Friday, December 13, 2024
5.8 C
Tbilisi

მოდეგამის საჯარო სკოლა 100 წლისაა – „შესაძლოა, ჩემი მისია სოფელში დარჩენა იყო, რომ რაღაც გამეკეთებინა ამ სოფლისთვის“ – დირექტორი ოგანეს ჩახალიანი

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ მოდეგამის საჯარო სკოლას 100 წელი შეუსრულდა. საქართველოს გასაბჭოებიდან 3 წელიწადში, 1924 წელს ახალქალაქის რაიონის სოფელ მოდეგამში, ერთ-ერთ ყველაზე მაღალმთიან და იმ დროისთვის მიუვალ სოფელში, ეთნიკურად სომეხი ეროვნების მოქალაქეებით დასახლებულ ადგილას, კომუნისტებმა სომხურენოვანი სკოლა დაარსეს, რომელიც დღემდე ფუნქციონირებს.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ მოდეგამის საჯარო სკოლის დირექტორი ოგანეს ჩახალიან
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ მოდეგამის საჯარო სკოლა

მოდეგამის სკოლას 30 წელია, რაც სათავეში უდგას ბატონი ოგანეს ჩახალიანი, რუსული ენისა და ლიტერატურის უფროსი მასწავლებელი, რომელსაც ვკითხეთ, თუ რა ინფორმაციას ფლობს ამ სკოლის გახსნაზე, რა სირთულეები ახლდა სკოლის ფუნქციონირებას, როგორ მოვიდა დღევანდელ დღემდე სკოლა და რამდენად დიდია საუკუნოვანი ისტორიის მქონე სკოლის ხელმძღვანელობის პასუხისმგებლობა?

„ერთ-ერთი იშვიათი შემთხვევაა, რომ 1924 წელს, როდესაც საქართველო ახალი გასაბჭოებული იყო, ასეთ უკიდურესად შორეულ სოფელში სკოლა გაიხსნა. რაც შეეხება სკოლის გახსნას, ამის შესახებ მე ჩემი წინაპრებისაგან ვიცი, ხანდაზმულებისგან. ისინი ჩვენ გვიყვებოდნენ, რომ სოფელ კარწახში, ჩვენივე მუნციპალიტეტში, თურქეთის საზღვართან მდებარე სოფელია, სამხედრო დანიშნულების შენობა იდგა და საქართველოს გასაბჭოების შემდეგ, ეს შენობა დაშალეს და ნაშალი მასალები მოიტანეს აქ და სოფელ კოთელიაში.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელი მოდეგამი

„თავდაპირველად მოდეგამში, ჩვენს სოფელში, მცირე ზომის სკოლა ააშენეს, ორი საკლასო ოთახი და სამასწავლებლო და დაიწყეს ამ მაღალმთიან სოფელში ახალგაზრდებისთვის ანბანის სწავლება. ეს იყო 1924 წელს, ზუსტად ერთი საუკუნის წინათ. ამ სკოლის აღზრდილნი არიან ის პედაგოგები, რომლებიც ახლა აქ ასწავლიან და არა მარტო ისინი. ძალიან ბევრია ისეთი, რომელიც სხვაგან წავიდა საცხოვრებლად, სომხეთში თუ რუსეთში. საბჭოთა პერიოდშიც ასე იყო, აქედან სასწავლებლად წასულები შემდეგ ხშირად რჩებოდნენ იქ და ბევრი ჩვენი თანასოფლელი, რომელთაც მოდეგამის სკოლა დაამთავრეს, წარმატებულია, ზოგი დოქტორია, დოცენტია, ბიზნესმენია, სხვა მიმართულებით მუშაობენ.

„გასული საუკუნის 90-იანი წლების შემდეგაც ბევრი წავიდა და მათი დიდი ნაწილი რუსეთში ცხოვრობს. ბევრი კარგი ადამიანი და სპეციალისტი ჰყავს აღზრდილი ჩვენს სკოლას. მე უკვე 30 წელია დირექტორი ვარ ამ სკოლის, ეს დიდი პასუხისმგებლობაა, დიდი პასუხისმგებლობაა თაობების წინაშე. ახლა თქვენ რომ უყურებთ აქ მომავალი თაობის წარმომადგენლებს, წლების შემდეგ ისინი თუკი წარმატებული ადამიანები გახდებიან, მე არ ველოდები, რომ ისინი მადლობას მეტყვიან, მაგრამ აქ ეს არაა მთავარი, მთავარია ისინი წარმატებული გახდნენ, კარგი მოქალაქეები იყვნენ და მე და ჩვენს პედაგოგებს თუ არ ეტყვიან მადლობას, ეგ არაფერი. მაგრამ აქ თუკი მათგან ვინმე სკოლაში სწავლის პერიოდში ცუდ რამეს ჩაიდენს, ეს მთელი ცხოვრება დაგვამახსოვრდება. მე არ მინდა ჩვენს რომელიმე მოსწავლეს ცუდად დაამახსოვრდეს აქ გატარებული წლები.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ მოდეგამის საჯარო სკოლის დირექტორი ოგანეს ჩახალიანი პედაგოგებთან და მოსწავლეებთან ერთად

„რაც შეეხება იუბილეს, ჩვენ თავმდაბლად აღვნიშნეთ 100 წლის იუბილე. პედკოლექტივი მცირე, მხოლოდ 7 მასწავლებელია და მოსწავლეთა რაოდენობაც მცირე, მხოლოდ 8 და რაც ჩვენ შეგვეძლო ადამიანური რესურსის შესაბამისად, იმის მიხედვით აღვნიშნეთ ეს დღე. უფრო ფართოდ, პომპეზურად რომ აღგვენიშნა, ამისათვის უნდა მოგვეწვია ჩვენი თანამემამულეები, რომლებიც ან რუსეთში ან სომხეთში ცხოვრობენ და სექტემბრის თვეში ვერ მოხერხდებოდა, რადგან ყველა თავის საქმეშია ჩართული.

დაბლა ფოტოებზე იხილეთ მოდეგამის საჯარო სკოლის მოსწავლეების სექტემბერში გამართული ღონისძიება – ვულოცავთ 100 წლის იუბილეს ჩვენს საყვარელ სკოლას (აღნიშნული ზეიმის ფოტომასალა რედაქციას სკოლამ მიაწოდა)

ამასთან, ოქტომბრის ბოლოს სოფლის დღეც აღინიშნა, რისთვისაც ბევრი ადამიანი ჩამოვიდა სომხეთიდან და რუსეთიდან. სამწუხაროდ, მე ვერ შევძელი დასწრება ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, არადა შეიძლებოდა გარკვეული ღონისძიების მოწყობაც, მაგრამ, მცირეკონტინგენტიანი სკოლის ფაქტორიდან გამომდინარე, ცოტა ძნელია ამის გაკეთება. არადა იყო წლები, როდესაც სკოლაში 50-დან 60 მოსწავლემდე გვყავდა, მაგრამ მიგრაციის და შობადობის შემცირების გამო, თანდათან შემცირებისკენ წავიდა და პატარა სკოლად და კოლექტივად ვიქეცით.  

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ მოდეგამის საჯარო სკოლის დირექტორი ოგანეს ჩახალიან

შეკითხვაზე, როგორ შეაფასებდა თავის როლს დირექტორის თანამდებობაზე 30-წლიანი მოღვაწეობის განმავლობაში, რა მიღწევები აქვს სკოლას, რა შეძლო და რა ვერ შეძლო მან ამ პერიოდში? – ოგანეს ჩახალიანმა უპასუხა, რომ იგი თავისი შესაძლებლობის ფარგლებში მაქსიმალურად შეეცადა სკოლის ინფრასტრუქტურის განვითარებას და მოსწავლეების და მასწავლებლებისთვის ხელსაყრელი სასწავლო გარემოს შექმნას.

„ბუნებით თავმდაბალი ადამიანი ვარ, საკუთარი თავის ქება არ მიყვარს, უბრალოდ მინდა გითხრათ ერთი რამ. თუკი ადამიანი საქმისადმი გულანთებულია, მნიშვნელობა არ აქვს სად მუშაობს, მან თავისი მაქსიმალური უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ არა მხოლოდ მისთვის, არამედ გარშემო მყოფთათვის სიკეთე აკეთოს, შექმნას ისეთი ატმოსფერო, რომ ყველას ნორმალური მუშაობის საშუალება მიეცეს, რომ ყველას უნდოდეს მუშაობა.

„რაც შემეხება მე, ერთი პერიოდი, სკოლის დირექტორის პოსტზე მუშაობის პარალელურად, ახალქალაქის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოში დეპუტატად ვიყავი არჩეული და მაშინ სასმელი წყალი შემოვიყვანე სოფელში. 130 წელია, რაც ჩვენი სოფელი არსებობს და იმ დრომდე არ გვქონდა სასმელი წყალი ოჯახებში. მე გავუკეთე ორგანიზება ამ სამუშაოებს და აქედან საკმაოდ შორიდან, 11 კმ და 600 მეტრის მანძილიდან,  მთის ძირიდან შემოვიყვანეთ წყაროს წყალი, ეკოლოგიურად სუფთა მაღალი ხარისხის სასმელი წყალი და 2000 წლამდე, სანამ ამას შევძლებდით, სოფელში მხოლოდ ერთი ონკანი იყო, ამ სკოლის სიახლოვეს და იქ რიგები იდგა ქალების, ბავშვების და თანასოფლელები რიგ-რიგობით იღებდნენ სასმელ წყალს და ზოგიერთები, ვინც სოფლის განაპირას ცხოვრობდა, საკმაო მანძილზე ეზიდებოდნენ მას.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელი მოდეგამი

„2000 წლიდან ყველა ოჯახში, ყველა სახლში და არა მარტო სახლებში, ეზოებსა და ბაღებშიც უკვე შეყვანილია სასმელი წყალი. ადამიანებმა აიშენეს აბაზანები და უწყვეტად მიეწოდებათ უმაღლესი ხარისხის სასმელი წყალი. ხალხი ჩემ მიმართ მადლიერებას გამოხატავდა. თავს არ ვიქებ, მაგრამ ეს არის ფაქტი.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელი მოდეგამი, მაღლა მთა, საიდანაცაა წყალი შემოყვანილი

„რაც შეხება სკოლას, ამ შენობას ძნელად თუ დავარქმევდით სკოლას, არაფერი მას არ ჰქონდა, არც კარები, არც ფანჯრები, არც იატაკი, არც სახურავი. მთელ შენობაში ერთი ღუმელი იდგა და ის ათბობდა, თუ შეიძლება ამას ვუწოდოთ გათბობა, 9 საკლასო ოთახს, მაგრამ რაღაცნაირად გადავიტანეთ ეს წლები, გადავიტანეთ და თანთადან, თანდათან დავიწყეთ მდგომარეობის გამოსწორება. მაშინ სკოლის მომიჯნავედ კოლემურნეობის შენობა ფუნქციონირებდა და მათი დახმარებით ცოტა ამოვისუნთქეთ.

„წარმოიდგინეთ, სკოლას იატაკი არ ჰქონდა, სახურავიდან წყალი ჩამოდიოდა და წვიმის დროს გარეთ ყოფნასა და საკლასო ოთახში ყოფნას შორის დიდი სხვაობა არ იყო, აქაც ლამის ისევე წვიმდა, როგორც გარეთ. იყო ასეთი პერიოდი. ღმერთმა არ ქნას, რომ ასეთი რამ ოდესმე განმეორდეს ან ჩვენს, ან ვინმეს ცხოვრებაში. ახლა კი რა შედარებაა, თავადაც უყურებთ, რომ სკოლის ინფრასტრუქტურა მოწესრიგებულია და ამაზე დაე სხვამ ისაუბროს.

„ჩემს მოღვაწეობას  რომ გადავხედო, ნებისმიერ სამუშაოზე ადამიანს შეიძლება რომ შეცდომები ჰქონდეს, ანდა ვერ განახორციელოს მისი გეგმები სრულად, შეიძლება ეს მოხდეს, მაგრამ მთავარია, რომ ადამიანმა კეთილსინდისიერად იმუშაოს და ბოლომდე დაიხარჯოს. ჩემი ხასიათი ასეთია, თუკი რაიმე სახის სამუშაოს ორგანიზებას ვახდენ, მე მუდამ მის ეპიცენტრში ვარ ჩემივე წილი შრომით, რომ სხვებმაც ნახონ, რომ მე გვერდიდან არ ვუყურებ პროცესს და არ ვარ გულხელდაკრეფილი. მე თავადაც უნდა ვიმუშაო, რომ სხვასაც იგივეს სურვილი გაუჩნდეს.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ მოდეგამის საჯარო სკოლის დირექტორი ოგანეს ჩახალიანი მოსწავლეებთან ერთად

„სკოლის იატაკი ჩემს მეგობრებთან ერთად გამოვცვალე.  თქვენ წარმოიდგინეთ, მანამდე მიწა იყო იტაკის ნაცვლად და წვიმის დროს ტალახი, საკლასო ოთახებზეა საუბარი. ბავშვები ასეთ მდგომარეობაში იყვნენ. პირველი, სახურავი გავაკეთეთ. სომხეთიდან დაგვეხმარნენ. მერე დავიწყეთ საკლასო ოთახების რემონტი, მოწესრიგებულია სველი წერტილები, ახლა დაგვრჩა კომპიუტერების ოთახი და ბიბლიოთეკა“, – განაცხადა ოგანეს ჩახალიანმა.  

დირექტორმა აღნიშნა, რომ მისთვის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა სკოლის მომიჯნავე მოზრდილი ფართის ბალანსზე აყვანა და მიერთება იყო, რაც წარმატებით განახორციელა, თუმცა ამ დრომდე ორი ოთახის – კომპიუტერების კაბინეტისა და ბიბლიოთეკის გარემონტების საკითხი არ არის გადაწყვეტილი და ოგანეს ჩახალიანი იმედს იტოვებს, რომ აღნიშნული პრობლემა სავარაუდოდ, 2025 წელს გადაიჭრება.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ მოდეგამის საჯარო სკოლის მოსწავლეები
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ მოდეგამის საჯარო სკოლის მოსწავლეები

„ეს შენობა, რომელიც ამჟამად სკოლის ბალანსზე ირიცხება, 1961 წელს აშენდა – კოლმეურნეობას ეკუთვნოდა და თავმჯდომარე, ბუღალტერი და სხვა თანამშრომლები მუშაობდნენ. ასევე, აქვე იყო ელექტრო წისქვილი, რომელიც უკვე აღარ ფუნქციონირებდა. ეს შენობა ნახევრად დარღვეული იყო და არ გვეძლეოდა უფლება, რომ სკოლისთვის მიგვეერთებინა. 2003-2004 წელს ახალქალაქის გამგეობის ქონების მართვის სამსახურის უფროსის, ბატონი თამაზ გვარამაძის დახმარებით, შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენის შემდეგ, შევძელით ამ შენობის სკოლის ბალანსზე აყვანა, დაახლოებით 150 კვ.მ.-ია, თან მზიანი, სამხრეთ-აღმოსავლეთის მხარეა და ოთახები თბილია ზამთარში, მზის ამოსვლისთანავე თბება, ეს დადებითი მხარეა, რადგან ზამთარი აქ მეტისმეტად მკაცრი და ყინვიანია.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ მოდეგამის საჯარო სკოლის დირექტორი ოგანეს ჩახალიან

„მინდა მადლობა ვუთხრა ისეთ ადამიანებს, როგორიც თამაზ გვარამაძეა, რომელიც კეთილსინდისიერად დაგვეხმარა, შენობა დაგვიკანონა და ეს ფართი სკოლის შემადგენელი ნაწილი გახადა. ახლა სკოლას საშუალება აქვს, რომ 65-მა მოსწავლემ ისწავლოს აქ. ამჟამად 8 საკლასო ოთახი გვაქვს.

„ახლა ჩვენი გეგმაა კომპიუტერების ოთახი და ბიბლიოთეკა გავარემონტოთ. კომპიუტერების ოთახში კედელს ბზარი აქვს, ავარიული არაა, მაგრამ მაინც გვინდა ხელახლა ავაშენოთ ეს კედელი და სრული რეაბილიტაცია განვახორციელოთ. უკვე პროექტირება, ხარჯთაღრიცხვა გაკეთებული გვაქვს და უახლოეს პერიოდში ექსპერტიზაზე გავა, რომ წარვუდგინოთ დოკუმენტები განათლების სამინისტროს ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს. შესაბამისი თანხა გვაქვს, რომ რემონტი ჩავატაროთ და აუცილებლად გავარემონტებთ ამ ორ ოთახს. დანარჩენი ინფრსატრუქტურა მოწესრიგებულია ჩვენი სახსრებით. ასევე, დავამონტაჟეთ უსაფრთხოების, ხანძარსაწინააღმდეგო თანამედროვე სისტემა, რომელიც ელექტროენერგიაზე მუშაობს, ნაცვლად აკუმულატორებისა.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ მოდეგამის საჯარო სკოლის დირექტორი ოგანეს ჩახალიან
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ მოდეგამის საჯარო სკოლის ბიბლიოთეკა
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ მოდეგამის საჯარო სკოლის ბიბლიოთეკა

„ცოტა ხსნის წინ განგაშის სიგნალი ჩაირთო, ბოლო ოთახში მოსწავლემ ღუმელის კარი გახსნა და მცირე ბოლი დადგა, და უმალვე ისეთი განგაშის სიგნალი ჩაირთო, ყველას შეეშინდა, ზოგს მიწისძვრა ეგონა, მე ვუთხარი არ შეშინებულიყვნენ, დერეფანში ეკრანი დგას, გამოვრთე და დაწყნარდა გარემო. ეს იყო გაფრთხილება, რომ შესაძლოა ხანძარი ყოფილიყო. არადა სკოლაში, ადრეულ წლებში, ხანძრის ორი შემთხვევა იყო, ცეცხლი შენობის სახურავზე გაჩნდა, ეს იყო იმ ხელოსნების ბრალი, რომლებმაც არასწორად დააყენეს ღუმელის გამავალი მილები. შემთხვევა საღამოს საათებში მოხდა, თუმცა ღმერთის წყალობით, ახალგაზრდებმა მალე შენიშნეს ხანძარი და მისი ჩაქრობა შეძლეს. ორჯერ იყო ასეთი შემთხვევა, 2006-2007 წელს და შემდეგ წლებში, თუმცა მნიშვნელოვანი ზარალის გარეშე გამოვედით და ჩვენი ძალებით შევძელით მდგომარეობის გამოსწორება, მას შემდეგ, საბედნიეროდ, მსგავსი რამ არ განმეორებულა“, – განაცხადა ოგანეს ჩახალიანმა.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ მოდეგამის საჯარო სკოლის დირექტორი ოგანეს ჩახალიანი ბიბლიოთეკაში

შეკითხვაზე – თქვენ წინა ინტერვიუში გვითხარით, რომ ნანობდით სოფელში დაბრუნებას. ახლა, როცა გზა კეთდება, გაზის შემოყვანის დაპირება არსებობს, ახლაც ასე ფიქრობთ?  – ოგანეს ჩახალიანმა უპასუხა, რომ მისი მისია ალბათ სოფელში დარჩენა და იმ საქმეების კეთება იყო, რაც მან თანასოფლელების დახმარებით შეძლო – სკოლის შენარჩუნება და რეაბილიტაცია, სოფლის სასმელი წყლით უზრუნველყოფა, გზისა და გაზის შეყვანის რეალური პერსპექტივის დადგომა.

„თუკი ვიტყვი, ვნანობ თუ არა, ამას უკვე აზრი არ აქვს, რადგან ცხოვრების 65 წელი გავიდა, წარსულს ვერ დააბრუნებ… დედაჩემის თხოვნა რომ არა, არ ვიცი რას ვიზამდი. თბილისში დავამთავრე უნივერსიტეტი, შემდეგ რუსეთში უდმურტიაში ვმსახურობდი ჯარში და იქ მთხოვეს უნივერსიტეტში მესწავლებინა რუსული ენა, რადგან არ ჰყავდათ სპეციალისტი, მთხოვეს მათ პედაგოგიურ ინსტიტუტში ლექტორი გავმხდარიყავი. დედაჩემისთვის ეს კატეგორიულად მიუღებელი იყო. მე ერთადერთი ბიჭი ვიყავი ოჯახში და უნდოდა, რომ უკან დავბრუნებულიყავი. არ ვიცი, იქ რომ დავრჩენილიყავი, რა გზას ვეწეოდი, ლექტორი ვიქნებოდი, ბიზნესმენი, მშენებელი თუ სხვა ვინმე, ვერ გეტყვით, ამის თქმა შეუძლებელია, მაგრამ ერთი რამ მტკიცედ მომყვება, ჩემი ხასიათი ასეთია, რომ სადაც არ უნდა ვმუშაობდე, ჩემი საქმე უნდა მიყვარდეს და ჩემ გარშემო მყოფები აფასებდნენ ამ სამუშაოს და თავადაც უყვარდეთ საქმე. ცუდია თუ კარგი ეს, დაე სხვამ განსაჯოს.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ მოდეგამის საჯარო სკოლის დირექტორი ოგანეს ჩახალიან

„შესაძლოა, ჩემი მისია სოფელში დარჩენა იყო, რომ რაღაც გამეკეთებინა ამ სოფლისთვის, შემენარჩუნებინა სკოლა, შემომეყვანა სასმელი წყალი, მომეთხოვა გზა და გაზი, და გზა უკვე აღდგენის პროცესშია, ბუნებრივი აირის შემოყვანასაც გვპირდებიან, მაგრამ ყოველთვის მოიძებნებიან ადამიანები, რომლებიც იტყვიან, რომ სულ ერთია, ეს ასე უნდა ყოფილიყო მაინც. ყოველთვის მოიძებნებიან ადამიანები, რომლებიც არაფრად ჩააგდებენ შენს გაკეთებულ საქმეებს, მაგრამ რაიმეს იმისათვის კი არ ვაკეთებ, რომ შექება დავიმსახურო, არამედ იმიტომ, რომ გულით მინდა სიკეთის კეთება. მაგრამ არიან სხვაგვარი ადამიანებიც, რომლებიც  ხედავენ შენს სიკეთეს. მაგალითად, როდესაც წყალი შემოვიყვანე სოფელში, ზოგიერთმა თქვა, რომ ამ სიკეთის სანაცვლოდ სახლამდე წყალს შემომიყვანდნენ, რაზეც უარი ვუთხარი და თანასოფლელებს განვუცხადე, რომ თუკი ის შევძელი, რომ თითქმის 12 კილომეტრიდან სოფლამდე შემომეყვანა სასმელი წყალი, როგორმე იმასაც შევძლებდი, რომ უკვე სოფელში არსებული მილიდან სახლამდეც მიმეყვანა.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელი მოდეგამი

„მაგრამ ერთი რამ უნდა ითქვას, ადამიანი მხოლოდ თავად ვერ შეძლებს მნიშვნელოვანი საქმეების კეთებას მარტო, თუკი გვერდით თანამდგომები არ ჰყავს. ერთი ცალკე აღებული ადამიანი თავისთავად ბევრ რამეს ნიშნავს, მაგრამ მას აუცილებლად სჭირდება თანამოაზრეები. ამ წლების განმავლობაში ჩემ გვერდით ძალიან კარგი ადამიანები იდგნენ, რომლებიც მეხმარებოდნენ, რომელთაც სჯეროდათ ჩემი და მომყვებოდნენ. ეს შეეხება პირველ რიგში სკოლას, რომელსაც ვხელმძღვანელობ უკვე, როგორც გითხარით, 30 წელიწადი. მადლობა ყველას, ვინც ჩემს ცხოვრებაში დახმარება გამიწია. იდგა საჭიროება, რომ გამომეცვალა ძველი სახურავი, ვთხოვე, მოვიდნენ და დამეხმარნენ, სხვა მიმართულებითაც დამეხმარნენ.

„ერიხ მარია რემარკი თავის ერთ-ერთ რომანში ამბობს, რომ ერთი ცალკე აღებული ჯარისკაცი თავისთავად რაღაცას ნიშნავს, მაგრამ როგორიც არ უნდა იყოს ეს ჯარისკაცი, ის მარტო ომს ვერ მოიგებს, ასევეა სკოლის დირექტორიც – რა გინდ კარგი დირექტორიც არ უნდა იყოს, თუ მას გარშემო მყოფები არ ეხმარებიან, თუ მის უკან არ დგანან სხვები და მისი ზურგი გამაგრებული არაა, ბუნებრივია, მაშინ ის ვერ შეძლებს თავისი მისიის ჯეროვნად შესრულებას.

ჩემი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე, მე სწორედ ჩემი თანასოფლელები, ნათესავები, კოლეგები მიმაგრებდნენ ზურგს და მათი დახმარებით და თანადგომით მოვედი დღემდე. ყველას დიდი მადლობა.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ მოდეგამის საჯარო სკოლის დირექტორი ოგანეს ჩახალიან

იმედი მაქვს, რომ არა მხოლოდ ჩემს სოფელში და მუნიციპალიტეტში, მთელ საქართველოში უკეთესობისკენ წავა ცხოვრება, შეჩერდება მიგრაცია.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ მოდეგამის საჯარო სკოლის დირექტორი ოგანეს ჩახალიან

ბუნებრივია, რომ ჩვენს ხალხს – სომხებს, ქართველებს, საერთოდ ადამიანებს, ყველგან, უკეთესი ცხოვრება სურთ. იმედი მაქვს, რომ 2025 წელი უკეთესი იქნება“, – განაცხადა ოგანეს ჩახალიანმა.

სტატია – ახალქალაქის სოფელ მოდეგამის სკოლის დირექტორი ოგანეს ჩახალიანი აცხადებს, რომ სოფელში ასფალტიანი გზისა და გაზის შეყვანა მიგრაციის პროცესს შეაჩერებს – იხილეთ ბმულზე.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები