ეს სამწუხარო მოვლენაა, თუმცა ეს არ არის ჩვენი პრობლემა, ეს გერმანული სახელმწიფოს პრობლემაა, როდესაც მისი ელჩი, ოფიციალური წარმომადგენელი ასეთი არასერიოზული ქმედებებით გამოირჩევა, – ამის შესახებ პრემიერმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა.
მისივე თქმით, გერმანიის ელჩი, რომელიც ამ საპატიო წოდებას ატარებს არის დასული გრიგოლ გეგელიას დონემდე.
„ძალიან სამწუხაროა, როდესაც გერმანიის ელჩი, გერმანიის ელჩად წოდებული ადამიანი არ იშლის სპეკულაციებს. ყველას გახსოვთ, რომ ის, თავის დროზე, ჩართული იყო „ლელოს“ საარჩევნო აქტივობაში, ბოლნისში იყვნენ წასულები, სადაც ერთობლივად მონაწილეობდნენ კონკრეტულ პოლიტიკურ საარჩევნო ღონისძიებაში.
გერმანიის ელჩი, რომელიც ამ საპატიო წოდებას ატარებს არის დასული გრიგოლ გეგელიას დონემდე. ძალიან სამწუხაროა, ის სპეკულირებს. ვნახეთ, რომ კონკრეტულმა ტელევიზიებმა გერმანიის ელჩის ეს განცხადება გამოიყენეს დეზინფორმაციის გავრცელებისთვის, წარმოაჩინეს ისე, თითქოს გერმანიის კანცლერი საუბრობდა საქართველოში არსებულ ვითარებაზე, როცა ის საუბრობდა თუ არ ვცდები, 5 წლის წინანდელ მკვლელობაზე, რომელიც გერმანიაში იქნა ჩადენილი. ძალიან სამწუხაროა, როდესაც ჯერ გერმანიის ელჩი შეგნებულად აძლევს წყაროს დეზინფორმაციის გავრცელებისთვის კონკრეტულ მედიასაშუალებებს და შემდეგ ის, რომ მედიასაშუალებები ამას იტაცებენ. ეს სამწუხარო მოვლენაა, თუმცა ეს არ არის ჩვენი პრობლემა, ეს გერმანული სახელმწიფოს პრობლემაა, როდესაც მისი ელჩი, ოფიციალური წარმომადგენელი ასეთი არასერიოზული ქმედებებით გამოირჩევა,“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მან ასევე აღნიშნა, რომ გერმანია არის ჩვენი მეგობარი და პარტნიორი სახელმწიფო და ვერც ერთი ელჩი ვერ მოახერხებს ამ ტრადიციულ მეგობრობასა და პარტნიორობაში რაიმე ხინჯის შეტანას, რასაც ცდილობს მოქმედი ელჩი.
პრემიერის თქმით, გავრცელდა დეზინფორმაცია და ამის საფუძველი, სამწუხაროდ, შექმნა გერმანიის ელჩმა, რომელმაც ისე გაავრცელა გერმანიის კანცლერის განცხადება, რომ შექმნა აღქმა საქართველოზე საუბრის თაობაზე და შემდეგ ეს აიტაცეს კონკრეტულმა მედიასაშუალებებმა, გაავრცელეს შესაბამისი დეზინფორმაცია, რაც ძალიან სამწუხაროა.
მისივე თქმით, განსაკუთრებით სამწუხარო და შემაშფოთებელია ამ ყველაფერში გერმანიის ელჩის როლი.
„ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, უნდა გახდეს გერმანიის სახელმწიფოს ყურადღების საგანი. პირველ რიგში, გერმანია არის ჩვენი მეგობარი და პარტნიორი სახელმწიფო და ვერც ერთი ელჩი ვერ მოახერხებს ამ ტრადიციულ მეგობრობასა და პარტნიორობაში რაიმე ხინჯის შეტანას, რასაც ცდილობს მოქმედი ელჩი. ამას, საბოლოო ჯამში, ის ვერ მოახერხებს. ჩვენ ვართ განსაკუთრებულად მადლიერნი გერმანიის სახელმწიფოსი, როდესაც საქართველომ აღიდგინა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა, გერმანულმა მხარდაჭერამ განსაკუთრებული როლი შეასრულა ჩვენი სახელმწიფოებრიობის მშენებლობაში და მხოლოდ და მხოლოდ მადლობა შეიძლება გადავუხადოთ გერმანულ სახელმწიფოს ამისთვის. გერმანია არის ჩვენი მეგობარი ქვეყანა, მეგობარი სახელმწიფო და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ამ მეგობრობასა და პარტნიორობას ვერავინ მიაყენებს ჩრდილს, მათ შორის, ვერც ერთი ელჩი.
ხედავთ, რომ ძალიან ხშირად თავს ესხმიან ხოლმე საქართველოს ხელისუფლებას, მაგრამ ამას არ წარმოაჩენენ ხოლმე როგორც საქართველოზე თავდასხმას. როდესაც ელჩი არასწორად, არასერიოზულად იქცევა, მისი გაკრიტიკება არის ჩვენი ვალდებულება, მათ შორის, გერმანული სახელმწიფოს წინაშე, ვინაიდან არასერიოზული ქმედებებით პირველ რიგში ის გერმანულ სახელმწიფოს უქმნის პრობლემას, ქართულ სახელმწიფოსთან ერთად. აქედან გამომდინარე მინიშნება იმაზე, რომ ელჩი არ იქცევა სწორად, არის პრინციპულად მნიშვნელოვანი გერმანიისთვის, საქართველოსთვის და ჩვენი ორმხრივი მეგობრობისა და პარტნიორობისთვის,“- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.