GUARDIANGE – კრემლმა განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინი მზად არის უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან სასაუბროდ, „თუკი ეს საჭირო იქნება“.
კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებს უთხრა: „თავად პუტინმა თქვა, რომ იგი მზად იქნება ზელენსკისთან მოლაპარაკებისთვის, თუკი ეს საჭირო იქნება. მაგრამ შეთანხმებების სამართლებრივი საფუძველი საჭიროებს დისკუსიას იმ რეალობის გათვალისწინებით, რომ ზელენსკის ლეგიტიმურობა შეიძლება კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს“.
პესკოვის თქმით, რუსეთი არ არის წინააღმდეგი, რომ უკრაინა ევროკავშირში გაწევრიანდეს, რადგან ამას თავისი უსაფრთხოებისთვის საფრთხედ არ მიიჩნევს.
„ეს ნებისმიერი ქვეყნის სუვერენული უფლებაა. ჩვენ ვსაუბრობთ ინტეგრაციაზე და ეკონომიკურ პროცესებზე და აქ, რა თქმა უნდა, არავის შეუძლია რაიმე უკარნახოს რომელიმე ქვეყანას. ჩვენ ამას არ გავაკეთებთ.
„მაგრამ ჩვენი პოზიცია უსაფრთხოებასთან, თავდაცვასთან ან სამხედრო ალიანსებთან დაკავშირებულ საკითხებზე სრულიად განსხვავებულია. არსებობს კიდევ ერთი საკითხი და ეს ყველასთვის ცნობილია“, – განაცხადა პესკოვმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ არ არსებობს მეტი ინფორმაცია ტრამპისა და პუტინის შესაძლო შეხვედრის შესახებ, მაგრამ დღევანდელმა მოლაპარაკებებმა შეიძლება დამატებითი დეტალები გახადოს ცნობილი.
აშშ და რუსეთი საუდის არაბეთში უკრაინის ომის შესახებ მოლაპარაკებებს აწარმოებენ – ეს პირველი მაღალი რანგის შეხვედრაა მხარეებს შორის მას შემდეგ, რაც მოსკოვი სამი წლის წინ უკრაინაში შეიჭრა.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსთან მართავს მოლაპარაკებებს საუდის არაბეთში, სადაც არც უკრაინის და არც ევროპის ლიდერები არ არიან მიწვეულები.
აშშ ამბობს, რომ მოლაპარაკებები პირველი ნაბიჯია იმის გასარკვევად, არის თუ არა რუსეთი „სერიოზულად განწყობილი“ ომის დასასრულებლად, ხოლო რუსეთი აცხადებს, რომ იმედოვნებს ამერიკასთან ურთიერთობების ნორმალიზებას, მაგრამ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ იგი არ აღიარებს შეთანხმებებს, რომლებიც იმ მოლაპარაკებებზე იქნება მიღწეული, რომელშიც თავად არ არის ჩართული.
ევროპელ ლიდერებსაც სურთ მონაწილეობა. გუშინ მათ საგანგებო სამიტი გამართეს. დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა სერ კირ სტარმერმა განაცხადა, რომ ხანგრძლივი სამშვიდობო შეთანხმების შემთხვევაში, განიხილავს დიდი ბრიტანეთის ჯარების გაგზავნას უკრაინაში, მაგრამ სხვა ქვეყნებს ამის სურვილი არ გამოუხატავთ.
მომზადებულია GUARDIANGE-ის მიერ