიძლება ჰქონდეს იმას, როგორ და რანაირად უნდა ჩავრთულიყავით და საქართველომ უარი თქვა ამ ომში ჩართვაზე და უარი თქვა ძალიან დიდი სანქციების დაწესებაზე… ამას მოჰყვა ძალიან დიდი ტალღა, ცუნამი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ დასავლეთის ქვეყნებისგან, რომლებიც იმ დროს აწარმოებდნენ ომს რუსეთის წინააღმდეგ, ეხმარებოდნენ უკრაინას აქტიურად ფინანსურად, იარაღით და ა.შ.
ეს იყო ამ ისტორიის დასაწყისი. ამის მერე, რაც ხდება, იყო, რომ საქართველო ფართხა-ფურთხით შეგვაგდეს და გვითხრეს, რომ შემოიტანეთ განცხადება ევროკავშირის კანდიატობაზე, მანამდე, ომის დაწყებამდე საქართველოს გვეუბნებოდნენ, რომ არ მოხვიდეთ, თქვენ წინ სხვა ქვეყნებია და რამდენიმე წელი არ მოხვიდეთ, არ დაგველაპარაკოთო და ომი რომ მოხდა და საქართველო “ცუდად მოიქცა”, უცებ დაგვაჯილდოვეს და გვითხრეს, მოდით, ხალხო, მანამდე თუ გვეუბნებოდით, არ მოხვიდეთ და ჯერ ვერ განვიხილავთ, მოდი ახლა სწრაფად განვიხილავთ ამ თქვენს განაცხადს. ამას მოყვა ის, რომ როგორც ბევრი ელოდა, ჩვენ უარი გვითხრეს…
… ისტორიას ვყვები დაახლოებით, რაც პრემიერმა მოყვა და მერე ხდება კანონი, კანონის მოტრიალება, სხვადასხვა რაღაცეები, მერე არჩევნები, გაყალბდა-არ გაყალბდა და ა.შ. ეს არის საკმაოდ რთული და გრძელი ისტორია, რომელიც მოყვა პრემიერმა… მერე მე ვთქვი, რომ შენ თუ თავიდან პირველი ნაწილის არ გჯერა, რომ საქართველოსგან მოითხოვდნენ ამ ომში ჩაბმას, მაშინ ყველაფერი სხვა არის საგიჟეთი, მერე ყველანაირი მოქმედება, რაც „ქართულმა ოცნებამ“ გააკეთა, არაფერში არ ჯდება – მთელ დასავლურ სამყაროს შეასკდა, ყველა გადაიმტერა, მთელი მსოფლიო მოგვიტრიალდა და ჩვენ გვაგინებდა, ეს არაფერში არ ჯდება თუ იმ პირველი ნაწილის არ გჯერა და ეგ ვთქვი მე“, – განაცხადა რუხაძემ.
მან ასევე აღნიშნა, რომ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს უთხრა, რომ შესაძლებელია, პრეზიდენტად უფრო უკეთესი ყოფილიყო უფრო გამაერთიანებელი ადამიანი ყოფილიყო არჩეული, განსაკუთრებით ისეთი, რომელიც დასავლეთთან უფრო კონსტრუქციულად იმუშავებდა.
„ვთქვი, რომ მე თუ მკითხავთ, ბევრად უკეთესი იქნებოდა, იმისდა მიუხედავად, რომ მე ბატონ ყაველაშვილს არ ვიცნობ და მხოლოდ კარგი გამიგია მასზე და შეიძლება, ფანტასტიკური კანდიდატია და იმედი მაქვს, რომ ყველას ძალიან გაგვაკვირვებს და ბედნიერები ვიქნებით ოთხი თუ ხუთი წლის შემდეგ, რომ ეს კაცი იყო არჩეული.
შესაძლებელია, უფრო უკეთესი ყოფილიყო ვინმე უფრო გამაერთიანებელი ადამიანი ყოფილიყო არჩეული, განსაკუთრებით ისეთი ადამიანი, რომელიც დასავლეთთან უფრო კონსტრუქციულად იმუშავებდა, ვიდრე „ხალხის ძალა“, ესეც ვთქვი. როცა ამხელა ეგზისტენციური საფრთხეების წინ ვართ, ბევრად უფრო მეტი ყურადღება მართებს მმართველ პარტიას, რას და როგორ გააკეთებს“, – განაცხადა რუხაძემ.
მან ასევე აღნიშნა, რომ შეხვედრაზე ურთიერთპატივისცემა იყო მთავრობასა და ბიზნესს შორის.
„შეუძლებელია ასე არ იყოს, რადგან ჩვენ ვართ წარმოუდგენელი ეკონომიკური აქტიურობის პერიოდში, იმ ოთახში ვინც იჯდა, ეს სიკეთე თავიანთ კომპანიებზე იგრძნეს. იქ იყო ძალიან ბევრი ადამიანი, რომელსაც მიაჩნია, რომ მთავრობა სწორ მხარეს დგას, რომელსაც რა თქმა უნდა მეც ვეკუთვნი“, – თქვა რუხაძემ და დაამატა: „მოდი ახლა მე რადგან არ მომწონს – ახლიდან არჩევნები ჩავატაროთ, მოდი ახლა მე რაღაცას გესვრი, შევვარდები მაღაზიაში, რაღაცას მოვიპარავ და დავწვავ – ეს ჩვენი უფლება არ არის, ეს არის დემოკრატიის თამაშის წინააღმდეგ წასვლა“.
ბიზნესმენების ერთი ნაწილი პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს 23 დეკემბერს მთავრობის ადმიისტრაციაში შეხვდა.