პარლამენტმა „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში“ ცვლილებას პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, კანონპროექტის ერთ-ერთი ინიციატორის, არჩილ გორდულაძის განმარტებით, ცვლილება მიზნად ისახავს ნარკოტიკული დანაშაულების შემადგენლობის გამიჯვნასა და მასთან დაკავშირებული პასუხისმგებლობის ზომების გამკაცრებას.
„კანონპროექტის თანახმად, „სისხლის სამართლის კოდექსს“ ემატება 260¹ მუხლი, რომელიც ცალკე შემადგენლობად განსაზღვრავს ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო დამზადებას, წარმოებას, გადაზიდვასა და გადაგზავნას. ამასთანავე, მკაცრდება დასახელებული დანაშაულისთვის სასჯელის ზომა.
კოდექსს ემატება 260³ მუხლი, რომელიც ცალკე შემადგენლობად განსაზღვრავს ფსიქოტროპული ნივთიერების, მისი ანალოგის ან ძლიერმოქმედი ნივთიერების, მცენარე კანაფის ან მარიხუანას, სხვა ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების გაყიდვას.
კოდექსს, ასევე, ემატება 260² მუხლი, რომელიც ცალკე შემადგენლობად განსაზღვრავს ფსიქოტროპული ნივთიერების, მისი ანალოგის ან ძლიერმოქმედი ნივთიერების, მცენარე კანაფის ან მარიხუანას, სხვა ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების გასაღებას ან/და გასაღებაში ხელშეწყობას. ამასთანავე, მკაცრდება დასახელებული დანაშაულისთვის სასჯელის ზომა.
კიდევ ერთი დამატებული 261¹ მუხლით, ცალკე შემადგენლობად განსაზღვრება ფსიქოტროპული ნივთიერების, მისი ანალოგის ან ძლიერმოქმედი ნივთიერების უკანონო დამზადება, წარმოება, გადაზიდვა ან გადაგზავნა. აგრეთვე მკაცრდება პასუხისმგებლობა ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენის, შენახვის, დამზადების, წარმოების, გადაზიდვისა და გადაგზავნისთვის.
ნარკოტიკულ დანაშაულზე ფარულ საგამოძიებო მოქმედებაში ან ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაში მონაწილე პირის პირადი უსაფრთხოების დაცვის მიზნით, შესაძლებელი იქნება, სასამართლომ მხარის შუამდგომლობით ან საკუთარი ინიციატივით მიიღოს გადაწყვეტილება სხდომის ნაწილობრივ ან სრულად დახურვის შესახებ“, – ნათქვამია პარლამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.