პრემიერი, რომელმაც ვერ გადაწყვიტა კრიზისი, მხოლოდ იცის ხალხის მიმართ მუქარა და არანაირად პოლიტიკური რამე კომპრომისის ძებნა, უნდა იყოს შეცვლილი. როგორც კი გადადგება პრემიერი, ორ კვირაში მე უნდა დავნიშნო არჩევნები, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს პირველ არხთან ინტერვიუში განაცხადა.
პრეზიდენტის თქმით, ეს არის გამოსავალი ქვეყანაში შექმნილი კრიზისიდან.
„გვაქვს კრიზისი თუ არ გვაქვს? თუ ჩვენ თვალებზე ვიფარებთ ხელს და არ გვინდა, დავინახოთ, მაშინ მივუშვათ ასე და ეს მიშვებული კრიზისი არის დიდი საფრთხე. შეგვიძლია, მოვნახოთ გამოსავალი და გამოსავალი არის პოლიტიკური, რაც ხდება ყველა ქვეყანაში, რომ ის პრემიერი, რომელმაც ვერ გადაწყვიტა კრიზისი, მხოლოდ იცის ხალხის მიმართ მუქარა და არანაირად პოლიტიკური რამე კომპრომისის ძებნა, უნდა იყოს შეცვლილი. როგორც კი გადადგება პრემიერი, ორ კვირაში მე უნდა დავნიშნო არჩევნები“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
წამყვანმა სალომე ზურაბიშვილს ჰკითხა, რომ პრეზიდენტის მხრიდან „კეთდება მოწოდებები კონკრეტული უწყებების მისამართითაც, მათ შორის, სასწავლო დაწესებულებების მისამართით და იყო განცხადება, რომ უნივერსიტეტების შემდეგ სკოლებიო“, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ეს არის დეზინფორმაცია.
„არა, არა, ამაზე გაგაჩერებთ. ეს არის წარმოუდგენელი დეზინფორმაცია და პროპაგანდა, არ გვინდა. მე ნუ მიბრუნებთ, რას ვამბობ, წარმოუდგენელია. არანაირი მოწოდება. იყო ინგლისურად, ჯერ ერთი, და მოწოდებები საქართველოში ინგლისურად არ კეთდება სოციალურ ქსელში, რომელიც არის უცხოელებისთვის. ეს არის აღწერა იმისა, რომ სკოლებშიც დაიწყო იგივე. და ახლა ვინმეს თუ წარმოუდგენია, რომ მე ვარ დედა და ბებია და შემიძლია, მოვუწოდო სკოლის ბავშვებს, რომ გამოვიდნენ, გაოგნებული ვარ, რომ შეიძლება, ვიღაცას საპატრიარქოში იმას სჯეროდეს, რომ მე შეიძლება, ასეთი მოწოდება გავაკეთო. მოწოდება არ გამიკეთებია არავის მიმართ, არც დიდების, არც ბებიების, არც ბაბუების, არც ზრდასრული ადამიანებისთვის და ახლა ბავშვებისთვის რატომ უნდა გამეკეთებინა მოწოდება? მე იქ ვწერ, რაც არის, რაც მიმდინარეობს ქვეყანაში, რადგან ვიცი, რომ ჩემი პოსტები იკითხება და ამით ვავრცელებ იმ ინფორმაციას, რაც, სამწუხაროდ, არ ვრცელდება სხვანაირად. ის არ იყო მოწოდება და ტყუილად ნუ მოეკიდებით რაღაც სისულელეს. ფაქტი არის, მე ვნახე ფაქტი, სურათები, სადაც მოსწავლეები გამოდიოდნენ ძალიან საინტერესო პლაკატებით“,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
კითხვაზე, სწორია თუ არა არასრულწლოვნების ჩართვა საპროტესტო აქციებში, სალომე ზურაბიშვილმა უპასუხა, რომ არავინ ჩაურთავს.
„მე ხომ არავინ ჩამირთავს. გეტყვით, ვინ ჩართო ეს ბავშვები და ახალგაზრდები ამ მოძრაობაში, ვინც წაიყვანა რუსეთისკენ, რადგან მარო მაყაშვილზე რომ ვლაპარაკობთ, ვინ იყო მარო მაყაშვილი? გამახსნეთ. ეს იყვნენ იმდროინდელი ახალგაზრდები, რომლებმაც ვერ აიტანეს, რომ რუსეთი შემოდიოდა დასაპყრობად და ეს დარჩება, რაც გინდათ, ის თქვით. მე არავინ არ გამომიწვევია და არავისთვის მოწოდება არ გამიკეთებია და ცხოვრებაში არ გავაკეთებ, რადგან თუ ერთი რამის მჯერა ყველაზე მეტად, ეს არის ადამიანის თავისუფლების. ყველას აქვს თავისი გზა, თავისი არჩევანი და, ბოლოსდაბოლოს, როცა ის დრო მოდის, თავის სინდისთან მარტო რჩება. ამიტომ არავის არა აქვს უფლება, რომ ვინმეს მოუწოდოს.
თუ მოწოდებაზე გადავალთ, აბა, ახლა ვთქვათ, ვინ მოუწოდა ჩვენს სპორტსმენებს, რომ შემოსულიყვნენ პოლიტიკაში? ჩვენ რომ ვიყავით გაერთიანებული მთელი ერი ფეხბურთის დროს, ასეთი ბედნიერი მომენტი ბოლო წლებში საქართველოსთვის არ ყოფილა, როგორც ევროფეხბურთში შესვლა საქართველოსი და ვინ ჩართო ეს ხალხი პოლიტიკაში? ვინ მოუწოდა? ან ჩვენი ოლიმპიელები ვინ შემოიყვანა პარლამენტში, ან რა ესაქმებათ პარლამენტში, ეს არ არის ერის დაყოფა?
სპორტსმენებს შეუძლიათ, პოლიტიკურ პროცესებში იყვნენ, მაგრამ არ უნდა ჩართო. არ უნდა დაყო. მთელი ეს ისტორია იმას აჩვენებს, რომ საქართველო არის ძლიერი, როცა არის გაერთიანებული და თუ ჩვენ გვქონდა და გვაქვს დაპირისპირება, პოლარიზაცია, რომელიც მხოლოდ საქართველოსი არ არის, მთელ მსოფლიოს მოედო ეს პოლარიზაცია, მაგრამ ჩვენ გვქონდა ის ბედნიერება, რომ ორ მომენტში – ფეხბურთზე და ოლიმპიადაზე მართლაც ვიყავით გაერთიანებული და არავის არ ჰქონდა უფლება, რომ ეს დაეშალა. ვიდრე ჩვენ ერთად დავდიოდით გერმანიის სხვადასხვა ქალაქში და ქართული დროშა ყველას ეჭირა, მე სადაც ვიყავი, არავინ არ კითხულობდა ეს ოცნებისტია, თუ ოპოზიციაა, თუ ვინ არის. ეს დაშალა საარჩევნოდ „ოცნებამ“. სხვამ არავინ, სხვას არავის არ გამოუყენებია პოლიტიკურად ეს ადამიანები“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.
ზურაბიშვილმა 2 დეკემბერს სოციალურ ქსელში დაწერა: „უნივერსიტეტების შემდეგ ახლა სკოლების ჯერია, მთელი საქართველოს მასშტაბით გამოხატონ სოლიდარობა საპროტესტო აქციების მიმართ“.