Friday, February 21, 2025
-1.2 C
Tbilisi

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ მზად არის უკრაინაში ჯარები განალაგოს

GUARDIANGE – დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა განაცხადა, რომ მზად არის, საჭიროების შემთხვევაში უკრაინაში სამშვიდობო ჯარები განალაგოს და ამით ხელი შეუწყოს სამშვიდობო შეთანხმების უზრუნველსაყოფად უსაფრთხოების გარანტიას. ამის შესახებ იგი Daily Telegraph-ში გამოქვეყნებულ სტატიაში აღნიშნავს.

„მზად ვართ, საჭიროების შემთხვევაში ჩვენი ჯარები განვალაგოთ ადგილზე. ნებისმიერი როლი უკრაინის უსაფრთხოების გარანტირებაში არის ჩვენი კონტინენტის უსაფრთხოებისა და ამ ქვეყნის უსაფრთხოების გარანტირებაში დახმარება“, – ამბობს სტარმერი.

ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც მან პირდაპირ განაცხადა, რომ განიხილავს ბრიტანელი სამშვიდობოების განლაგებას უკრაინაში. ორშაბათს, უკრაინის საკითხზე, პარიზში ევროპელი ლიდერების შეხვედრაა დაგეგმილი.

საგანგებო შეკრებისკენ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა მოუწოდა მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ ევროპის სახელმწიფოთა ლიდერები არ იყვნენ მიწვეულები აშშ-სა და რუსეთს შორის უკრაინაში სამშვიდობო მოლაპარაკებების ადრეულ ეტაპზე, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მაღალი თანამდებობის პირებმა კი მიანიშნეს, რომ აშშ-ის უსაფრთხოების მხარდაჭერა ევროპის მიმართ შემცირდება.

რუსეთისა და აშშ-ის საგარეო საქმეთა მინისტრები სამშაბათს საუდის არაბეთში შეხვდებიან, რათა დაიწყოს მოლაპარაკებები სამშვიდობო შეთანხმებაზე.

სტარმერი სტატიაში ამბობს, რომ დიდი ბრიტანეთი მზადაა, ითამაშოს მნიშვნელოვანი როლი უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიებზე მუშაობის დაჩქარებაში, რომელიც მოიცავს უკრაინელი სამხედროების შემდგომ მხარდაჭერას. იგი ასევე აცხადებს, რომ გაერთიანებულმა სამეფომ აიღო ვალდებულება, წელიწადში სამი მილიარდი ფუნტის უზრუნველყოფაზე, მინიმუმ, 2030 წლამდე.

„მაგრამ ეს ასევე ნიშნავს მზადყოფნას და სურვილს, წვლილი შევიტანოთ უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებში საჭიროების შემთხვევაში ჩვენი ჯარების განთავსებით და ეს მსუბუქად წარმოთქმული სიტყვები არ არის. მე ძალიან ღრმად ვგრძნობ იმ პასუხისმგებლობას, რაც თან ახლავს ბრიტანელი სამხედროების პოტენციურ საფრთხის წინაშე დაყენებას“, – აცხადებს სტარმერი.

როგორც გამოცემა წერს, სტარმერის მზადყოფნა უკრაინაში ჯარების განლაგების თაობაზე მოკავშირეებზე ზეწოლას მოახდენს, განსაკუთრებით გერმანიაზე, რომელიც არ არის მზად, საჯაროდ დაუჭიროს მხარი უკრაინაში ევროპული სამშვიდობო ძალების შექმნის იდეას. პრემიერ-მინისტრი ასევე აღნიშნავს, რომ დიდი ბრიტანეთი ევროპასა და აშშ-ს შორის უკრაინის სამშვიდობო პროცესში ერთგვარი ხიდის „უნიკალურ როლს“ შეასრულებს.

ზუსტად რა სახე შეიძლება ჰქონდეს ევროპელების მეთაურობით შექმნილ სამშვიდობო ძალას უკრაინაში, უცნობია. „ტელეგრაფის“ ინფორმაციით, ერთ-ერთი განსახილველი წინადადებაა, ევროპელი ჯარისკაცების განლაგება ფრონტის ხაზის მოშორებით, რაც სამშვიდობო შეთანხმებით იქნება დადგენილი.

უკრაინელები განლაგდებოდნენ ახლად დაწესებულ საზღვარზე, ხოლო სხვა ევროპული სახელმწიფოების ჯარისკაცები მათ უკან იქნებოდნენ.

მაგრამ სურს თუ არა ევროპელ მოკავშირეებს უზრუნველყონ საკმარისი სამხედროების უკრაინაში განლაგენა, რომ ასეთი სამშვიდობო ძალა ეფექტური გახადონ, ეს მომავალში გამოჩნდება. ზოგიერთი შეფასებით ვარაუდობენ, რომ საჭირო იქნება 100 000 ჯარისკაცი.

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ როდესაც უკრაინაში ომი დასრულდება, ეს არ უნდა იქცეს დროებით პაუზად პუტინის ხელახლა თავდასხმამდე.

მომზადებულია GUARDIANGE-ის მიერ

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები