სალომე ზურაბიშვილმა ნათელაშვილის ფანჩატურის რეინკარნაცია შემოგვთავაზა და რა თქმა უნდა, უკვე ჩავარდნილი პროექტის გაცოცხლება განწირულია წარუმატებლობისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რეალურად სალომე ზურაბიშვილმა შექმნა უცხოელი აგენტების პარტიული რეესტრი.
„ზოგადად, როცა რაიმე პროექტი ჩავარდება, იმის თავიდან დაწყება არ არის ხოლმე მომგებიანი. გახსოვთ, ეს პროექტი არსებობდა ადრეც, ამას უწოდებდნენ ნათელაშვილს ფანჩატურს და ამის რეინკარნაცია შემოგვთავაზა სალომე ზურაბიშვილმა. რა თქმა უნდა, უკვე ჩავარდნილი პროექტის გაცოცხლება არის განწირული წარუმატებლობისთვის – ზუსტად იგივე სახეები, იგივე ადამიანები, აბსოლუტურად არაევროპული სახეები, ამას ვიტყვი პირველ რიგში, წარმატების პერსპექტივა ამ პროექტს არ აქვს, უკვე ჩავარდნილი პროექტია. მათ აერთიანებთ ერთადერთი რამ, თავის დროზე საუბარი იყო აქტიურად უცხოელ აგენტებზე, რეესტრის შექმნაზე და ა.შ. რეალურად, სალომე ზურაბიშვილმა შექმნა უცხოელი აგენტების პარტიული რეესტრი სხვა არაფერი არ შეიძლება, ეწოდოს იმ სიას, რომელიც შედგა სალომე ზურაბიშვილის რეზიდენციაში. არავითარი პერსპექტივა ამას არ აქვს, ეს არის კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, რომელიც კიდევ ერთხელ მოთავსდა ერთ ქვაბში, სადაც ისედაც იყო მოთავსებული“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მისივე თქმით, გეგმა, რომელიც წარმოდგენილია ე.წ. ქარტიაში, რეალურად სახელმწიფოს დამოუკიდებლობის მოშლის გეგმაა.
„სალომე ზურაბიშვილს თუ უნდოდა ჩვენი გაწევრიანება კოლექტიურ „ნაცმოძრაობაში“, რა თქმა უნდა, ეს იყო სრულიად უპერსპექტივო ამოცანა. რაც შეეხება გეგმას, რომელიც არის წარმოდგენილი ე.წ. ქარტიაში, ეს არის რეალურად სახელმწიფოს დამოუკიდებლობის მოშლის გეგმა, თითოეული პუნქტი, რომელიც არის წარმომადგენილი ე.წ. ქარტიაში არის სწორედ საქართველოს დამოუკიდებლობის მოშლის გეგმა, რაც აბსოლუტურად ლოგიკურია. უცხოელი აგენტები როდესაც აფორმებენ გარკვეულ შეთანხმებას, რა თქმა უნდა, მათი ერთადერთი ამოცანა შეიძლება, იყოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის მოშლა და ზუსტად ამას ასახავს ქარტია, რომელიც არის წარმოდგენილი“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.