„განათლებისა და მეცნიერების შესახებ“ საქართველოს ახალი კანონის პროექტის შემუშავების მიზნით შექმნილი სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა გაიმართა

„განათლებისა და მეცნიერების შესახებ“ საქართველოს ახალი კანონპროექტის შემუშავების მიზნით შექმნილი სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მიიღო.

როგორც გივი მიქანაძემ აღნიშნა, ამ ეტაპზე განათლებისა და მეცნიერების სფეროსთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს 7-ზე მეტი საკანონმდებლო აქტი არეგულირებს, რაც სამუშაო პროცესს როგორც სტრუქტურულად, ასევე შინაარსობრივად მოუქნელს და ხარვეზიანს ხდის. მინისტრის თქმით, ახალი ინიციატივა სწორედ ისეთი კანონპროექტის შექმნას გულისხმობს, რომელიც სფეროს მარეგულირებელი ძირითადი საკანონმდებლო აქტების კონსოლიდაციას ერთიან სამართლებრივ ჩარჩოში მოახდენს.

პირველი სამუშაო შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებმა ახალი კანონპროექტის შემუშავების ეტაპებზე იმსჯელეს. წევრებს შორის გადანაწილდა პასუხისმგებლობები, განხილულ იქნა მოქმედი კანონმდებლობა და რეგულაციები, გაანალიზდა სამართლებრივი ჩარჩოს ხარვეზები და იდენტიფიცირდა გამოწვევები.

დაიგეგმა ჯგუფის საქმიანობის მომდევნო ეტაპები. წევრები შეთანხმდნენ, რომ კანონპროექტი საქართველოს პარლამენტს საშემოდგომო სესიაზე წარედგინება. კანონის მიღების შემდეგ სამინისტროს მიერ განხორციელდება განათლების სფეროს შიდა ნორმატიული აქტების სრული რევიზია.

სამუშაო ჯგუფს, რომელიც უმაღლესი განათლების სისტემის რეფორმის ფარგლებში საქართველოს მთავრობის ინიციატივით შეიქმნა, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია ხელმძღვანელობს. სპეციალური ჯგუფის წევრები არიან აღმასრულებელი, საკანონმდებლო და აკადემიური წრეების წარმომადგენლები და შესაბამისი სფეროს ექსპერტები.

ინფორმაციას საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს. 

მსგავსი თემები

ბოლო სიახლეები