Thursday, March 20, 2025
5.8 C
Tbilisi

ახალქალაქის სოფლებიდან მიგრაციის გამო, ბევრი სკოლა პრობლემების წინაშე აღმოჩნდება, მცირეკონტინგენტიანი სკოლები კი შესაძლოა, საერთოდ დაიხუროს – მაჭატიის საჯარო სკოლის დირექტორი

GUARDIANGE – სკოლაში ბავშვების რაოდენობის მხრივ ბოლო წლებში კლების ტენდენციაა და ეს ძირითადად მიგრაციით და შობადობის შემცირებითაა გამოწვეული და თუკი პროცესი ასე გაგრძელდება, წლების შემდეგ ბევრი სკოლა აღმოჩნდება აღნიშნული შედეგებით გამოწვეული პრობლემების, მცირეკონტინგენტიანი სკოლები კი, დახურვის წინაშეც – ამის შესახებ GUARDIANGE-ის სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ მაჭატიის საჯარო სკოლის დირექტორმა, ანაიტ პარონიანმა განუცხადა.

GUARDIANGE-ის 2025 წლის 19 მარტს გადაღებულ ფოტოზე: სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ მაჭატიის საჯარო სკოლის დირექტორი ანაიტ პარონიან სკოლის შესასვლელში

მისი ინფორმაციით, ბოლო 2 წელიწადში სკოლაში ორი საკლასო ოთახი გარემონტდა, შეიცვალა კარები, მთლიანად გამოიცვალა სკოლის ძველი და ხშირ შემთხვევაში უფუნქციო ელექტროსადენები, დამონტაჟდა ხანძარსაწინააღმდეგო და უსაფრთხოების თანამედროვე სისტემები.

დირექტორის თქმით, ამჟამად მაჭატიის საჯარო სკოლაში 80 მოსწავლე ირიცხება და მათთვის და მასწავლებლებისთვის უსაფრთხო გარემოა შექმნილი.

GUARDIANGE-ის 2025 წლის 19 მარტს გადაღებულ ფოტოზე: სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ მაჭატიის საჯარო სკოლის მოსწავლეები სკოლის ეზოში

„მოსწავლეთა რაოდენობის მხრივ კლებაა, პირველ კლასში წელს მხოლოდ ორი მოსწავლე გვყავს. ასეთი მდგომარეობა, რომ მხოლოდ 2 ბავშვი გვყოლოდა, მანამდე არ დაფიქსირებულა. გასულ წელს ოთხმა მე-12 კლასელებმა დაამთავრა სკოლა და პირველ კლასში 2 შემოვიდა, ამ სასწავლო წელს სულ 80 ბავშვი ირიცხება სკოლაში. მოსწავლეთა რაოდენობის შემცირება დიდწილად მიგრაციითაა განპირობებული, ოჯახები საზღვარგარეთ მიდიან საცხოვრებლად და ბუნებრივია, ბავშვებიც მიჰყავთ თან. ამავე დროს, შობადობაც შემცირებულია და ესეც აისახება ჩვენზე. არადა იყო დრო, როცა ამ დიდ, სამსართულიან სკოლაში ასეულობით ბავშვი სწავლობდა“, – უთხრა GUARDIANGE-ის ანაიტ პარონიანმა.

GUARDIANGE-ის 2025 წლის 19 მარტს გადაღებულ ფოტოზე: სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ მაჭატიის საჯარო სკოლა

დირექტორი კმაყოფილია მოსწავლეთა აკადემიური მოსწრებითა და მათი სკოლის მიღმა აქტივობებით და ამბობს, რომ მაჭატიის სომხურენოვანი საჯარო სკოლის კურსდამთავრებულების უმრავლესობა სწავლას თბილისის სხვადასხვა სახელმწიფო უნივერსიტეტში განაგრძობს.

GUARDIANGE-ის 2025 წლის 19 მარტს გადაღებულ ფოტოზე: სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ მაჭატიის საჯარო სკოლის მოსწავლეები სკოლის ეზოში

„სიმაყით ვიტყვი, რომ არაერთი წარმატებული ბავშვი გვყავს. ჩვენი სკოლის 2 მოსწავლე ახალციხეში მონაწილეობდა ოლიმპიადაში ქართულ ენაზე. ერთ-ერთი, მე-10 კლასელი ფედია ხედოიანი მეორე ტურში გავიდა, მერე ვეღარ შეძლო გაგრძელება. მე-10 კლასელი ფედია ხედოიანი და მე-9 კლასელი ლილია ფედოიანი იყვნენ ჩვენგან წარდგენილი ახალციხეში, პრეზენტაცია წარადგინეს ქართულ ენაზე და დიდი მოწონება დაიმსახურეს ჟიურისგან. რაც შეეხება სპორტს, ფრენბურთში მესამე ადგილზე გავიდნენ ჩვენი სკოლის მოსწავლეები. მე-9 კლასელმა ლილია ხედოიანმა კი, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მასშტაბით გამართულ ჩემპიონატში პირველი ადგილი აიღო მაგიდის ჩოგბურთში.

GUARDIANGE-ის 2025 წლის 19 მარტს გადაღებულ ფოტოზე: სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ მაჭატიის საჯარო სკოლის მოსწავლეები სკოლის ეზოში

„2023-2024 სასწავლო წელს მე-12 კლასი ოთხმა დაამთავრა, მათგან ორმა მედალი აიღო, ერთმა ბიჭმა, გორ სობატიანმა ვერცხლის მედალი მიიღო, გოგონამ, ანუშ კაზარიანმა კი ოქროს მედალი. ისინი ამჟამად თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლობენ, დანარჩენი ორი კი ჯარში გაიწვიეს და ჩვენს ქვეყანას ემსახურებიან. ვფიქრობ, ეს დიდი საქმეა. ჯარში მათ ქართველი თანატოლების გაცნობის და მათთან დამეგობრების საშუალება ექნებათ და ქართულ ენასაც კარგად ისწავლიან.

GUARDIANGE-ის 2025 წლის 19 მარტს გადაღებულ ფოტოზე: სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ მაჭატიის საჯარო სკოლის მოსწავლეები სკოლის შესასვლელში

2025-2026 სასწავლო წელს 9 მოსწავლე გვყავს მე-12 კლასში. სამწუხაროდ, წელს მედალოსნები არ გვეყოლება. ზოგადად, უნდა ითქვას, რომ ბოლო 5 წელი, რაც მე დირექტორის თანამდებობაზე ვმუშაობ, ჩვენი კურსდამთავრებულების უმრავლესობა თბილისში მიდის სწავლის გასაგრძელებლად, სომხეთში ან 1 ან საერთოდ არავინ. ჩვენს სკოლაში ქართულის, როგორც მეორე ენის სწავლების პროცესი კარგად მიმდინარეობს, ჩვენმა მასწავლებელმა, ქალბატონმა ვენერა მღებრიშვილმა ძალიან კარგად იცის თავისი საგანი, კარგი ურთიერთობა აკავშირებს ბავშვებთან, თუ ვინმეს სურვილი აქვს გაკვეთილების შემდეგ სკოლაში დარჩეს და დამატებით იმეცადინოს, ქალბატონი ვენერა ყოველთვის მზად არის დახმარებისთვის“, – უთხრა GUARDIANGE-ის ანაიტ პარონიანმა.

GUARDIANGE-ის 2025 წლის 19 მარტს გადაღებულ ფოტოზე: სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ მაჭატიის საჯარო სკოლის დირექტორი ანაიტ პარონიან

დირექტორის თქმითვე, სკოლაში ამჟამად მხოლოდ კვალიფიციური მასწავლებლები მუშაობენ.

GUARDIANGE-ის 2025 წლის 19 მარტს გადაღებულ ფოტოზე: სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ მაჭატიის საჯარო სკოლის დირექტორი ანაიტ პარონიან

„17 მასწავლებელია სულ, ჩემი ჩათვლით, მე მათემატიკის უფროსი მასწავლებელი ვარ. ყველა კვალიფიციურია, უფროსი მასწავლებლები არიან ყველანი, ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებლის, ქალბატონი ვენერა მღებრიშვილის გარდა, რომელიც წამყვანია. ამ წელს ზოგიერთი აპირებს გამოცდაზე გასვლას. აქამდე სომხურ ენაში, დაწყებითში, გამოცდა არ იყო და წელს იქნება პირველად. იმ მასწავლებლებს, რომელსაც სხვა საგანში აქვთ ჩაბარებული გამოცდა, უნდათ, რომ კიდევ ერთ საგანში მიიღონ უფროსი მასწავლებლის კვალიფიკაცია. ახლა სომხური ენა, ბუნებისმიტყველება და მათემატიკა ერთი გამოცდა იქნება დაწყებითში – პირველიდან მე-4 კლასამდე. დღემდე პირველიდან მე-6 კლასამდე ცალკეა მათემატიკა, 1-ელიდან მე-6-მდე ასევე ცალკეა, ბუნებისმიტყველება, ხოლო სომხური ენა პირველიდან მე-12 კლასამდეა, თუმცა ახლა ცვლილება შევიდა, რაც ვფიქრობ, მასწავლებლებისთვის კარგი იქნება. ვინც ამ ერთ გამოცდას ჩააბარებს სამ საგანში, უფროსი მასწავლებელი გახდება და უფროსი მასწავლებლის იმ გაზრდილ ანაზღაურებას მიიღებს საათების მიხედვით, რაც უკვე 2024 წლის 1-ელი ივლისიდან არის დაწესებული“, – აღნიშნა ანაიტ პარონიანმა.

GUARDIANGE-ის 2025 წლის 19 მარტს გადაღებულ ფოტოზე: სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ მაჭატიის საჯარო სკოლის დირექტორი ანაიტ პარონიან

მან 2023 და 2024 წელს დირექტორებისთვის გამოცხადებულ ტესტირებაში მიიღო მონაწილეობა, მაგრამ საკმარისი ქულების დაგროვება ვერ შეძლო.

GUARDIANGE-ის 2025 წლის 19 მარტს გადაღებულ ფოტოზე: სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ მაჭატიის საჯარო სკოლის მოსწავლეები

„დირექტორის ტესტირებაში ორჯერ მივიღე მონაწილეობა, ცოტა რთული იყო ჩემთვის, სომეხი ვარ და ქართულად გამიჭირდა ტესტირების გავლა, 25 ქულა დავაგროვე, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. გარდა იმისა, რომ ქართულად ძნელია ჩვენთვის გამოცდების ჩაბარება, დროც არ იყო საკმარისი. ბევრი ღია კითხვა იყო და უნდა დაგვესაბუთებინა პასუხები, რა როგორ არის. ჩემთვის დრო ცოტა იყო, მე განათლება სომხეთში მაქვს მიღებული და ბუნებრივია, ქართველებით ვერ მეცოდინება ქართული ენა. მიუხედავად ამისა, ბ1 სერტიფიკატი მაქვს აღებული ქართულ ენაში. არ მიჭირს წერა-კითხვა, მაგრამ საუბარი მიძნელდება უფრო, რადგან სალაპარაკო დონეზე ენის დახვეწას შესაბამისი გარემო სჭირდება, აქ კი მხოლოდ სომხურ ენაზე მიწევს საუბარი, რადგან მხოლოდ ეთნიკური სომხებითაა ჩვენი და მიმდებარე სოფლები დასახლებული.

GUARDIANGE-ის 2025 წლის 19 მარტს გადაღებულ ფოტოზე: სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ მაჭატიის საჯარო სკოლის მოსწავლეები სკოლისკენ მიდიან

„ჩვენს მუნიციპალიტეტში ცხოვრება ადვილი არ არის, მაღალმთიანი რეგიონია და აგერ, თავადაც მომსწრე გახდით, რომ დღეს, 19 მარტს, ბარაქიანად თოვს, ზოგჯერ აპრილშიც არაა უცხო თოვლი. გათბობის სეზონი ხშირად მაისშიც გადადის, ზაფხული ხანმოკლეა, ზამთარი ხანგრძლივი. კარგია, რომ გარკვეული შეღავათები გვაქვს, მაგალითად, მასწავლებლები მაღალმთიანობის სტატუსის დანამატს იღებენ, მაგრამ ჩვენ, დირექცია ამას მოკლებული ვართ. მიმაჩნია, რომ ჩვენც უნდა ვიღებდეთ ამ დანამატს. საერთოდაც, დირექტორის ხელფასი ძალიან ცოტაა, შრომა და პასუხისმგებლობა კი დიდი – დაშვებულ 10 საათზე მეტი რომ არ გვქონდეს, საერთოდ რა გამოგვივიდოდა. ფასები მაღლა მიდის და დირექტორების ხელფასიც უნდა გაიზარდოს“, – უთხრა GUARDIANGE-ის ანაიტ პარონიანმა ქართულ ენაზე.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები