ჩემთვის, სრულიად სხვა გარემოში გაზრდილი ადმიანისათვის, საქართველო პირველ რიგში ნიშნავს სამშობლოს, ძვირფას ადგილს, რომლის გულისთვისაც ადამიანი დღენიადაგ უნდა ზრუნავდეს – დაიხარჯოს მისი კულტურის, ენის, ადათების შესწავლისთვის, იცოდეს მის შესახებ რაც შეიძლება მეტი, მუდამ იზრუნოს ამ ქვეყნის განვითარებაზე, მსოფლიოში მისი ავტორიტეტის ამაღლებაზე, – ამის შესახებ GUARDIANGE-ის სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ლომატურცხის სომხურენოვანი საჯარო სკოლის დირექტორმა ოგანეს შორაღიანმა ქართულ ენაზე განუცხადა. (რედაქციის შენიშვნა: ბატონ ოგანეს შორაღიანთან ვრცელი ინტერვიუ მთლიანად ქართულ ენაზეა ჩაწერილი).
როგორც მან აღნიშნა, სადღეისოდ საქართველოში სახელმწიფო ენის ცოდნა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და ქართული ენის მაღალ დონეზე ფლობა საქართველოს სრულყოფილი მოქალაქეობისა და წარმატებისაკენ გარანტირებულად მიმავალი გზაა, რაც ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლებისათვის ქვეყნის დანარჩენ, მკვიდრ მოსახლეობასთან, ქართველობასთან ინტეგრირების საუკეთესო საშუალებაცაა.
GUARDIANGE-ის ფოტოზე: სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ლომატურცხის სომხურენოვანი საჯარო სკოლის დირექტორი ოგანეს შორაღიან
„ქართული ენის სწავლება უმნიშვნელოვანესია. არა მარტო მე, არამედ ჩვენი კოლექტივი, სასკოლო საზოგადოება ფიქრობს, რომ ქართული ენის ცოდნა წარმატებისაკენ მიმავალი გზაა, საქართველოს სრულყოფილი მოქალაქეობისაკენ მიმავალი გზაა. როგორც ამ ქვეყნის მკვიდრებისთვის, ჩვენთვის აუცილებელია სახელმწიფო ენის ცოდნა. ეს არა მარტო თანამდებობაზე მომუშავეებისთვის, არამედ ყველასათვის საჭიროა – საჭიროა ეს დანარჩენ მოსახლეობასთან ინტეგრირებისათვის. წარმოიდგინეთ, როგორი ცუდი მდგომარეობა და შეგრძნება იქნება, როცა ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულები თუ სოფლის სხვა ჩვეულებრივი მცხოვრებნი თბილისში მოხვდებიან და საერთოდ არ იქნება გასაგები რა ხდება მათ გარშემო. მაგალითად, მაღაზიაში გინდა შეკითხვის დასმა, ან საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ან კაფეში, ან საზოგადოებრივი თავშეყრის სხვა ადგილებში და არ იცი ენა, ხომ გესმით, როგორი უხერხული და დამთრგუნველი იქნება ეს – შენს ქვეყანაში ვერ ახერხებდე კომუნიკაციის დამყარებას შენივე ქვეყნის მოქალაქეებთან.
„ასევე, არა მარტო ამ მიმართულებით, სხვა მხრივაც უკანდამხევია ეს. მაგალითად, ხომ უნდა გაეცნო ქვეყნის სიახლეებს სხვადასხვა სფეროში?! თანამედროვე დინამიკურ ცხოვრებაში სიახლეების ცოდნა თანამედროვე ადამიანისათვის ფრიად საჭირო პუნქტია. ამასთანავე, ენის ცოდნა დაეხმარება მათ მიწის შესახებ კანონების ცოდნაში, აგრარული საკითხების ცოდნაში.
„საერთოდ, განათლების სფეროში სიახლეების ცოდნა საჭიროა ჩვენი პროფესიული განვითარებისთვის. ჩვენი მიზანი რა არის?! ჩვენი მიზანია, რომ მუდამ უნდა ვიზრუნოთ საკუთარ პროფესიულ განვითარებაზე, ნებისმიერმა მასწავლებელმა უნდა იზრუნოს მის წინსვლაზე, რაც პირდაპირ აისახება მოსწავლის განათლების დონეზე. ქართული ენის ცოდნა ჩვენი ცხოვრებაა, ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, მშობლიური ენის ცოდნასთან ერთად, ამის პარალელურად, იმიტომ რომ საერთოდ, თუ ადამიანმა არ იცის საკუთარი მშობლიური ენა, მას სხვა ერის ენის სრულყოფილად ფლობა არ შეუძლია“, – განაცხადა ოგანეს შორაღიანმა.
მან სინანულით გაიხსენა თავისი ბავშვობის პერიოდი, როცა მისი თქმით, ახალქალაქის რაიონში ქართული ენის სწავლების მხრივ სავალალო მდგომარეობა იყო, რამაც მას და მისი თაობის არაერთ წარმომადგენელს საქართველოში მათი შესაძლებლობების უფრო მეტად გამოყენების საშუალება არ მისცა.
„პირადად ჩემთვის, ქართული ენის საკითხი ერთგვარად მტკივნეული საკითხია, რადგან გვიან დავიწყე მისი შესწავლა. ახალ თაობას ძალიან კარგი შესაძლებლობა აქვს. ჩემს დროს ასეთი პროგრამები, როგორიცაა „1+4“, ანდა ქართული ენის ასეთი სახელმძღვანელოები, თვალსაჩინოებები, დამატებითი რესურსები არ იყო და საერთოდ, ჩვენს დროს ქართული ენის მასწავლებლებიც კი არ გვყავდა. მაშინ რომ ასეთი შესაძლებლობები ყოფილიყო, მეც აუცილებლად ვისწავლიდი მაგალითად, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მათემატიკის ფაკულტეტზე და არა ერევანში. შესაძლოა, ჩემი ცხოვრების გზა ამგვარად რომ წარმართულიყო, უფრო სხვა მიმართულებითაც წავსულიყავი, მეტი წარმატებისთვისაც მიმეღწია, მაგრამ სამწუხაროდ, ჩემს დროს როგორც გითხარით, ასეთი შესაძლებლობები არ იყო და როცა სკოლაში დავიწყე მუშაობა, მახსოვს მხოლოდ – გამარჯობა, გაგიმარჯოს ვიცოდი – სხვა არაფერი, ქართულად.
„შემდეგ, უკვე დავიწყე დამოუკიდებლად, თვითგანათლების გზით შესწავლა ქართული ენის. ვკითხულობდი სხვადასხვა ლიტერატურას, ვუყურებდი სატელევიზიო არხებს. ხშირად ვურთიერთობდი ქართულ მოსახლეობასთან, ვტრიალებდი ქართულ გარემოში, შემდეგ უკვე, 2011-2012 წლებში ქუთაისში, ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლაში განვაგრძე სწავლა, რაც ბევრად დამეხმარა ქართული ენის ცოდნის გაღრმავებაში. მე კარგად მახსოვს ჩემი ლექტორები ქუთაისში, ჟვანიას სკოლაში, დავით ხელიძე და ნატო გულუა, რომელიც ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ლექტორია. მათ დიდი წვლილი მიუძღვით ჩემს განვითარებაში და მათთან დღემდე მაქვს წერილობითი ან სხვა სახის ურთიერთობა. ისინი ჩემთვის მნიშვნელოვანი ადამიანები არიან.
„სახელმწიფოს მხრიდან ყველანაირი პირობაა შექმნილი ჩვენი განვითარებისთვის, რომ მშობლიურ ენაზე მიიღონ ბავშვებმა განათლება და ამავე დროს, კარგად შეისწავლონ ჩვენი ქვეყნის სახელმწიფო ენაც. ახალქალაქის მუნიციპალიტეტში უკვე აღიზარდნენ თაობები, რომლებიც დიდად განსხვავდებიან ჩვენი თაობებისაგან – 20-30 წლის წინანდელი და უფრო ადრინდელი თაობებისაგან. ჩემთვის, პირადად, სრულიად სხვა გარემოში გაზრდილი ადმიანისათვის, საქართველო პირველ რიგში ნიშნავს სამშობლოს, ძვირფას ადგილს, რომლის გულისთვისაც ადამიანი დღენიადაგ უნდა ზრუნავდეს – დაიხარჯოს მისი კულტურის, ენის, ადათების შესწავლისთვის, იცოდეს მის შესახებ რაც შეიძლება მეტი, მუდამ იზრუნოს ამ ქვეყნის განვითარებაზე, მსოფლიოში მისი ავტორიტეტის ამაღლებაზე. მაგალითად, ჩვენი რეგიონიდან წარმატებული სპორტსმენები გვყავს, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში აღწევენ გამარჯვებას, რასაც თან ახლავს საქართველოს სახელმწიფო დროშის საზეიმოდ აღმართვის ძალზე სასიამოვნო ცერემონია და ჩვენი ეროვნული ჰიმნის აჟღერება. ეს დიდი სიამაყის განცდას წარმოშობს. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ საქართველოსთვის ვიხარჯებით და ვფიქრობთ ჩვენს ქვეყანაზე ისე, როგორც საკუთარ ოჯახებზე ან ჩვენს შვილებზე.
„ბოლო წლებში გაიზარდა ჩვენი მუნიციპალიტეტის მოსახლეობის პროცენტული მაჩვენებელი, რომელიც ფიქრობს, რომ მათი მომავალი საქართველოს უკავშირდება. აი, მაგალითად „1+4 პროგრამამ“ საშუალება მისცა ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლებს, რომ უფრო ადვილად დაიმკვიდრონ თავი. ამ პროგრამის წყალობით, მოიმატა თბილისში სომეხი სტუდენტების რაოდენობამ. ჩვენი ეთნიკურად სომეხი სტუდენტები ქართველებთან და აზერბაიჯანელებთან ერთად სწავლობენ საქართველოს სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში. ჩვენს რეგიონში არავინ იცის რა არის დისკრიმინაცია. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ყველაფერს აკეთებს, რომ მაქსიმალურად განვითარდეს ეროვნული უმცირესობები, მოხდეს მათი თანამედროვე ცხოვრებაში ინტეგრირება. ჩვენ მიმართ დისკრიმინაციის არც ერთი ნიშანი არ არსებობს. მე ახლა მყავს10-ზე მეტი მასწავლებელი, რომლებმაც პროფესიული უნარების გამოცდა ქართულ ენაზე ჩააბარეს, ხოლო იმ პედაგოგებს, რომლებმაც ვერ შეძლეს პროფესიული უნარების გამოცდაზე წარმატების მოპოვება, განათლების სამინისტრომ მისცა საშუალება სხვა გზით გადაელახათ ბარიერი – ქართული ენის სწავლების თუ გრძელვადიანი ტრენინგის მეშვეობით.
„ასევე უნდა ითქვას, რომ მოსწავლეებისთვის ძალიან კარგი საშუალება იყო 2011-2012 წლებში გაცვლით პროგრამებში მონაწილეობა. მაგალითად, ერთი სემესტრის განმავლობაში ჩვენი მოსწავლეები აჭარაში, ქართულ სკოლებში სწავლობდნენ და ქართულ ოჯახებს სტუმრობდნენ, რაც დაეხმარა მათ ქართული ენის უფრო ღრმად შესწავლაში. ასევე, როგორც უკვე გითხარით, „1+4 პროგრამა“ არის ძალიან კარგი საშუალება ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელი სტუდენტებისათვის. ჩვენი სკოლის და თბილისის თუ ახალციხის უნივერსიტეტების კურსდამთავრებულები ამჟამად მუშაობენ ჩვენს რეგიონში ან თბილისში, სხვადასხვა ორგანიზაციაში, რაც მისასალმებელია და სხვებისთვისაც სტიმულის მიმცემია“, – განუცხადა GUARDIANGE-ის ოგანეს შორაღიანმა.
ოგანეს შორაღიანის შეფასებით, გარემო ძალიან ბევრ რამეს ნიშნავს ნებისმიერი ადამიანის, განსაკუთრებით კი მოზარდების ცხოვრებაში. იგი ბედნიერია იმით, რომ თავის შვილებს ისეთი გარემო შეუქმნა ოჯახსა თუ სკოლაში, რომ მათ გეზი ერევნის ნაცვლად თბილისისკენ აიღეს და 100%-იანი გრანტით შეუდგნენ თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლას და რაც თავად ვერ შეძლო თავისი ბავშვობისა და სტუდენტობის პერიოდში, ეს მისმა შვილებმა მოახერხეს.
„გარემო მეორე მასწავლებელია ბავშვისათვის. რას უყურებდნენ ჩემი შვილები?! ყოველდღიურად ოჯახში უყურებდნენ ქართულ წიგნებს, ქართულად წერას, კითხვას, ისმენდნენ ქართულ საუბრებს ჩემს საქმიანობასთან დაკავშირებით თუ სხვა მიმართულებით. ხშირად, როცა საქმეზე მივდიოდი თბილისში, ახალციხეში თუ ახალქალაქში ან სხვაგან, ისინი თან მახლდნენ და რას ხედავდნენ?! პატივისცემას ჩემ მიმართ სხვების მხრიდან, ჩემი მეგობრების მხრიდან, ვისთანაც ქართულად მიწევდა საუბარი და ამით ბავშვები აცნობიერებდნენ, თუ რამხელა მნიშვნელობა ჰქონდა სახელმწიფო ენის ცოდნას – აცნობიერებდნენ, რომ აქ ეროვნება კი არ იყო გადამწყვეტი, არამედ თავად ადამიანი, იმის მიუხედავად, თუ რა ეროვნებისაც არ უნდა იყოს იგი – კარგი არის კარგი, ცუდი კი ცუდი, ნებისმიერ ერში. მთავარი არის ადამიანური ურთიერთობა და არა ეროვნება – თუ რა ერისაა ესა თუ ის ადამიანი – ქართველი თუ სომეხი, ამას უკვე მნიშვნელობა არ აქვს – ინტეგრაცია, ურთიერთობა, გარემო, ეს ძალიან ბევრს ნიშნავს ნებისმიერი ადამიანის ცხოვრებაში.
„ჩემმა ვაჟმა, მურად შორაღიანმა 2022 წელს თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი დაამთავრა, სწავლობდა „1+4 პროგრამის“ ფარგლებში, სახელმწიფოს მხრიდან 100%-იანი გრანტით დაფინანსდა და ახლა, უკვე 1 წელიწადია ახალქალაქის იუსტიციის სახლში უფროს სპეციალისტად მუშაობს.
„ჩემი გოგონა, არმინე შორაღიანი, ასევე, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლობს, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ინგლისური ენის ფილოლოგიის განხრით, ასევე „1+4 პროგრამის“ ფარგლებში და ასევე, 100%-იანი გრანტით. მოკლედ, ჩემი ბიჭიც უფასოდ სწავლობდა და გოგონაც უფასოდ სწავლობს. მათ მთავრობის მიერ დადგენილი შესაძლებლობით ისარგებლეს.
„როდესაც სხვა ახალგაზრდები ასეთ ინფორმაციებს იგებენ, რომ მათ თანატოლებს ან მათზე შედარებით უფროს თაობას ასეთი წარმატება აქვთ თბილისში, ეს ბუნებრივია მათაც, სკოლის მოსწავლეებსაც მოტივაციას უმაღლებს. როცა ისინი ხედავენ, რომ თბილისში უმაღლესი სასწავლებლის დამთავრების შემდეგ ეს ახალგაზრდები საქმდებიან ან დედაქალაქში ან სამცხე-ჯავახეთში და კარგ სამსახურს იწყებენ, ეს უკვე დიდი სტიმულის მიმცემია მათთვის. თუმცა ხანდახან მშობლები და კურსდამთავრებულებიც ამბობენ, რომ ამდენი სამუშაო ადგილი არ არსებობს, მეც ვეთანხმები ამაში, ვხედავ, რომ ზოგი ვერ საქმდება და ბუნებრივია, გულიც უტყდება, მაგრამ ჩემი აზრით, იმისათვის, რომ კარგი სამსახური გქონდეს, საჭიროა არა მარტო ჩვეულებრივ დონეზე სწავლა, არამედ უფრო მეტის გაკეთება, რომ პროფესიონალად ჩამოყალიბდე. სამსახურში ხომ გასაუბრების, ტესტირების შედეგად იღებენ. ეს ნიშნავს, რომ კონკურენცია დიდია და იღებენ ისეთებს, რომლებიც უფრო მაღალ დონეზე არიან მომზადებული. ასე რომ, არა მხოლოდ სკოლაში, სტუდენტობის პერიოდშიც კარგად უნდა ისწავლონ ახალგაზრდებმა, რომ სრულყოფილად დაეუფლონ თავიანთ პროფესიას და ამ გზით მიაღწიონ წარმატებას“, – უთხრა GUARDIANGE-ის ოგანეს შორაღიანმა.
იგი წუხს, რომ მიგრაციის პროცესის აქტიურ ფაზაში შესვლის შედეგად, ბოლო 14 წელიწადში ლომატურცხის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა რაოდენობა განახევრდა და ამ ტენდენციას ისეთი პირი უჩანს, რომ მომავალში შესაძლოა, კიდევ უფრო კლებისკენ წავიდეს.
„მიგრაცია მუდამ იყო და იქნება, რადგან ეს ადამიანის ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ამ პროცესს მთელი მსოფლიო აქვს მოცული, თუმცა სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა მაჩვენებლით არის ეს ასახული. ჩვენს სოფელში, ჩვენს რეგიონში ეს მიგრაცია კომუნისტების დროსაც იყო. იმ პერიოდში ჩვენი მამაკაცები რუსეთში მიდიოდნენ დროებით სამუშაოდ და გვიან შემოდგომით ან ზამთარში ბრუნდებოდნენ უკან, განსხვავება ის იყო, რომ მაშინ დროებით მიდიოდნენ და უკანვე ბრუნდებოდნენ, ახლა კი, ბოლო 20-30 წლის განმავლობაში ოჯახები ხანგრძლივად ან სამუდამოდ მიდიან უცხოეთში. ეს არა მარტო ჩვენი რეგიონის ან ქვეყნის, მხოლოდ საქართველოს ან სომხეთის პრობლემაა, არამედ გლობალური მოვლენაა. ალბათ, ამას ძირითადად სოციალური მდგომარეობა განაპირობებს. ისინი ვინც ადგილზე ვერ ახერხებენ სამუშაოს შოვნას, ანდა აქვთ სამუშაო, მაგრამ უფრო მაღალანაზღაურებადი სამსახური სურთ, ამჯობინებენ ქვეყნიდან წასვლას და ბედის სხვაგან ძებნას.
„მიგრაცია კვლავაც გრძელდება, მაგრამ აქედან წასულებიდან ზოგიერთი შესაძლოა, სხვა ქვეყნებში უფრო ცუდადაც კი ცხოვრობდეს, ვიდრე აქ ცხოვრობდა, მაგრამ მაინც არ ბრუნდებიან უკან. სხვა ქვეყანაში წასვლა თავისთავად არ ნიშნავს იმას, რომ იქ ამაზე უკეთესად იქნები. ადამიანის ცხოვრებას ყველგან ახლავს სირთულეები და ყველგან დიდი შრომა გიწევს იმისათვის, რომ წინ წაიწიო. ადამიანი ასეა მოწყობილი – მისთვის ყველგან კარგია, სადაც თავად არ არის.
„მიგრაციის პროცესი სოფლის და შესაბამისად, სკოლის ცხოვრებაზეც აისახა. მაგალითად, თუკი 2009 წელს 80 მოსწავლე ირიცხებოდა სკოლაში, ახლა მხოლოდ 42 გვყავს. ეს ძალიან ცუდი მაჩვენებელია, პირველ კლასში მარტო ერთი მოსწავლეა, სექტემბრიდან 2 გვეყოლება პირველ კლასში, მაშინ როცა მე-12 კლასი ოთხმა დაამთავრა. მესამე კლასში კი საერთოდ არ გვყავს მოსწავლე, დანარჩენ კლასებში, 3, 4, 5 მოსწავლეა საშუალოდ. მოკლედ 2023-2024 სასწავლოს წლისთვის ორი მოსწავლით ნაკლები გვეყოლება და არ არის გამორიცხული, რომ კიდევ უფრო მეტადაც კი შემცირდეს ბავშვების რაოდენობა იმ შემთხვევვაში, თუკი მობილობას ექნება ადგილი – ოჯახები სხვაგან გადავლენ საცხოვრებლად ან ქალაქის სკოლებში წაიყვანენ ბავშვებს.
„რაც შეეხებათ პედაგოგებს, ახლა 20 მასწავლებელია სკოლაში, მათგან 12 უფროსის სტატუსის მქონეა. ერთ-ერთმა პედაგოგმა, ქართულის როგორც მეორე ენის მასწავლებელმა 2022 წელს ჩააბარა წამყვანობის გამოცდა, ახლა ვნახოთ როგორ შეფასდება მისი პრაქტიკული საქმიანობის საქაღალდე (რედაქციის შენიშვნა: ბატონმა ოგანეს შორაღიანმა ინტერვიუს დროს უცხოურიდან ქართულ ენაში შემოსული და ფართოდ დამკვიდრებული სიტყვის – „პორტფოლიოს“ ნაცვლად ქართული შესატყვისი ტერმინი – „საქაღალდე“ გამოიყენა, რაც მისასალმებელია).
„გვყავს ერთი სპეციალური მასწავლებელი, დანარჩენი 7 პრაქტიკოსია. ისინი ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლაში ქართული ენის წავლის კურსებში მონაწილეობენ. რამდენიმე მათგანი ა2 დონეს ეუფლება, რამდენიმე ბ1 დონეს და ზოგიერთს უკვე ბ1 დონის დამადასტურებელი სერტიფიკატიც აქვს მიღებული. ვნახოთ, როგორი სურათი იქნება ახალი სასწავლო წლიდან. მოგეხსენებათ, 2023 წლის 10 მარტის მთავრობის 87-ე დადგენილების მიხედვით, პრაქტიკოს მასწავლებლებს 2023-2024 სასწავლო წლიდან სკოლებში მუშაობის უფლება არ აქვთ, გამონაკლისი მხოლოდ არაქართულენოვანი სკოლების სომხური ენისა და ლიტერატურის, ასევე აზერბაიჯანული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლები არიან, რომელთაც 2026 წლამდე აქვთ ვადა, და თუკი ამ დადგენილებაში ცვლილებები არ შევა, მაშინ ვაკანსიები გამოცხადდება და იმ შემთხვევაში, თუ უფრო კვალიფიციური კადრებით არ მოხდება მათი ჩანაცვლება, მაშინ შესაძლებელი იქნება, რომ მათ უსტატუსოდ იმუშაონ.
„ერთი რამ მინდა ხაზგასმით ვთქვა, რომ ჩვენი სკოლის პედაგოგები თავიანთი მაღალი პროფესიონალიზმით, კულტურით, კეთილსინდისირებით, პუნქტუალობით და ბავშვების დიდი სიყვარულით გამოირჩევიან“, – აღნიშნა ოგანეს შორაღიანმა.
GUARDIANGE ბატონ ოგანეს შორაღიანს ლომატურცხის საჯარო სკოლაში 9 ივნისს, დილის საათებში შეხვდა, მასთან საუბრისა და ფოტომასალების გადაღების შემდეგ მიმდებარე სოფლების სკოლებში გაემგზავრა, თბილისისკენ უკან მომავალ გზაზე კი, დაახლოებით 15:20 საათზე, სოფელ ლომატურცხში, ცენტრალურ საავტომობილო გზაზე თავისი ყანისკენ სამუშაო ფორმაში ტრაქტორით მიმავალს შემთხვევით გადააწყდა.
ოგანეს შორაღიანის თქმით, სკოლაში სამუშაო საათების დასრულების შემდეგ, როგორც კი თავისუფალი დრო გამოუჩნდება, სოფლის მეურნეობით არის დაკავებული და ერთგვარ განტვირთვასაც ახდენს ამით.
„მყავს ოჯახი, მაქვს საკუთარი სახლი, მიწა და სკოლაში სასწავლო პროცესის დასრულების შემდეგ დაკავებული ვარ საოჯახო საქმიანობებით. ვთესავ კარტოფილს, ქერს, ხორბალს. ჩვენთან მიწების დიდი ფართობებია, რადგან ბევრი აქედან წასულია და მათი ნაკვეთების დამუშავებაც ჩვენ გვიწევს, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი ოჯახი, მეუღლე და შვილები დაკავებული ვართ სამსახურებით ან სწავლით, ჩვენ არც ისე მოცულობით ფართობებზე ვთესავთ. კარტოფილი 1 ჰა-ზე მოგვყავს, ქერი 2 ჰა-ზე და სადღაც 2 000 კვ.მ.-ზე ხორბალი, დანარჩენებს უფრო მეტ ფართობზე მოჰყავთ კარტოფილიც და ქერიც, მაგრამ ჩვენ მეტს ვერ გავწვდებით, სკოლის შემდეგ და შაბათ-კვირას გვიწევს სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის წარმართვა. განსაკუთრებით რთული პერიოდია კარტოფილის მოსავლის აღება – სექტემბრის ბოლოდან ვიწყებთ და ოქტომბრის თვეში გადადის ეს პროცესი და ყველაზე მთავარია, ამ დროს ამინდებმა შეგვიწყოს ხელი, რადგან ხშირად წვიმები ემთხვევა, მერე მალე უკვე ზამთარი მოდის, ნაადრევად, და უნდა მოვასწროთ მოსავლის აღება.
„მიწის დამუშავების გარდა მესაქონლეობასაც ვეწევი. ამჟამად ორი ძროხა მყავს და ეს ყველაფერი სოფლად მცხოვრები ადამიანისთვის ძალიან საჭიროა. მე ვცხოვრობ არა მარტო ჩემთვის, არა მარტო სკოლისთვის, არამედ ჩემი მეზობლებისთვის და თანასოფლელებისთვისაც. ჩვენს სოფელში საკმაოდ არიან ოჯახები, მოხუცები, რომლებსაც ან შვილები არ ჰყავთ, ანდა მათი შვილები საზღვარგარეთ ცხოვრობენ და მათზე მზრუნველობას ვერ ახერხებენ. მიმაჩნია, რომ მათ ჩვენ, შრომისუნარიანი ადამიანები უნდა დავეხმაროთ. ხშირად მთხოვენ, რომ მაგალითად ქალაქიდან შაქარი, მარილი, წამალი, სხვადასხვა რამ ჩამოვუტანო, რადგან მათ ასე ადვილად მისვლა-მოსვლა არ შეუძლიათ. ჩემს სახელზე მინდობილობით რამდენიმე ადამიანზე ჩარიცხულ პენსიას ვიღებ და ადრესატებთან მიმაქვს. ჩემი სინდისი არ მაძლევს საშუალებას არ ვიზრუნო ამ ადამიანებზე. მათ ძალიან დიდი ნდობა აქვთ ჩემ მიმართ და უარს ვერ ვეტყვი, ვერ გავუმტყუნებ იმედებს. მოკლედ მე ვცხოვრობ იმ ადამიანებისთვისაც, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ“, – უთხრა GUARDIANGE-ის ოგანეს შორაღიანმა.
ოგანეს შორაღიანის თქმით, ახალქალაქის მუნიციპალიტეტი მდიდარია სასოფლო-სამეურნეო სავარგულებით და სოფლად მცხოვრები მოსახლეობა სოფლის მეურნეობითა და მესაქონლეობით არის დაკავებული.
„ჩვენს მუნიციპალიტეტში, სოფლის მეურნეობაში დასაქმებულებისათვის ერთ-ერთ მთავარ პრობლემას წარმოადგენს ის, რომ მელიორაციის სისტემა არც ისე თანამედროვედ არის მოწყობილი. ჩვენი მოსახლეობა ძირითადად კარტოფილის მოყვანით არის დაკავებული და მისი ფასი შესაბამისი არ არის იმისა, რომ ოჯახის მინიმალური მოთხოვნები იყოს დაკმაყოფილებული.
„მართალია, საქართველოს მთავრობა ეხმარება სოფლის მეურნეობაში ჩართულ მოსახლეობას, მაგრამ ზოგჯერ ამინდმა შეიძლება შეგვიშალოს ხელი და ის მოსავალი ვერ მიიღო, რაც უნდა მიგეღო, თუმცა დახმარება მუდამ ჩანს სახელმწიფოს მხრიდან. ჩვენი სარწყავი სისტემა სოფელ ბეჟანოდან იწყება, ჩვენგან სადღაც 7-8 კილომეტრში და მოყვება სოფლებს – ალათუმანს, კოჩიოს, ჩვენი სოფლიდან კი ტურცხში და თითქმის ხანდომდე გადადის. ვფიქრობ, რომ უნდა არსებობდეს გრაფიკი, მაგალითად 5 დღე ერთი სოფელი იყენებდეს, 5 მეორე და ა.შ. გრაფიკი მკაცრად უნდა იყოს დაცული და გაკონტროლებული და თუკი ასეთი გრაფიკი დაწესდება, ვფიქრობ, უფრო დარეგულირდება მდგომარეობა. მიზანშეწონილად მიმაჩნია, რომ სწორედ ასეთი გრაფიკი ჩამოყალიბდეს, რათა წყლის მიზნობრივი და რაციონალური გამოყენება მოხდეს და მცირე იყოს დანაკარგები. ისე, უნდა ითქვას, რომ ადრე საერთოდ არ იყო სარწყავი არხი, მაგრამ წინა წლებში რემონტი ჩატარდა და მელიორაციის სისტემა მოწესრიგდა. ეს არხი ადრეა აშენებული, ჩემს ბავშვობაშიც მუშაობდა, მაგრამ რემონტს საჭიროებდა, რადგან გამოსული იყო მწყობრიდან და მისი გამოყენება შეუძლებელი იყო. სადღაც 5-6 წლის წინათ აღადგინეს სარწყავი არხი და რამდენიმე სოფლის მოსახლეობისთვის დიდი სარგებლობის მომტანია“, – განაცხადა ოგანეს შორაღიანმა GUARDIANGE-ისთან საუბრისას.
მოკლე ბიოგრაფიული ცნობები ოგანეს შორაღიანის შესახებ
დაიბადა 1971 წლის 8 აგვისტოს ახალქალაქის რაიონის სოფელ ლომატურცხში, რომლის 8-წლიანი სკოლის მე-8 კლასის დამთავრების შემდეგ სწავლა ახალქალაქის ფიზიკა-მათემატიკის საშუალო სკოლა-ინტერნატში განაგრძო და 1988 წელს მისი დასრულების შემდეგ, იმავე წელს ჩაირიცხა სომხეთში, ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამოყენებითი მათემატიკის ფაკულტეტზე, რომელიც წარჩინებით დაამთავრა 1993 წელს, მათემატიკოსის სპეციალობით. იმავე წელს დაბრუნდა საქართველოში და სექტემბერში მუშაობა დაიწყო მეზობელი სოფლის, ტურცხის საშუალო სკოლაში, მათემატიკისა და ფიზიკის მასწავლებლად, 1995 წელს კი პედაგოგიური საქმიანობა ლომატურცხის საჯარო სკოლაში განაგრძო. 2009 წელს, თავდაპირველად ლომატურცხის საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა, 2014 წლიდან 2020 წლამდე კი არჩეული დირექტორი იყო, 2020 წლიდან დღემდე ისევ დირექტორის მოვალეობის შემსრულებელია. აქვს დირექტორობის უვადო სერტიფიკატი – დირექტორის სერტიფიცირება წარმატებით 2014 წელს გაიარა. 2017 წელს უფროსი მასწავლებელი გახდა, შემდეგ გამოცდა ჩააბარა სხვა საგნებშიც – გეოგრაფიაში, ბუნებისმეტყველებაში, ორი საფეხურის მათემატიკაში – დაწყებითი და საბაზო საფეხურის მათემატიკაში. ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.