ლანჩხუთის მერმა ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ყველა სოფლის ცენტრამდე მისასვლელი გზა თოვლისაგან გაწმენდილია. ყველა მოქალაქეს, რომელსაც ამის საჭიროება ჰქონდა, მედიკამენტები და სურსათი გაეგზავნა.
ალექსანდრე სარიშვილმა დიდთოვლობის გამო სოფლებში შექმნილი საჭიროებების შესახებ მოისმინა ინფორმაცია და აღნიშნა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, დიდთოვლობის შედეგად მოსახლეობისთვის მიყენებული ზარალის შესწავლაზე სპეციალური კომისია იმუშავებს.
დიდთოვლობის შედეგად დაზიანებულ სახლებს სახელმწიფო აღადგენს, ხოლო მოქალაქეებს, რომელთა სახლებიც შეკეთებას არ ექვემდებარება, ალტერნატიული საცხოვრებლით უზრუნველყოფს.
დაზიანებული სახურავების შეკეთება და მცირე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაუყოვნებლივ დაიწყება და მოკლე ვადებში განხორციელდება.
„ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ მოსახლეობის საჭიროებების დროულად აღმოსაფხვრელად. ყველა სოფელში შესაბამისი კომისია იმუშავებს, რათა დროულად მოხდეს ზარალის დათვლა და შესაბამისი სამუშაოების ჩატარება“,- აღნიშნა ლანჩხუთის მერმა.
შეხვედრას ლანჩხუთის მერის პირველი მოადგილე ეკატერინე გუჯაბიძე და მოადგილე თორნიკე ტიკაძე ესწრებოდნენ.
ინფორმაციას ლანჩხუთის მერია ავრცელებს.