ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ გომანის სომხურენოვანი საჯარო სკოლის დირექტორმა ჰაიასტან მოვსესიანმა მე-20 საუკუნის 70-იან წლებში სომხეთის უნივერსიტეტში ჩაბარების წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, მუშაობა გომანის მეცხოველეობის ფერმაში დაიწყო, სოფლის დეპუტატიც გახდა და აქტიური კომკავშირული საქმიანობით დაკავდა.
სწორედ ამ დროს, სრულიად შემთხვევით, ერთ-ერთი მისი ნაცნობისგან გაიგო, რომ თბილისში, მაშინდელ პუშკინის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტში სომხურ-ქართული ფილოლოგიის ფაკულტეტზე განათლების მიღების შესაძლებლობა არსებობდა და მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა პერიოდში მისი თანატოლების აბსოლუტური უმრავლესობა სომხეთში მიდიოდა უმაღლესი განათლების მისაღებად, დაუფიქრებლად გადაწყვიტა ახალქალაქის მაღალმთიანი სოფლიდან, სასწავლებლად საქართველოს დედაქალაქისკენ აეღო გეზი.
ამ გადაწყვეყილებას უმადლის იმას, რომ სახელმწიფო ენა კარგად იცის და მის ყოველდღიურ საქმიანობაში თავისუფლად იყენებს მას. მიიჩნევს, რომ ყველა ადამიანმა უნდა იცოდეს იმ ქვეყნის სახელმწიფო ენა, სადაც ცხოვრობს.
ჰაიასტან მოვსესიანი რეგიონის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად უმუშევრობას და ამის შედეგად წარმოშობილ მიგრაციის მაღალ დონეს ასახელებს.
იგი ამბობს, რომ იმ პერიოდში, როდესაც მასწავლებლად დაიწყო მუშაობა და მოგვიანებით დირექტორი გახდა, სკოლაში 40 პედაგოგი იყო დასაქმებული და 350 ბავშვი ირიცხებოდა, ამჟამად კი, 18 მასწავლებელი და 136 მოსწავლეა.
„ჯერ კიდევ გასულ სასწავლო წელს 155 მოსწავლე გვყავდა, ანუ 2023-24 სასწავლო წელს 19-ით შეგვიმცირდა ბავშვების რაოდენობა, სოფლიდან რამდენიმე მრავალშვილიანი ოჯახის რუსეთში საცხოვრებლად გადასვლის გამო“, – სიანანულით უთხრა ჰაიასტან მოვსესიანმა GUARDIANGE-ის ქართულ ენაზე (შენიშვნა: ქალბატონ ჰაიასტან მოვსესიანთან საუბარი მთლიანად ქართულ ენაზე შედგა).
მისი ინფორმაციით, გომანისა და მიმდებარე სოფლებიდან, ისევე როგორც მთლიანად ახალქალაქის მუნიციპალიტეტიდან, საზღვარგარეთ, ძირითადად კი რუსეთში, ოჯახების გადინების პროცენტული მაჩვენებელი ბოლო პერიოდში საკმაოდ მაღალია.
„ჩვენი სოფლიდან, სხვებთან ერთად, სამი ისეთი ოჯახი წავიდა წელს რუსეთში საცხოვრებლად, რომელთაც სამ-სამი შვილი ჰყავდათ. ეს ბავშვები ჩვენი სკოლის საუკეთესო, წარჩინებული მოსწავლეები იყვნენ.
„მიგრაცია დიდი პრობლემაა რეგიონისთვის და ამის მიზეზი სამუშაო ადგილების არარსებობაა. ადრე, საბჭოთა პერიოდში, სოფლებში ფერმები და მეურნეობები ფუნქციონირებდა და ხალხიც დასაქმებული იყო, ახლა კი მხოლოდ სკოლა მუშაობს და აქაც 18 მასწავლებელი და დირექციის რამდენიმე წევრია დასაქმებული.
„მე მაინც საბჭოთა პერიოდის ადამიანი ვარ და გეტყვით, რომ ცხოვრება მაშინაც არ იყო ადვილი, მაგრამ ადამიანებს ასე არ უჭირდათ. სამუშაო ადგილები პრობლემას არ წარმოადგენდა და უმრავლესობა დასაქმებული იყო. ახლა კი, სოფლებიდან ხალხი უმუშევრობის გამო მიდის.
„ჩვენთან, მოგეხსენებათ, ძირითადად კარტოფილი მოდის და მასზე იმდენად დაბალი ფასია, რომ მხოლოდ ამით ოჯახების რჩენა ძალიან რთულია. წარმოიდგინეთ, 40-50-60 თეთრი ღირს ადგილზე 1 კილოგრამი კარტოფილი, რაც ძალიან დაბალი ფასია. მე თავადაც ვამუშავებ მიწას, გასულ წელს 10 ტონა კარტოფილი მოვიყვანე, მაგრამ ვერ გავყიდე და მეზობლებს დავურიგე, რომ საქონლისთვის მაინც ეჭმიათ, რადგან მე თავად არ მყავს პირუტყვი. წელს, იმედია, არ დაგვრჩება გაუყიდავი“, – უთხრა GUARDIANGE-ის ჰაიასტან მოვსესიანმა.
იგი მიიჩნევს, რომ სოფლებში კარტოფილის გადამამუშავებელი მცირე საწარმოების შექმნა ან კიდევ სხვა პროფილის საწარმოების ამოქმედება მოსახლეობისათვის დიდი შეღავათი იქნებოდა.
„მაგალითად, რომ შეიქმნას მცირე ზომის საწარმოები, სადაც გლეხებისგან მისაღებ ფასად შეძენილ პროდუქციას გადაამუშავებდნენ, ვფიქრობ, ადგილობრივებს უფრო მეტი სტიმული ექნებოდათ. კონკურენციაც მეტი იქნებოდა. აქ ამოსულ კარტოფილის შემსყიდველებსა და საწარმოებს შორის კონკურენცია იარსებებდა და ვფიქრობ, შედარებით მეტ ფასში მოხდებოდა პროდუქციის შესყიდვა. ასევე, დასაქმდებოდა ადგილობრივი მოსახლეობაც, მაგრამ ჯერჯერობით ამის ნიშნები არ ჩანს.
„გარდა სოფლის მეურნეობისა, ჩვენთან მეცხოველეობაცაა განვითარებული და ჩვენი მეზობელი მუნიციპალიტეტიდან, ნინოწმინდიდან, რძის გადამამუშავებელი საწარმოდან ადგილზე მოდიან და იბარებენ რძეს. სოფლად დარჩენილი მოსახლეობა უქმად ნამდვილად არ არის, შრომობს, მაგრამ მათ შრომას სათანადო ფასი არ აქვს. სხვა პროდუქტებზე, ყველაფერზე გაძვირებულია ფასები, კარტოფილის ღირებულება კი იგივე რჩება. ეს ვფიქრობ, არ არის სამართლიანი. იმდენი შრომა, ტექნიკა, შეწამვლა სჭირდება კარტოფილის მოყვანას და მის დაბინავებას, რომ 50 თეთრი, არაგონივრული ფასია“, – აღნიშნა ჰაიასტან მოვსესიანმა.
ღვაწლმოსილი დირექტორი, რომელიც 27 წელია სკოლას უდგას სათავეში, ამბობს, რომ სოფლის და სკოლის ცხოვრება ერთმანეთთან მჭიდროდაა გადაჯაჭვული და თუკი სოფლად ადამიანების ცხოვრება არ გაუმჯობესდება და ახალგაზრდობას რაიმე პერსპექტივა არ გაუჩნდება, მიგრაციის პროცესი კიდევ უფრო მეტად გაღრმავდება, შედეგად კი, სკოლებიც პრობლემების წინაშე აღმოჩნდებიან – მათ უბრალოდ არ ეყოლებათ ბავშვები და საგანმანათლებლო დაწესებულებების დახურვის საფრთხე წარმოიშობა.
ჰაიასტან მოვსესიანის წუხილს იზიარებენ ადგილობრივები. GUARDIANGE ერთ-ერთ გლეხს, სოფელ გომანის მკვიდრს, 77 წლის არტიომ ჩერაგიანს, თავის კარტოფილის ყანაში, ოჯახის წევრებთან ერთად მოსავლის აღებისას გაესაუბრა. ისიც, სხვების მსგავსად, ჩივის, რომ კარტოფილის ფასი საკმაოდ დაბალია – 1 კილოგრამის ღირებულება 50-დან 70 თეთრის ფარგლებში მერყეობს.
„აქ და სხვა ნაკვეთში, ჯამში 10 ტონაზე მეტი მომყავს კარტოფილი, მაგრამ შარშან მაგალითად, ვერ გავყიდე და საქონელი, ძროხები გამოვკვებე. წელს, იმედია, გავყიდი“, – ეუბნება თავის ყანაში, კარტოფილის აღებისას GUARDIANGE-ის არტიომი და განაგრძობს:
„ერთი რამ მაკვირვებს, ყველაფერზე მომატებულია ფასები, საწვავიც, აგერ უყურებთ დღითი დღე ძვირდება, ამ კარტოფილზე კი არა და არ მოიმატა ფასებმა. კილოგრამი 1 ლარი, 1 ლარი და 20 თეთრი როგორ არ უნდა ღირდეს, მაშინ როცა ვაშლი, მსხალი და სხვა მსგავსი პროდუქტები 2 და 3 ლარი და მეტიც კი ღირს?!
„კარტოფილის 50 თეთრად ჩაბარება ნიშნავს, რომ სულ რაღაც 5 თეთრი გრჩება მოგება. რაღაც უნდა ეშველოს ამ ამბავს. მიაწვდინეთ ხმა ვინმეს, ხელისუფლება ხომ გვყავს. გაიგონ ჩვენი სატკივარი. იღონონ რამე“, – გულისტკივილით ეუბნება GUARDIANGE-ის არტიომ ჩერაგიანი რუსულ ენაზე.
მეორე გლეხი, გომანთან ახლომდებარე სოფლის, არაგვას მკვიდრი, 63 წლის ვარშარ ვარტერესიანი კი, რომელიც თავის თანასოფლელთან ერთად ნახირს მწყემსავს, GUARDIANGE-ის ეუბნება, რომ სოფლად ცხოვრება დღეს განსაკუთრებით რთულია.
„რა გითხრათ, რთულია ცხოვრება ასეთ პირობებში, მაგრამ რა უნდა ვქნათ, გაგვაქვს ეს ცხოვრება, სხვა რა გზაა (ხელი ჩაიქნია)… მთავარია მშვიდობა იყოს, ღმერთი კი ლუკმა-პურს არ მოგვისპობს… 9 ოქტომბერს 64 წლის ვხდები და მაინც მიხარია ცხოვრება“, – უთხრა GUARDIANGE-ის ვარშარ ვარტერესიანმა.
გომანის საჯარო სკოლის დირექტორი, რომელსაც თავის სკოლასთან ერთად არაერთი რთული პერიოდი აქვს გამოვლილი, ამბობს, რომ რთული მდგომარეობიდან გამოსავალი ყოველთვის შეიძლება მოიძებნოს.
„ათწლეულების წინათ, 1986 წლიდან სკოლის შენობა ავარიულ მდგომარეობაში იყო, მაგრამ ჩვენს მასწავლებლებს არც ერთი დღით არ მიუტოვებიათ სკოლა და ძალიან გულმოდგინედ აკეთებდნენ თავიანთ საქმეს. ახალი სკოლა ჩვენმა რუსეთში მცხოვრებმა თანასოფლელებმა აგვიშენეს, მოგვიწყვეს. ჩვენც ჩავატარეთ შიდა რემონტი, გავაკეთეთ ცენტრალური გათბობა, დავაყენეთ სიგნალიზაცია, ვიდეო კამერები, ახლა კი, ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი საზრუნავი სპორტული დარბაზის მშენებლობაა. სკოლის ბიუჯეტით ამ საკითხს ვერ მოვაგვარებთ, რადგან ეს დიდ თანხებთანაა დაკავშირებული. იმედი გვაქვს განათლების სამინისტროს თანადგომის და ჩვენი იმ თანასოფლელი სპონსორების, რომლებიც საზღვარგარეთ ცხოვრობენ, ფინანსური შესაძლებლობა გააჩნიათ და სოფელს ყოველთვის ეხმარებიან.
„მათი წყალობით აშენდა ჩვენი ახალი სკოლა 2005 წელს, გაკეთდა ღია სპორტული მოედანი, წელს კი დასრულდა ახალი ტაძრის მშენებლობა, რომელიც 21 ოქტომბერს გაიხსნება. ასევე, მათი დახმარებით იგეგმება საბავშვო ბაგა-ბაღის მშენებლობა, რადგან ჩვენი დიდი სოფელი ბაღის გარეშეა დარჩენილი და იმ მშობლებს, ვისაც ამის შესაძლებლობა აქვთ, ბავშვები ჩვენგან 4 კილომეტრში მდებარე სოფელ არაგვაში ან კიდევ უფრო შორს, ბარალეთში დაჰყავთ.
„ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ სპორტული დარბაზის უქონლობა დიდად გვაბრკოლებს. აქ ძალიან ცივი და ხანგრძლივი ზამთარი იცის, სპორტის გაკვეთილებს კი ღია სივრცეში ვერ ჩაატარებ – შენობაში, თქვენც ნახეთ, რომ დიდი საკლასო ოთახები საერთოდ არ გვაქვს, არადა ბავშვებმა დახურულ სივრცეში უნდა ივარჯიშონ. რამდენი ნიჭიერი ახალგაზრდაა, რომლებიც სპორტდარბაზის უქონლობის გამო ვერ ახდენს თავისი ნიჭის რეალიზებას“, – აღნიშნა ჰაიასტან მოვსესიანმა.
დირექტორი ამბობს, რომ გომანის საჯარო სკოლაში ქართული ენის სწავლება ბოლო წლების განმავლობაში მაღალ დონეზე მიმდინარეობს და ბოლო 10 წლის განმავლობაში, კურსდამთავრებულთა აბსოლუტური უმრავლესობა საქართველოს უნივერსიტეტებში ირიცხებიან და სტუდენტობის შემდეგ ეს ახალგაზრდები ახალქალაქში იუსტიციის სახლში, ბანკებში თუ სხვა ორგანიზაციებში იწყებენ მუშაობას.
„თუკი 10-15 წლის წინათ ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულების უმრავლესობა სომხეთში მიდიოდა სწავლის გასაგრძელებლად, დღეს უკვე თბილისში ან სამცხე-ჯავახეთის უმაღლეს სასწავლებლებში მიდიან, წარმატებით ამთავრებენ უნივერსიტეტებს და სამუშაოზეც ეწყობიან.
„მაგალითად, წელს ჩვენი სკოლის 6-მა კურსდამთავრებულმა ჩააბარა საქართველოში. სომხეთში 1-2 თუ მიდის. ქართული ენის კარგად მცოდნე ახალგაზრდების დიდ ნაწილს დღეს არ უჭირს სამუშაოს მოძებნა. მათზე დიდი მოთხოვნაა. საერთოდ, მიმაჩნია, რომ ადამიანმა უნდა იცოდეს იმ ქვეყნის სახელმწიფო ენა, რომელ ქვეყანაშიც ცხოვრობს.
„ჩვენს დროს რუსული ენა იყო გაბატონებული, საბჭოთა კავშირის არსებობისას მას სხვა ენებთან შედარებით უპირატესობა ჰქონდა მინიჭებული. იმ დროს კვირაში 1 საათი გვასწავლიდნენ ქართულ ენას, თანაც მე-5 კლასიდან იწყებოდა სწავლება. ახლა პირველი კლასიდანვე არის ჩასმული საათობრივ ბადეში ქართულის როგორც მეორე ენის სწავლება და კვირაში მას 5 საათი ეთმობა. თან მაშინ ვინც გვასწავლიდა ქართულს, უმაღლესი განათლებაც არ ჰქონდა. ახლა კი, კვალიფიციური პედაგოგები გვყავს“, – აღნიშნა ჰაიასტან მოვსესიანმა.
მისი თქმით, ქართულენოვანი სკოლების მოსწავლეებთან ინტეგრირების მიზნით, გომანის საჯარო სკოლის ქართულის როგორც მეორე ენის წამყვანი მასწავლებლის, ხატია მეკოკიშვილის ინიციატივით და ორგანიზაცია „ხიდის“ თანადგომით, ბავშვები სოფლიდან 10 დღის განმავლობაში სხვა მუნიციპალიტეტებში მიჰყავთ, სომეხი და ქართველი თანატოლები ერთმანეთს უკეთ ეცნობიან და მეგობრდებიან.
„ჩენი ქართულის მასწავლებელი ძალიან ბევრ რამეს აკეთებს ქართული ენის შესწავლისთვის. ორგანიზაცია „ხიდის“ წარმომადგენელია, ბავშვები 10 დღით, 2 კვირით მიჰყავს ხოლმე საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში და ბანაკების თუ სხვა აქტივობების მეშვეობით, აახლოებს სომეხ და ქართველ ბავშვებს ერთმანეთთან… სკოლაში მის გარდა ასევე ქართულის 2 მასწავლებელია – ნარინე კაზარიანი და მარინე ჩრაღიანი და ისინიც კარგად ართმევენ თავს თავიანთ საქმეს“, – განაცხადა ჰაიასტან მოვსესიანმა.
მისი თქმით, სკოლის პედაგოგების აბსოლუტური უმრავლესობა გარკვეულ დონეზე ფლობს ქართულ ენას, მონაწილეობენ ტრენინგებში, გავლილი აქვთ ჟვანიას სკოლის კურსები.
„პედაგოგებმა ასე თუ ისე იციან ქართული. მაგალითად, ჩვენთან მუშაობს მათემატიკის მასწავლებელი, რომელმაც სომხეთში დაამთავრა სკოლაც და უმაღლესიც და როცა აქ მოვიდა, არც წერა-კითხვა იცოდა და არც საუბარი ქართულად. თუმცა იმდენი იმუშავა, რომ დღეს ქართულ ენაზე საუბრობს. ჩააბარა მათემატიკის გამოცდა და უფროსი მასწავლებელი გახდა“, – თქვა ჰაიასტან მოვსესიანმა.
მან GUARDIANGE-ის უთხრა, თუ როგორ გადაწყვიტა მე-20 საუკუნის 70-იანი წლების ბოლოს თბილისში სწავლის გაგრძელება – იმ პერიოდში, როდესაც ახალქალაქისა და ნინოწმინდის (მაშინდელი ბოგდანოვკის) რაიონებში მცხოვრები მისი თაობის წარმომადგენელთა აბსოლუტური უმრავლესობა სომხეთში ან რუსეთში მიდიდოდა სასწავლებლად.