კაია კალასმა საქართველოსთვის ახალი სავიზო რეგულაციები წარადგინა, რაც უვიზო რეჟიმის გარკვეული ჯგუფებისთვის გაუქმებას ითვალისწინებს

მინისტრებმა ძალიან მკაფიოდ განაცხადეს, რომ საქართველოში კანონის უზენაესობასა და ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული სიტუაცია გაუარესებას განაგრძობს, – ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა ლუქსემბურგში, საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

კალასის თქმით, ევროპელი ელჩების წინააღმდეგ პერსონალური თავდასხმები მიუღებელია და ამას ადგილი არ უნდა ჰქონდეს დიპლომატიაში.

„ევროკომისია მიმდინარე წელს, მოგვიანებით წარადგენს ანგარიშს უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმთან დაკავშირებით. ნოემბერში ძალაში შევა ახალი სავიზო რეგულაციები, რაც მოგვცემს შესაძლებლობას, გავაუქმოთ უვიზო რეჟიმი გარკვეული ჯგუფებისთვის“, – განაცხადა კალასმა.

ამასთან, კაია კალასმა ისიც აღნიშნა, რომ საქართველოსთან დაკავშირებით მათ შესთავაზეს რამდენიმე ზომა სხვადასხვა რეჟიმის ფარგლებში, მაგრამ ამ დროისთვის ვერ შეძლეს მათი მიღება, რადგან ყველა წევრისგან მხარდაჭერა არ აქვს.

კალასის თქმით, ევროკომისია მოგვიანებით, მიმდინარე წელს წარადგენს ანგარიშს უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმთან დაკავშირებით, ასევე სავიზო რეგულაციებს და გარკვეულ ჯგუფებთან დაკავშირებით შეთავაზებას.

რაც შეეხება დღევანდელ შეხვედრას შავი ზღვისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებთან, ამასთან დაკავშირებით კაია კალასმა აღნიშნა, რომ საქართველო არ არის მიწვეული მინისტრების დონეზე დღეს დაგეგმილ აღნიშნულ შეხვედრაზე.

ამასთან, კაია კალასმა განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობის ზომები თავისუფალი მედიის, სამოქალაქო საზოგადოების, დემონსტრანტების წინააღმდეგ ევროკავშირის პრინციპებს ეწინააღმდეგება.

ამავდროულად, კითხვაზე, განიხილავენ თუ არა საქართველოს კვლავ კანდიდატ ქვეყნად, კალასმა უპასუხა, რომ ამ ზომებით ეს შეუძლებელია.

„ეს სწორედ ის შეშფოთებაა, რომელიც წევრმა სახელმწიფოებმა წამოაყენეს. სამოქალაქო საზოგადოებისა და ჟურნალისტებისთვის სივრცე ნამდვილად მცირდება და ის ზომები, რომლებსაც საქართველოს მთავრობა მიმართავს თავისუფალი მედიის, სამოქალაქო საზოგადოების, დემონსტრანტების წინააღმდეგ, ეწინააღმდეგება იმ წესებს და პრინციპებს, რომლებსაც ევროკავშირში ვაფასებთ. რაც შეეხება შეკითხვას წევრობის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით, ამ ზომებით,  შეუძლებელია, განვიხილოთ ეს, რადგან მიდის სრულიად სხვა მიმართულებით იმისგან, რასაც ევროპა წარმოადგენს“, – განაცხადა კაია კალასმა.

მსგავსი თემები

ბოლო სიახლეები