სანქციებზე საუბარი ჩვენთვის აბსოლუტურად არასერიოზულია, თუ ვინმე საუბრობს სანქციებზე, ეს არის კონტრპროდუქტიული პირველ რიგში სწორედ იმ სუბიექტებისთვის, რომლებიც ამაზე საუბრობენ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ინფორმაცია, ელექტრონულ ფოსტებზე მისულ შეტყობინებებთან დაკავშირებით არის ტყუილი.
„აბსოლუტურად არასერიოზული თემაა სანქციებზე საუბარი, ვინც არ უნდა გააკეთოს შესაბამისი განცხადება, იქნება არასერიოზული და კონტრპროდუქტიული. რაც შეეხება ელექტრონულ ფოსტას, ეს არის ჩვეულებრივი ტყუილი. როცა თემა არის არასერიოზული რა თქმა უნდა, დიდად ასეთ თემას ჩვენ ვერ ჩავუღრმავდებით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, ქართველი მოსამართლეებისთვის დაწესებული სანქციებიც იყო აბსოლუტურად არასერიოზული.
„თქვენ გახსოვთ, თავის დროზე დაწესდა სანქციები 4 მოსამართლეზე, ეს იყო სამი მოქმედი და ერთი ყოფილი მოსამართლე. ესეც იყო აბსოლუტურად არასერიოზული ნაბიჯი და მას ჰქონდა აბსოლუტურად ნული ეფექტი, მხოლოდ კონტრპროდუქტიული იყო. მხოლოდ ამერიკისთვის იყო დამაზიანებელი. როდესაც ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე 4 მოსამართლეს დაუწესეს სავიზო შეზღუდვები, ამან დააზიანა მხოლოდ და მხოლოდ ამერიკის იმიჯი საქართველოში. მტკიცებულებები მოვითხოვეთ და ვერ წარმოადგინეს, ასეთი რაღაცები აზიანებს ამერიკის იმიჯს.
მოსამართლე უნდა იყოს ყველაზე მეტად დაცული საჯარო მოსამსახურე, ფართო გაგებით, მოსამართლეც არის საჯარო მოსამსახურე – ყველაზე მკაცრად უნდა იყოს დაცული. მაგალითად, ჩვენ გვაქვს კანონმდებლობა, რომელიც ეფუძნება ე.წ. ბანგალორის პრინციპებს და მოსამართლის დასჯა დისციპლინური წესით დასაშვებია მხოლოდ უკიდურეს გამონაკლის შემთხვევაში. ასეთ დროს კონკრეტული სახელმწიფო ჩვენს მოსამართლეებს ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე ასანქცირებს. ეს არის სამართლებრივი პრინციპების უხეში დარღვევა, ეს არის სამართლის უზენაესობის პრინციპის უხეში დარღვევა, ეს არის სასამართლოს დამოუკიდებლობის პრინციპის უხეში დარღვევა, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი აზიანებს აშშ-ის ინსტიტუციების იმიჯს, რაც ძალიან სამწუხაროა. მტკიცებულების გარეშე სხვა როცა ასანქცირებს მოსამართლეებს, ეს აზიანებს მხოლოდ სანქციის დამწესებლის იმიჯს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მისივე თქმით, ამასთან ერთად, მნიშვნელოვანია, რომ პარტნიორებთან ურთიერთობები ეფუძნებოდეს ღირებულებებს და ჰქონდეს პარტნიორული ხასიათი, ვინაიდან საქართველოს ხელისუფლება დირექტივებს არავისგან მიიღებს.
„ამასთან ერთად, მნიშვნელოვანია, რომ ურთიერთობები ეფუძნებოდეს ღირებულებებს და ამ ურთიერთობებს ჰქონდეს პარტნიორული ხასიათი, არ იყოს ისეთი დამოკიდებულება, რომ თითქოს, რომელიმე სხვა სახელმწიფო შეიძლება იყოს ქართულ სახელმწიფოზე ზემდგომი. ამაზე გვაქვს ჩვენ საუბარი. როდესაც საქართველოში ხელისუფლებაში იყო აგენტურა, ისინი კი არ უსმენდნენ პარტნიორებს, ისინი დირექტივებს იღებდნენ უცხო სახელმწიფოებისგან. ამაზე ჰქონდა საუბარი პარლამენტის თავმჯდომარეს. საქართველოს ხელისუფლება არავისგან არ მიიღებს დირექტივებს და იმოქმედებს მხოლოდ ეროვნული ინტერესების კარნახით. სადაც იქნება ეროვნული ინტერესები დასაცავი, ბოლომდე დავიცავთ. არავის კარნახით არ ვიმოქმედებთ, მაგრამ რა თქმა უნდა, ჩვენ მოვუსმენთ აბსოლუტურად ყველას, თუ იქნება არგუმენტირებული, მათ შორის კრიტიკული შენიშვნები. ჩვენი ვალდებულებაა, ყველას მოვუსმინოთ, მაგრამ არავის დირექტივებით და კარნახით ჩვენ არ ვიმოქმედებთ. როდესაც, მაგალითად, 27 ელჩი მიდის იუსტიციის მინისტრთან და ითხოვს სააკაშვილის გათავისუფლებას, ეს არის დირექტივის უმახინჯესი ფორმა. გახსოვთ, თავის დროზე ჩვენ ამ დირექტივას არ გავყევით, დავიცავით ეროვნული ინტერესები. ეს იყო ერთადერთი უალტერნატივო ნაბიჯი, რომელიც მაშინ შეიძლებოდა გადაგვედგა. ასევე, ჩვენ არ გავითვალისწინეთ სრულიად უსამართლო რეზოლუციები, რომლებიც ევროპარლამენტმა მიიღო 4-ჯერ, ამ რამდენიმე წლის განმავლობაში, სადაც ითხოვდნენ კრიმინალების გათავისუფლებას და ბიძინა ივანიშვილის დასჯას. ასეთი დირექტივები, რა თქმა უნდა, ჩვენთვის პრინციპულად მიუღებელია. ასეთ დირექტივებს მიჰყვებოდა თავის დროზე წინა ხელისუფლება, იმიტომ რომ ის იყო აგენტურა. გახსოვთ, რეებსაც აკეთებდნენ, რა მდგომარეობაში შეიყვანეს მათ ქვეყანა სხვადასხვა კუთხით, იყო 1 000 პრობლემა, რბილად რომ ვთქვათ, ადამიანის უფლებების, დემოკრატიის, ტერიტორიების დაკარგვის კუთხით და ა.შ. ეს ყველაფერი ხდებოდა დირექტივების გამო“,- განაცხადა მთავრობის მეთაურმა.