გომანის საჯარო სკოლის დირექტორი ჰაიასტან მოვსესიანი: 11-წლიანი სწავლების დანერგვა კარგი იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუკი სკოლაში ბავშვების შეყვანის ასაკი 6-დან 7 წლამდე გაიზრდებოდა და მე-12 კლასელების გასავლელი მასალებიც სხვა კლასებში გადანაწილდებოდა

GUARDIANGE – ჰაიასტან მოვსესიანი, რომელიც სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ გომანის საჯარო სკოლის დირექტორის თანამდებობაზე 1986 წლიდან მუშაობს და მასწავლებლობის 41-წლიანი სტაჟი აქვს, მიესალმება საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დაანონსებულ რეფორმას, რომელიც სასკოლო-საგანმანათლებლო პერიოდის 12-წლიანი სწავლებიდან 11-წლიან სწავლებაზე გადასვლას ითვალისწინებს, თუმცა ღვაწლმოსილ პედაგოგს და დირექტორს მიაჩნია, რომ ასეთი  რეფორმის განხორციელებას სხვა ცვლილებებიც თან უნდა ახლდეს.

სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ გომანის საჯარო სკოლის მოსწავლეები

„ვფიქრობ, 11-წლიანი სწავლების დანერგვა კარგი იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუკი სკოლაში ბავშვების შეყვანის ასაკი 6-დან 7 წლამდე გაიზრდებოდა. მიმაჩნია, რომ ბავშვები პირველ კლასში საკმაოდ ადრეულ ასაკში შემოდიან, 5-6 წლის ასაკში, არადა სასურველია 7 წლიდან იწყებდნენ სწავლას, როგორც საბჭოთა კავშირის დროს იყო, რადგან 6 წლის ასაკიდან სკოლაში სწავლის დაწყებას გარკვეული სირთულეები ახლავს თან, მაგალითდ, წიგნების ტარება. შესაძლოა, მოზარდები გონებრივად მზად არიან ამისათვის, მაგრამ ფიზიკურად არა, რადგან დიდი მოცულობის წიგნების ტარება უწევთ, საბჭოთა პერიოდში მხოლოდ 1 წიგნი დაჰქონდათ, რადგან სავარჯიშოები იმავე წიგნში იყო მოცემული, ახლა კი ცალ-ცალკე წიგნები უნდა ატარონ, რაც რთულია მათთვის, ამ ასაკში ეს აღემატება მათ ფიზიკურ ძალებს.

GUARDIANGE-ის ფოტოზე: ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელი გომანი

„11-წლიან სწავლებას მივესალმები, გამიხარდება თუკი ასე გადაწყდება, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მაშინ სწავლა 7 წლის ასაკში უნდა დაიწყოს, როგორ შეიძლება 5-6 წლის ბავშვის სკოლაში მიყვანა. გარდა ამისა, 11-წლიანი სწავლების დანერგვის შემთხვევაში უნდა მოხდეს მე-12 კლასში გასავლელი მასალების ისე გადანაწილება, რომ მოსწავლეებმა შეძლონ შესაბამისი ცოდნის მიღება. ამჟამად, მე-12 კლასში ახალი საგნებია დამატებული – ფიზიკა, გეოგრაფია, ბიოლოგია. შარშან მე-12 კლასის კვირეული დატვირთვა იყო 21 საათი, ადრე არ იყო ფიზიკა, ქიმია, გეოგრაფია, ბიოლოგია“, – აღნიშნა ჰაიასტან მოვსესიანმა.

GUARDIANGE-ის ფოტოზე: სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ გომანის საჯარო სკოლის დირექტორი ჰაიასტან მოვსესიანი

დირექტორი განათლების სამინისტროს მიერ ბოლო წლებში განხორციელებულ რეფორმასაც აფასებს და აცხადებს, რომ არაქართულენოვან საჯარო სკოლებში ბილინგვური სწავლების დანერგვა უაღრესად ხელისშემწყობი ფაქტორია მოზარდების მიერ სახელმწიფო ენის უკეთესად შესწავლის თვალსაზრისით.

GUARDIANGE-ის ფოტოზე: სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ გომანის საჯარო სკოლის მოსწავლეები

როგორც ჰაიასტან მოვსესიანმა ახალი ამბების სააგენტო GUARDIANGE-ის განუცხადა, გომანის საჯარო სკოლაში მე-3 წელია რაც ბილინგვური სწავლება მიმდინარეობს და ბავშვებისთვის ეს პროექტი ძალზე საინტერესო აღმოჩნდა.

„ამ პროექტის წყალობით, ისინი უფრო უკეთესად სწავლობენ სახელმწიფო ენას, თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ბავშვებისთვის ეს ძნელიცაა, რადგან მათ პირველი კლასებიდანვე მშობლიურ, სომხურ ენაზე სწავლის პარალელურად უწევთ ინგლისურის და ქართულის, როგორც მეორე ენის შესწავლა, რაც ადვილი არ არის. პირველი და მეორე კლასელებისთვის ეს ძნელია. მიუხედავად ამისა, ბავშვები მაინც სიამოვნებით სწავლობენ სახელმწიფო ენაზე ახალ ტერმინებს.

„სკოლაში ბილინგვური სწავლება სამ საგანში მიმდინარეობს, „მე და საზოგადოებას“  უკვე მესამე წელია რაც ბილინგვური სწავლების ფარგლებში სწავლობენ, მათემატიკისა და ბუნებისმეტყველების სწავლება კი ახალი, 2025-2026 სასწავლო წლიდან დაიწყო და კმაყოფილი არიან არამარტო ბავშვები, არამედ მშობლებიც“, – უთხრა GUARDIANGE-ის ჰაიასტან მოვსესიანმა.

GUARDIANGE-ის ფოტოზე: სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ გომანის საჯარო სკოლის დირექტორი ჰაიასტან მოვსესიანი

ჰაიასტან მოვსესიანი, რომელიც თავად კარგად ფლობს ქართულ ენას, გამომდინარე იქიდან, რომ უმაღლესი განათლება თბილისში, მაშინდელ პუშკინის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტში მიიღო, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის არაქართულენოვან საჯარო სკოლებში სახელმწიფო ენის სწავლების პროცესში ერთ-ერთ დამაბრკოლებელ ფაქტორად იმას მიიჩნევს, რომ კომპაქტურად ეთნიკური სომხებით დასახლებულ სოფლებში შესაბამისი გარემო არ არსებობს.

„მოგეხსენებათ, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის უმეტეს სოფლებში, სადაც ეთნიკური სომხები ვცხოვრობთ, ბაშვები სახელმწიფო ენას მხოლოდ სკოლებში სწავლობენ, ანუ აქ მიღებული ცოდნის შემდგომი გაღრმავებისთვის, პრაქტიკულ ნაწილში მისი გამოყენებისთვის შესაბამისი გარემო არ არსებობს, თუმცა სკოლაში ყველა პირობაა იმისათვის შექმნილი, რომ მოზარდებმა სათანადოდ შეისწავლონ სახელმწიფო ენა.

GUARDIANGE-ის ფოტოზე: სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ გომანის საჯარო სკოლა

„უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო 15-10 წლის განმავლობაში სახელმწიფო ენის სწავლება უფრო მეტად განვითარდა და შედეგებიც სახეზეა. თუკი ადრე ქართული ენის საათებს მცირე დრო ეთმობოდა, ახლა ყოველდღიურად ტარდება გაკვეთილები და დაწყებით კლასებში მშობლიურ ენას გაუთანაბრდა საათების რაოდენობა – 5-5  საათია და ძალიან დიდი სიამოვნებით სწავლობენ მოსწავლეები სახელმწიფო ენას, რასაც ადასტურებს ის ფაქტი, რომ ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულების უმრავლესობა საქართველოში, თბილისის სხვადასხვა უნივერსიტეტში წარმატებით განაგრძობს სწავლას“, – განაცხადა ჰაიასტან მოვსესიანმა.

GUARDIANGE-ის ფოტოზე: სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ გომანის საჯარო სკოლა

დირექტორის თქმითვე, რეგიონის არაქართულენოვან საჯარო სკოლებში ბილინგვური სწავლების უფრო ეფექტურად დანერგვას სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში ბილინგვური განათლების შეტანა მნიშვნელოვნად უწყობს ხელს, თუმცა სამწუხარო ფაქტი ისაა, რომ სოფელ გომანში ამ დრომდე არ ფუნქციონირებს ბაგა-ბაღი.

„ჩვენს სოფელში, სამწუხაროდ, არ არის ბაგა-ბაღი, მაგრამ მომავალ წელს სკოლის ძველი შენობის ადგილზე იგეგმება ახალი ბაღის მშენებლობა და ეს, რა თქმა უნდა, სოფლისთვის ძალზე კარგი ამბავი იქნება, გნებავთ იმ თვალსაზრისითაც, რომ ბილინგვურ განათლებას ბაგა-ბაღებში ეყრება საფუძველი და როდესაც ბავშვები იქვე დაიწყებენ სახელმწიფო ენის შესწავლას, უკვე სკოლაში შემოსულები, გაცილებით მომზადებული იქნებიან და ერთობლიობაში, ამ პროექტის წყალობით, დაწყებითი საფეხურის, მე-6 კლასის დამთავრების შემდეგ, დარწმუნებული ვარ, მაღალი შედეგი იქნება მიღწეული. ამის თქმის საფუძველს მაძლევს ის, რომ საგანში „მე და საზოგადოება“, რომელიც მესამე წელია ბილინგვური სწავლების პროექტშია ჩართული, უკვე კარგი შედეგი გვაქვს, ხოლო მათემატიკა და ბუნებისმეტყველება, როგორც გითხარით, მხოლოდ წელს ჩაერთო ბილინგვურ სწავლებაში, შესაბამისად, აქ გარკვეული დროის გასვლის შემდეგ გვექნება სათანადო შედეგი.

GUARDIANGE-ის ფოტოზე: სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ გომანის საჯარო სკოლის მოსწავლეები

მართალია, ბავშვები სახელმწიფო ენას ყოველდღე სწავლობენ, ქართული როგორც მეორე ენა კვირაში 5 საათს მოიცავს, მაგრამ ბილინგვური სწავლებისას კიდევ უფრო მეტად იმდიდრებენ ლექსიკას სხვადასხვა საგნის შესაბამისად, კლასში ორი მასწავლებელია შესული და ისინი სომხურ და ქართულ ენაზე ატარებენ გაკვეთილს. გომანის საჯარო სკოლაში, ბილინგვური სწავლებისთვის ყველა პირობაა შექმნილი, მათ შორის მნიშვნელოვანია სახელმძღვანელოები და ამ მხრივაც არანაირ პრობლემა არ გვაქვს“, – უთხრა GUARDIANGE-ის ჰაიასტან მოვსესიანმა.

GUARDIANGE-ის ფოტოზე: სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ გომანის საჯარო სკოლის მოსწავლეები

როგორც მან აღნიშნა, ზოგადად, სასკოლო სახელმძღვანელოები საინტერესოდაა შედგენილი, მაგრამ მე-12 კლასებში სამი საგანი ემატება – ბიოლოგია, გეოგრაფია, ფიზიკა და აღნიშნული საგნების სახელმძღვანელოები არ აქვთ.  ასევე, არ გააჩნიათ საგნის – „მოქალაქეობა“ – სახელმძღვანელო, რომელიც ადრე ისწავლებოდა როგორც  „სამოქალაქო თავდაცვა“.

GUARDIANGE-ის ფოტოზე: სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ გომანის საჯარო სკოლის მოსწავლეები

დირექტორი წუხს, რომ მიგრაციის გამო, ბოლო წლებში გომანის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა რაოდენობა კლებისკენ მიდის. მისი ინფორმაციით, თუკი 2022-2023 სასწავლო წელს 155 მოსწავლე ირიცხებოდა, 2023-2024 წლებში მათი რაოდენობა 136-მდე ჩამოვიდა, წელს კი 118 შეადგინა.

GUARDIANGE-ის ფოტოზე: სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ გომანის საჯარო სკოლის მასწავლებლები

„მიგრაციულმა პროცესმა მოსწავლეთა რაოდენობის შემცირება გამოიწვია, მაგრამ მიმდებარე სოფლების – ზაკვის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სოფლების, ზაკვის ოლავერდის, ბალხოს, ბუღაშენის მიხედვით თუ შევხედავთ, ჩვენი სკოლა მოსწავლეთა რაოდენობის მხრივ მაინც გამოირჩევა, მაგრამ პრობლემა ისაა, რომ სკოლას არ აქვს თანამედროვე, შესაბამისი ინფრასტრუქტურა. სკოლა აშენებულია ჩვენი თანასოფლელი სპონსორების დახმარებით, მაგრამ არ გააჩნია სპორტული დარბაზი, გარე მოედანი გვაქვს, მგარამ დარბაზი არა. ასევე, არ გვაქვს სააქტო დარბაზი, არც ცალკე ბიბლიოთეკა, არც ცალკე ლაბორატორია, ყველაფერი ერთ ოთახშია განთავსებული – ქიმიის, ბიოლოგიის, ფიზიკის ლაბორატორია, წიგნებთან ერთად, ერთ პატარა ოთახშია განთავსებული. აი, ეს არის ჩვენი სკოლის ყველაზე დიდი სატკივარი.

GUARDIANGE-ის ფოტოზე: სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ გომანის საჯარო სკოლის ღია სპორტული მოედანი

მოგეხსენებათ, როგორი ცივი ზამთარია ჯავახეთში და ღია სივრცეში წარმოუდგენელია სპორტის გაკვეთილების სრულფასოვნად ჩატარება. თუკი რამე დახმარება იქნება სახელმწიფოს მხრიდან, ძალიან გაგვიხარდება.  იმედს ვიტოვებ, რომ სახელმწიფო ჩასვამს რეაბილიტაციის პროგრამაში სპორტდარბაზის პროექტს. მჯერა, ხვალიდნელი დღე უკეთესი იქნება.

„მინდა ყველას ჯანმრთელობა და ომების გარეშე ცხოვრება, ჩვენს ბავშვებს კი თავიანთი ოცნებების ასრულება ვუსურვო“, – განაცხადა GUARDIANGE-ისთან საუბრისას ჰაიასტან მოვსესიანმა.

GUARDIANGE-ის ფოტოზე: სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ გომანის საჯარო სკოლის დირექტორი ჰაიასტან მოვსესიანი

მოკლე ბიოგრაფიული ცნობები ჰაიასტან მოვსესიანის შესახებ

დაიბადა ახალქალაქის რაიონის სოფელ გომანში, 1958 წლის 15 აგვისტოს, 1975 წელს დაამთავრა გომანის საშუალო სკოლა, 1979 წელს ჩააბარა თბილისის ალექსანდრე პუშკინის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ქართული ფილოლოგიის ფაკულტეტის სომხურ-ქართულ განყოფილებაზე, რისი დასრულების შემდეგაც, 1984 წელს, მუშაობა ახალქალაქის რაიონის სოფელ გომანის საშუალო სკოლაში სომხური ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად დაიწყო. 1986 წელს ამავე სკოლის დირექტორად დაინიშნა და დღემდე აღნიშნულ თანამდებობაზე მუშაობს, არის სომხური ენის უფროსი მასწავლებელი.

დაბლა იხილეთ GUARDIANGE-ის ფოტოები

საგაკვეთილო პროცესი სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ გომანის საჯარო სკოლაში

სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ გომანის საჯარო სკოლის დირექტორი ჰაიასტან მოვსესიანი
საგაკვეთილო პროცესი სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ გომანის საჯარო სკოლაში
საგაკვეთილო პროცესი სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ გომანის საჯარო სკოლაში
საგაკვეთილო პროცესი სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ გომანის საჯარო სკოლაში
საგაკვეთილო პროცესი სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ გომანის საჯარო სკოლაში
საგაკვეთილო პროცესი სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ გომანის საჯარო სკოლაში
საგაკვეთილო პროცესი სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ გომანის საჯარო სკოლაში
საგაკვეთილო პროცესი სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ გომანის საჯარო სკოლაში
საგაკვეთილო პროცესი სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ გომანის საჯარო სკოლაში
საგაკვეთილო პროცესი სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ გომანის საჯარო სკოლაში
საგაკვეთილო პროცესი სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ გომანის საჯარო სკოლაში
GUARDIANGE-ის ფოტოზე: სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ გომანის საჯარო სკოლის დირექტორი ჰაიასტან მოვსესიანი

მსგავსი თემები

ბოლო სიახლეები