GUARDIANGE – 27 მაისი – გაზაფხულის მიწურული, აყვავებული მდელოები, მწვანედ შემოსილი, შორეულ ნისლში ჩაძირული, თოვლმიტმასნილი, მოტიტვლებული მთები, გარშემო წიწვოვანი ტყეების ჯარი (კომუნისტურ წლებში ხელოვნური განაშენიანების შედეგად შექმნილი ტყეები) – ჰაერში კი, ნაგვიანევი გაზაფხულის გამაბრუებელი სურნელი… მოდეგამის გვირილებისა და ნაირნაირი ყვავილების კეკლუცი.
ასეთ თვალწარმტაც გარემოში, ზღვის დონიდან 1960 მეტრ სიმაღლეზე, მთების ძირში ჩაბუდებულ სოფელში ცხოვრება ერთი შეხედვით შესაძლოა, სასიამოვნოდ მოგეჩვენოთ, მაგრამ იმის გააზრების შემდეგ, რომ ხანმოკლე გაზაფხულსა და თბილ ზაფხულს, გრძელი და სუსხიანი ზამთარი მოსდევს, რასაც სათანადო საყოფაცხოვრებო პირობების ნაკლებობაც თან ერთვის, მაშინ აქ შესაძლოა, ხანგრძლივად, მით უფრო მუდმივად ცხოვრების არც ისე მოზღვავებული სურვილი გაგიჩნდეთ, როგორც ეს თავდაპირველად გაიფიქრეთ.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ ყველაზე განაპირა და მაღალმთიან სოფელ მოდეგამში მოსახლეობა უკვე ათწლეულებია ნორმალურ გზას და ბუნებრივ აირს ითხოვს. არაერთხელ მიმართეს ხელისუფლებას, ადგილობრივს თუ ცენტრალურს, მაგრამ ფაქტია, რომ მოდეგამისთვის ჯერ, ბუნების გარდა, არავის მოუცლია – მხოლოდ ბუნებისგან უხვად დაბერტყილი სილამაზე კი, არასაკმარისია ცხოვრების ხალისის შესაქმნელად და სიძნეელების გასამკლავებლად. ყოველდღიური ჯაფა და მკაცრ კლიმატურ და ყოფით გარემოსთან ჭიდილი კი, ერთგვარ დაღს ასვამს აქაურების ცხოვრებას.
„ვინა ხართ? რისთვის მოხვედით აქ? გზას ხომ არ გვიკეთებთ?“ – გვითხრა სომხურ ენაზე მისალმების შემდეგ სოფლის შარა-გზაზე მომავალმა, მძიმე ტვირთდაკიდებულმა ორი ქალბატონიდან ერთ-ერთმა.
„არავის ვახსოვართ და არავის ადარდებს ჩვენი ცხოვრება. იმის იმედიც კი გაგვიქრა, რომ ოდესმე აქ ნორმალური გზა და ცხოვრება გვეღირსება“, – დაამატა მეორე ქალბატონმა რუსულად და შიგადაშიგ სომხურ ენაზე გამოხატავდა წუხილს და უკმაყოფილებას.
ნამდვილად ვერ გაამტყუნებ!!!
მშობლიური სოფლის ერთ-ერთი პირველი დიდი გულშემატკივარი, ვინც ძალ-ღონეს არ იშურებს იმისათვის, რომ სოფელში ნორმალური საყოფაცხოვრებო პირობები შეიქმნას – გაკეთდეს ასფალტის ან ბეტონის გზა და მოხდეს მოსახლეობის ბუნებრივი აირით უზრუნველყოფა – ბატონი ოგანეს ჩახალიანია, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ მოდეგამის საჯარო სკოლის დირექტორი.
66 წლის ოგანეს ჩახალიანი, რომელიც საუკუნის ისტორიის მქონე სკოლას უკვე სამი ათეული წლის განმავლობაში უდგას სათავეში, დღევანდელი გადმოსახედიდან ნანობს, რომ თავის დროზე – უმაღლესი სასწავლებლის დასრულებისა და სამხედრო ვალდებულების მოხდის შემდეგ – არ გამოიყენა მოცემული შესაძლებლობა და მშობლიურ სოფელს დაუბრუნდა.
„დედაჩემის თხოვნით დავბრუნდი აქ… ახლა ვნანობ, რადგან ჩემი ახალგაზრდობიდან დღემდე ვერ ვეღირსეთ ნორმალურ ცხოვრებას. არც გზაა, არც გაზი, არ სხვა ელემენტარული რამ. ისე მიდის ცხოვრება, რომ სკოლაში, სადაც ათწლეულების წინათ 50-ზე მეტი ბავშვი სწავლობდა, ახლა 8 მოსწავლეღაა, 2022 წელს მხოლოდ ექვსი იყო. არც 2024-25 და არც 2025-26 სასწავლო წლებში არ გვეყოლება პირველკლასელები, რაც კიდევ უფრო შეგვიმცირებს ბავშვების რაოდენობას.
მაღალია მიგრაციის დონე, აღარ უნდათ ასეთ პირობებში ცხოვრება, იცლება სოფელი და თუ 30 წლის წინათ აქ 87 კომლი მაინც ცხოვრობდა, ახლა 30-ამდეა შემცირებული. ახალგაზრდები ოჯახებს არ ქმნიან ან საზღვარგარეთ მიდიან. თუ ასე გაგრძელდა, არც ისე შორეულ მომავალში, სოფელში მხოლოდ მოხუცებიღა თუ დარჩებიან და ბუნებრივია, უკვე, სოფლის ერთადერთი მაცოცხლებელი სივრცის – სკოლის საჭიროებაც აღარ იქნება“, – სინანულით უთხრა GUARDIANGE-ის ოგანეს ჩახალიანმა ქართულ ენაზე და დაამატა:
„არადა, თითქმის მთელი ცხოვრება შევალიე იმას, რომ დანგრევის პირას მყოფი სკოლა, სოფლის მცხოვრებლების და სახელმწიფოს თანადგომით, აღმედგინა და ამ მდგომარეობამდე მომეყვანა, მით უფრო იმ ფონზე, როდესაც 90-იანი წლების დასაწყისში 3 წელი ხელფასიც კი არ მიგვიღია, გაყინული იყო, თუმცა მომავალი თაობის, მათ შორის ჩემი შვილებისადმი მოვალეობის გრძნობამ არ მომცა უფლება ხელი ამეღო სკოლაზე და მიმეტოვებინა ის. იმ მძიმე, 90-იან წლებში რამდენიმე პედაგოგმა დატოვა სკოლა და საცხოვრებლად საზღვარგარეთ წავიდა. მე, ჩემი მეუღლე, ასევე ქართულის მასწავლებელი, ქალბატონი ქნქუშ პამბუხჩიანი, რომელიც დღესაც ასწავლის სკოლაში, უხელფასობის მიუხედავად დავრჩით აქ და განვაგრძეთ ბავშვების აღზრდა-განათლება – დავრჩით იმიტომ, რომ სკოლა არ დაკეტილიყო…“
დირექტორის თქმით, იმისათვის, რომ სოფელმა ახალი სიცოცხლე შეიძინოს, ორი უმთავრესი რამ უნდა გაკეთდეს – გზა და გაზი.
„ქალაქ ახალქალაქიდან სოფელ ღადოლარის ბოლომდე ასფალტიანი გზა მოდის, შემდეგ კი, თავადაც გამოიარეთ და ნახეთ, თუ როგორი გზაა. პირველ ეტაპზე ბაკურიანისა და მოდეგამის გზაგასაყარამდე მაინც რომ დაიგოს ასფალტის ან ბეტონის საფარი, ესეც დიდი შეღავათი იქნებოდა, მერე უკვე ჩვენს სოფლამდე შემოყვანა უფრო გაადვილდებოდა.
მეორე საკითხი, რაც ასევე ყველას ძალიან გვაწუხებს, ეს ბუნებრივი აირია. მთელი ამ ხეობის სოფლებიდან ერთადერთია მოდეგამი, რომელსაც გაზი არ აქვს, არადა აგერ გახედეთ, სულ რაღაც 1 კილომეტრში, არც კი, უფრო ახლოს, 600 მეტრში გადის გაზის მილი და ყველა მიმდებარე სოფელი უკვე კარგა ხანია სარგებლობს ბუნებრივი აირით.
ჩვენგან სადღაც 1,5 კილომეტრში ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ბალანთაშია ცენტრალური გაზსადენის შემკრებ-გამანაწილებელი პუნქტი, და როგორც გითხარით, სულ რაღაც 600 მეტრში ჩამოდის მილი და რა გახდა ასეთი მოკლე მანძილიდან გაზის სოფლამდე შემოყვანა, არ მესმის. რამდენჯერ მივმართეთ ამის თაობაზე სიტყვიერად თუ წერილობით ხელისუფლებას, მაგრამ ყური არავინ შეიბერტყა.
არადა, ბუნებრივი აირის გარეშე, პრობლემები უკვე სკოლასაც ექმნება. ის სკოლები, რომლებიც საწვავად შეშას იყენებდნენ, ბოლო წლებია ბრიკეტებზე გადაიყვანეს. ჩვენი სკოლაც მათ რიგებშია.
წლევანდელი სასწავლო წლის ბოლომდე, ადრე შესყიდული შეშა გვყოფნის, რომელსაც ბრიკეტებს ვურევთ, რადგან სხვაგვარად საკლასო ოთახების გათბობა ჭირს, მაგრამ მომავალი სასწავლო წლიდან თუკი შეშის ყიდვის უფლება არ მოგვცეს, ძალზე გაგვიჭირდება, რადგან აქ ძალიან ცივი ზამთარი იცის – ოქტომბრის დასაწყისიდან ხშირად 15 ივნისამდეც კი გვიწევს ღუმელების დანთება“, – აღნიშნა ოგანეს ჩახალიანმა და იმედი დაიტოვა, რომ ბოლოს და ბოლოს მოდეგამშიც შეიყვანენ ბუნებრივ აირს.
მისი თქმით, ადგილობრივი მოსახლეობის ერთ-ერთი მთავარი საარსებო წყარო კარტოფილის მოსავლიდან და მეცხოველეობიდან მიღებული შემოსავალია, თუმცა პრობლემას წარმოადგენს ის, რომ კარტოფილს და რძის პროდუქტებს დაბალი ფასი ადევს.
„ადრე მოდიოდნენ ნინოწმინდიდან და ახალქალაქიდან რძის გადამამუშავებელი საწარმოების წარმომადგენლები და ადგილზე იბარებდნენ რძეს. უკვე ბოლო ორი წელია აღარ მოდიან, რადგან ფასზე ვერ რიგდებიან, ძალიან იაფად უნდათ შესყიდვა, 1 ლიტრ რძეში 80-90 თეთრზე მეტს არ იხდიან, წარმოიდგინეთ, ყველი 6 ლარად უნდათ რომ მივყიდოთ… არადა, ჩვენს მოსახლეობას სხვა გამოსავლი არ რჩება, ძნელია პროდუქციის ბაზრებამდე ტრანსპორტირება და გაყიდვა.
კიდევ ერთ საკითხს მინდა შევეხო. ადრე ხილ-ბოსტნეულიც ხშირად ამოჰქონდათ კერძო მოვაჭრეებს, ბოლო წლებში კი, უგზოობის გამო, იშვიათად ამოდიან, რადგან ქვედა სოფლებშიც კარგად ეყიდებათ თავიანთი პროდუქტები და რატომ უნდა შეიწუხონ თავი აქამდე ამოტანით?!“ -აღნიშნა ოგანეს ჩახალიანმა.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ მოდეგამის საჯარო სკოლა შემოდგომით 100 წლის იუბილესათვის ემზადება. საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE ღონისძიების შესახებ დამატებით მასალას შემოგთავაზებთ.
დაბლა კი იხილეთ GUARDIANGE-ის ფოტოები სრულად