ქალაქ ნინოწმინდისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფლების – დიდი ხანჩალის, კათნატუსა და ოროჯალარის მოსახლეობის 24-საათიანი წყალმომარაგებისთვის თანამედროვე ინფრასტრუქტურა შენდება.
ამ ეტაპზე, ნინოწმინდისა და აღნიშნული სოფლების მოსახლეობას წყალი გრაფიკით მიეწოდება, წყლის სისტემა ამორტიზებულია და აღდგენას საჭიროებს.
პროექტით გათვალისწინებულია წყლის სათავე ნაგებობების აღდგენა. აშენდება რეზერვუარი და აღდგება არსებული რეზერვუარები. მოეწყობა წყალგამანაწილებელი ქსელი – 103,7 კმ, აღრიცხვის კვანძი – 2 741 ცალი.
დღეის მდგომარეობით სამუშაოების 46% შესრულებულია. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 40 მილიონ ლარზე მეტია.
სამშენებლო სამუშაოების დასრულების შემდეგ ქალაქ ნინოწმინდისა და სოფლების დიდი ხანჩალის, კათნატუსა და ოროჯალარის მოსახლეობა, ჯამში – 6 850 ბენეფიციარი, 24-სთ-იანი, ხარისხიანი წყალმომარაგებით ისარგებლებს.
მიმდინარე სამუშაოებს ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, საქართველოს პარლამენტის დეპუტატებთან ანტონ ობოლაშვილთან და სამველ მანუკიანთან და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერ ანივარდ მოსოიანთან ერთად გაეცნო.
ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.




