Thursday, November 21, 2024
6.8 C
Tbilisi

ახალქალაქის სოფელ ზაკის საჯარო სკოლის დირექტორი ვარდუჰი მკრტჩიან: „მინდოდა ექიმი გავმხდარიყავი, მაგრამ ბედის წყალობით, მასწავლებელი გავხდი“

ზაკის საშუალო სკოლაში 1992 წელს დავიწყე მუშაობა სომხური ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად, თბილისის სულხან-საბა ორბელიანის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ. საერთოდ, მინდოდა ექიმი გავმხდარიყავი, მაგრამ ბედის წყალობით, მასწავლებელი გავხდი. ისე მიყვარს ჩემი სამუშაო, ბავშვები, რომ დღევანდელი გადმოსახედიდან, თამამად ვიტყვი – ამ პროფესიის გარეშე ცხოვრება ძალიან გამიჭირდებოდა, – ამის შესახებ GUARDIANGE-ის სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ზაკის სომხურენოვანი საჯარო სკოლის დირექტორმა, ვარდუჰი მკრტჩიანმა განუცხადა.

როგორც მან GUARDIANGE-ისთან საუბრისას აღნიშნა, ახალქალაქის მუნიციპალიტეტში ბოლო 10-15 წლის განმავლობაში ძალიან არის შეცვლილი სურათი სახელმწიფო ენის შესწავლის მხრივ. ვარდუჰი მკრტჩიანის ინფორმაციით, სადღეისოდ, უკვე არა მარტო ახალმა თაობამ იცის ქართული ენა, არამედ მათმა მშობლებმაც, პედაგოგებმაც და მოსახლეობაში გაჩნდა იმის რეალური განცდა, რომ საქართველოში ცხოვრების პირობებში ქართული ენის ცოდნა აუცილებელია მათი თუ მათივე შვილების უკეთესი მომავლისათვის.

„2009 წელს, როდესაც სკოლის დირექტორი გავხდი, პედკოლექტივის 10-მა პროცენტმაც კი არ იცოდა ქართული ენა, ამჟამად მდგომარეობა შეცვლილია, იციან ქართული, ასე თუ ისე, 90%-ს უკვე ბ1 სერტიფიკატი აქვს მიღებული, რადგან ამის გარეშე უფროსი მასწავლებლის სტატუსი ვერ მიენიჭებოდათ. სკოლაში ამჟამად 19 მასწავლებელია, მათგან ორი უსტატუსოა – ერთი ქიმიის მასწავლებელია, დარეგისტრირდა და წელს გადის გამოცდაზე, ორი კი პრაქტიკოსი პედაგოგი, ისინიც – სომხური ენისა და დაწყებითების პედაგოგი – დარეგისტრირებული არიან გამოცდაზე და წარმატებას ვუსურვებ ყველა მათგანს.

„გვყავდა სპორტის მასწავლებელი, რომელსაც 7 კრედიტქულა ჰქონდა მიღებული და მას განსაკუთრებული წესით მიენიჭა უფროსი მასწავლებლის სტატუსი, დღეიდან – 15 ივნისიდან შედის ძალაში. მე მივიღე იგი სამსახურში, რუსეთში მიდიდოა, მაგრამ გადავარწმუნე, დავაწყებინე სკოლაში მუშაობა და ძალიან გაამართლა, დიდი შედეგები დადო და სწორედ ამ დამსახურების გამო წარვადგინეთ სკოლიდან უფროსი მასწავლებლის სტატუსის მოსაპოვებლად. კომისიამ მიზანშეწონილად მიიჩნია მისთვის უფროსი მასწავლებლის სტატუსის მინიჭება.

ჩვენი სკოლის გარდა, მაჭატიის საჯარო სკოლაშიც ასწავლის სპორტს და იქაც საუკეთესო შედეგები აქვს. მის მოსწავლეებს არაერთი წარმატება აქვთ მოპოვებული ჩვენს მუნიციპალიტეტში თუ სხვაგან.

გვყავს ქართულის როგორც მეორე ენის წამყვანი მასწავლებელი, ქალბატონი ცაულინა მალაზონია, რომელმაც მენტორის გამოცდა ჩააბარა, ახლა პრაქტიკულ ნაწილზე მუშაობს და ალბათ, აიმაღლებს სტატუსს. ზოგადად, ძალიან კარგი პედკოლექტივი გვყავს, პროფესიონალები და საქმისადმი ერთგულები არიან, რაც მოსწავლეთა აკადემიურ მოსწრებაზე დადებითად აისახება“, – განაცხადა ვარდუჰი მკრტჩიანმა.

იგი წუხს, რომ მიგრაციულმა პროცესებმა სასკოლო ცხოვრებასაც უარყოფითი დაღი დაასვა და თუკი 2009 წელს, მისი დირექტორის თანამდებობაზე მისვლის დროს 145 მოსწავლე ირიცხებოდა სკოლაში, ახლა მხოლოდ 57-ია.

„სამწუხაროდ, სკოლაში ბოლო ათწლეული მოსწავლეთა რაოდენობა კლებისკენ მიდის. ბევრი ახალგაზრდაა ისეთი სოფელში, ბევრი, ძალიან ბევრი, 80% მაინც, რომელიც ოჯახს არ ქმნის, რამდენი წელია სოფელში ქორწილი არ ყოფილა. ასე რომ, შობადობამაც, ბუნებრივია, იკლო. გარდა ამისა, ბევრი მიდის საზღვარგარეთ სამუშაოდ და საცხოვრებლად. წინათ, მაგალითად,1995 წლიდან 2005 წლამდე ბევრი წავიდა რუსეთში სამუშაოდ და იქ დარჩნენ საცხოვრებლად. ახლა გადინება შემცირებულია, ისეთი მასობრივი ხასიათი არ აქვს, თუმცა მთლად არ შეჩერებულა. წინათ მართლაც ძალიან ბევრი მიდიოდა.

„წარმოიდგინეთ, 2009 წელს, როცა დირექტორად დავინიშნე, 145 მოსწავლე გვყავდა სკოლაში, ახლა კი მხოლოდ 57-ია. სასიხარულო ამბავია ის, რომ ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულების უმრავლესობა საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში განაგრძობენ სწავლას. ამითაც ჩანს, რომ სკოლაში ქართული ენის სწავლის პროცესი მაღალ დონეზეა. ცაულინა მალაზონიას გარდა, ქართულის კიდევ 2 კვალიფიციური მასწავლებელი გვყავს, ერთ-ერთია ელენე ყავრელიშვილი, რომელიც სამი წლის წინ მივიღე სკოლაში, ახალციხეში დაამთავრა უნივერსიტეტი, ჩააბარა 10 კრედიტზე გამოცდა და უფროსი მასწავლებელი გახდა. ჩვენ მე-12 კლასელებს ვურჩევთ თბილისში ჩააბარონ, რადგან ქართულ უმაღლეს სასწავლებლებში განათლების მიღება მათ გზას უხსნის წარმატებისკენ. კარგი სიახლეა ის, რომ ჩვენგან ახლოს, ახალციხეში გახსნეს დეფიციტური საგნების – ფიზიკის, მათემატიკის უფასო ფაკულტეტები, რომ სკოლებში ნაკლებობა არ იყოს ამ საგნების მასწავლებლების“, – განუცხადა GUARDIANGE-ის ვარდუჰი მკრტჩიანმა.

მისი თქმით, სკოლამ ცოტა ხნის წინ დაარსების 50 წლის იუბილე აღნიშნა და მისი ინიციატივით, ამ დღისთვის სკოლაში რუსეთიდან და სომხეთიდან მოწვეული ჰყავდათ ზაკის მაშინდელი საშუალო სკოლის პირველი კურსდამთავრებულები, რომელთაც, სხვებთან ერთად, გარკვეული წვლილი მიუძღვით სკოლის საჭირბოროტო საკითხების მოგვარებაში.

„გამიჩნდა იდეა, რომ ჩვენი სკოლის 50 წლის იუბილე აღგვენიშნა პირველი კურსდამთავრებულების მონაწილეობით. იმ წელს სკოლა 59-მა მოსწავლემ დაამთავრა, ა და ბ კლასი იყო, სოფლების – ბალხოს, ბუღაშენის, ტრკნის, არაგვის და ზაკის – 5 სოფლის მოსწავლეები. დავუკავშირდით მათ, 50% იმყოფებოდა ამ ღონისძიებაზე, სომხეთიდან, რუსეთიდან ჩამოვიდნენ. პირველი გამოშვების 59 კურსდამთავრებულიდან სამწუხაროდ, 10 გარდაცვლილია. მოკლედ, აქ იმყოფებოდნენ ჩვენი შეძლებული თანასოფლელები – ნელსონ კარაპეტიანი, ძმები – ტიგრან და ნორაირ იორდანიანები, ლოვა კასპარიანი, რომელმაც მეორე მსოფლიო ომისადმი მიძღვნილი მემორიალი გააკეთა სოფელში. ამ ადამიანებმა მე-12 კლასელებს სკოლის დამთავრების ხარჯები დაუფარეს, გარდა ამისა, თითოეულს 10 000 რუბლი აჩუქეს, სკოლას კი 5 ნოუთბუქი უსახსოვრეს, თანასოფლელებსაც პატივი სცეს, მთელი სოფელი დაპატიჟეს სუფრაზე.

„უცხოეთში მცხოვრებ ჩვენს იმ თნამემამულეებთან, რომელთაც ფინანსური შესაძლებლობა გააჩნიათ, კავშირზე გასვლა, 2009 წლიდან დავიწყე, როცა დირექტორი გავხდი. შევთავაზე, რომ გვერდით ამოსდგომოდნენ სკოლას, რათა მოსახლეობა დამაგრებულიყო ადგილზე და არ ეფიქრათ აქედან გაქცევაზე. არაერთი დახმარება მივიღეთ მათგან. მაგალითად, 3 წლის წინ სკოლაში ცენტრალური გათბობა გაგვიკეთეს მოსკოვში მცხოვრებმა ჩვენმა შეძლებულმა თანამემამულეებმა, ამ სკოლის კურსდამთავრებულებმა.

„ზოგადად, სკოლის ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად არაერთი ნაბიჯი გადავდგით, როგორც ჩვენი საბიუჯეტო ხარჯებით, ისე სხვების დახმარებით. მაგალითად, ყველა საკლასო ოთახის კარები კარენ გასპარიანმა თავისი ფინანსებით გაგვიკეთა, საკლასო ოთახების ფანჯრები კი, ჩვენ შევცვალეთ სკოლის ბიუჯეტის სახსრებით, დერეფნების ფანჯრები განათლების სამინისტროს დაფინანსებით განვაახლეთ. გარდა ამისა, 2020 წელს, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიამ წყალი შემოგვიყვანა და სველი წერტილები გაგვიკეთა შენობის შიგნით. მაშინ ჩვენი მუნიციპალიტეტის მერის თანამდებობა ბატონ იურიკ უნანიანს ეკავა და დიდი გულისყურით მოეკიდა ჩვენს სატკივარს. 2 კილომეტრის მანძილიდან იყო წყლის მილები შემოსაყვანი და ესეც და ტუალეტებიც მთლიანად მერიამ დაგვიფინანსა. წელს ექიმის კაბინეტი გავაკეთეთ ჩვენი ბიუჯეტის ხარჯით, ასევე კოსმეტიკური რემონტი ტარდება ყოველწლიურად. ჩვენი სპონსორების დახმარებით კი მერხები, სკამები, კარადები, დაფები შევიძინეთ.

„ერთხელ ასეთი სიურპრიზიც გაგვიკეთეს ჩემი სადამრიგებლო კლასის ყოფილმა მოსწავლეებმა, რომლებიც მოსკოვში ცხოვრობენ – ეს იყო ჩემი პირველი კლასი, რომლის დამრიგებელიც ვიყავი და 2001 წელს დაამთავრეს სკოლა. მოკლედ, თანაკლასელები ერთმანეთს შეხვდნენ მოსკოვში და გადაწყვიტეს რამეთი დაგვხმარებოდნენ. ერთ დღესაც, 4 წლის წინ, დამირეკეს ჩემმა ყოფილმა მოსწავლეებმა – ქალბატონო ვარდუჰი, სად ხართო? ვუთხარი, რომ სკოლაში ვიყავი, მიპასუხეს არ წახვიდეთ და 5 წუთში მოვალთო. მართლაც მოვიდნენ მალე. დამირეკეს და გარეთ გასულს ასეთი სურათი დამხვდა: ორი მანქანაა სკოლის ჭიშკართან მომდგარი, ერთიდან დიდი ტელევიზორი გადმოიტანეს, მეორედან კი დივანი, სამეული. ასე დაგვასაჩუქრეს ყოფილმა მოსწავლეებმა. ასევე მინდა ვთქვა, რომ 2 წელია ტიგრან იორდანიანი სკოლის ყველა მოსწავლისთვის ფულს აგზავნის საახალწლო საჩუქრების შესაძენად“, – განაცხადა ზაკის საჯარო სკოლის დირექტორმა.

როგორც ვარდუჰი მკრტჩიანმა აღნიშნა, სკოლის 50 წლის იუბილეზე ჩამოსულ სტუმრებთან ერთად ექსკურსიასაც გეგმავდნენ თურქეთში, მათი წინაპრების სოფელში, მაგრამ ხელი შეეშალათ.

„დაგვპირდნენ, რომ შემოდგომით დაბრუნდებიან და ალბათ, მაშინ გავემგზავრებით ექსკურსიაზე თურქეთში, იმ სოფელში, საიდანაც მე-19 საუკუნის პირველ ნახევარში ჩვენი წინაპრები წამოვიდნენ საქართველოში და აქ, ამ ქართულ მიწაზე დასახლდნენ, სადაც ახლა ჩვენი სოფელია გაშენებული. ეს არის ერზრუმის ვილაიეთის სოფელი კამპირი, საიდანაც ჩვენი წინაპრები ჩამოვიდნენ აქ. ამჟამად იქ მხოლოდ თურქები ცხოვრობენ. მე ერთხელ ვიყავი ამ სოფელში, მაგრამ მინდა რომ ყველამ ნახოს ეს ადგილი, ამიტომ მივიღე გადაწყვეტილება, რომ ამჯერად იქ წაგვეყვანა ჩვენი მოსწავლეები. ექსკურსიის ხარჯები, 30 000 რუსული რუბლი ჩვენმა ერთ-ერთმა თანასოფლელმა გადმოგვცა. წინა წლებში ორჯერ უკვე ვიყავით თურქეთის სხვადასხვა ნაწილში.

„საერთოდ, ჩემი დაბადების ადგილი ჩემთვის ყველაზე ძვირფასია. ყველამ უნდა იცოდეს თავისი ისტორია, ამბავი წინაპრების შესახებ, ნახოს საიდან მოვიდნენ… პირველად რომ ვიყავი, გული სიხარულისგან ფანცქალებდა, ვერ გადმოგცემთ რა ხდებოდა ჩემს გულში, თან ტიროდა გული, თან ხარობდა, ვფიქრობდი სად იყვნენ ჩვენი წინაპრები, როგორ ცხოვრობდნენ, რა მდგომარეობა იყო, რატომ გახდნენ იძულებული დაეტოვებინათ თავიანთი მშობლიური ადგილები და წასულიყვნენ სხვაგან, მნიშვნელობა არ აქვს საქართველოში თუ სომხეთში, თუ სად. ცუდი ის არის, რომ იძულებული გახდნენ დაეტოვებინათ მშობლიური სოფელი და აყრილიყვნენ იქიდან – აი, ეს არის ძალიან ცუდი. ყველა ადმიანისთვის თავისი სამშობლო ყველაზე პირველია, რა ვიცი, ჩემთვის ეგრეა. ჩემი მხარე სამოთხეა ჩემთვის და ახლა, ჩემი ეს სამოთხე საქართველოა.

„ჩვენ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ვიყავით ექსკურსიებზე. ბავშვებს გავაცანით ჩვენი ქვეყნის არაერთი ღირსშესანიშნაობა. ახლა მოდი წავალთ ჩვენი წინაპრების სოფელში, საიდანაც წამოვიდნენ ისინი, რომ ნახონ ბავშვებმა, თუ საიდან არიან მათი წინაპრები, ნახონ რა ადგილებია, როგორია იქაურობა. საერთოდ, ეს ჩვენი, სომხების ტერიტორია იყო, რომელიც სამწუხაროდ ახლა თურქეთის შემადგენლობაშია, თუმცა მე არ მინდა ამ თემის განვრცობა. უბრალოდ, მინდა ჩვენი წინაპრების ნამყოფი, ნაცხოვრები ადგილები მოვინახულოთ“, – სევდიანად თქვა ვარდუჰი მკრტჩიანმა.

მან გაიხსენა, თუ როგორ აღმოჩნდა სკოლის დამთავრების შემდეგ თბილისის უმაღლეს სასწავლებელში და თუ როგორ გაუწია ანგარიში დედამისს, სამედიცინო ინსტიტუტში ჩაბარების ნაცვლად პედაგოგიური მიმართულებით გადაედგა ნაბიჯი.

„მაშინ, ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში, როდესაც ახალქალაქის რაიონიდან აბსოლუტური უმრავლესობა სომხეთში ან რუსეთში მიდიოდა უმაღლესი განათლების მისაღებად, მე თბილისში წავედი და ამის მიზეზი იყო შემდეგი: დედაჩემთან ჩემი მეგობარი მივიდა, უთხრა, რომ თბილისში, პუშკინში ადგილი იყო მოსამზადებელზე. მე დედას ვუთხარი, რომ ექიმობა მინდოდა და ის მეუბნებოდა, რომ არა, მასწავლებელი უნდა გახდეო. საექიმოზე 7 წელი უნდა ისწავლოო, მერე კიდევ… თვითონაც ძალიან კარგი ექთანი იყო, ამ სფეროს კარგად იცნობდა…

„რადგან ასე დაჟინებით უნდოდა ჩემი მასწავლებლობა, გადავწყვიტე, რომ არ გამებრაზებინა დედაჩემი, მეთქი წავალ და ვნახავ რა იქნება, წავედი და როგორც ჩანს, ჩემი ბედი იყო ეს, ჩავაბარე თბილისის მაშინდელ პუშკინის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტიუტში, რომელსაც, სანამ სწავლას დავასრულებდი, სახელი შეეცვალა და სულხან-საბა ორბელიანის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტი დაერქვა. სხვათაშორის, წარმატებით დავამთავრე უმაღლესი და ახლა ძალიან მიხარია, რომ არა ერევანში, არამედ თბილისში წავედი სასწავლებლად. ამ გადმოსახედიდან, როცა ქართული ენის ცოდნა ასეთი აუცილებელია პედაგოგისთვის, დირექტორისთვის, საერთოდ, საქართველოს ყველა მოქალაქისთვის, კიდევ უფრო მეტად ვფიქრობ, რომ თავის დროზე სწორი არჩევანი გავაკეთე.

„თბილისში გატარებული წლები კი, ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდია. არც კი ვგრძნობდი თავს უცხო გარემოში, რადგან მაშინაც იმდენი სხვადასხვა ეროვნების ადამიანი იყო თბილისში. ძალიან ბევრი ქართველი მეგობარი მყავდა. განსაკუთრებით ვმეგობრობდი სვანებთან (იცინის)… ჯოყოლა, ლექსო, ვინ არა… (იცინის)… თბილისში გატარებული წლები,სტუდენტობა, ჩემი ცხოვრების ძალზე ბედნიერი, ტკბილი და ლაღი მოგონებებია“, – უთხრა GUARDIANGE-ის ვარდუჰი მკრტჩიანმა.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები