საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის სამმხრივი შეხვედრის მონაწილეებმა ერთობლივი პრესრელიზი გაავრცელეს.
პრესრელიზის მიხედვით, 2025 წლის 17 აპრილს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, მაკა ბოჭორიშვილის, სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის, არარატ მირზოიანისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჯეიჰუნ ბაირამოვის ინიციატივით, თბილისში გაიმართა საქართველოს, სომხეთის რესპუბლიკისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის სამმხრივი შეხვედრა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეების დონეზე.
როგორც ერთობლივ პრესრელიზშია აღნიშნული, შეხვედრის დასაწყისში, მონაწილეები – საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია, სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვაჰან კოსტანიანი და აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ელნურ მამმადოვი მიესალმნენ სამხრეთ კავკასიის სამი ქვეყნის წარმომადგენელთა პირველ სამმხრივ შეხვედრას და აღნიშნეს, რომ სამ ქვეყანას აქვს თანამშრომლობის ჯერ კიდევ აუთვისებელი პოტენციალი, რომელიც უნდა დაეფუძნოს ერთმანეთის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის სრულ პატივისცემას.
პრესრელიზის თანახმად, შეხვედრა ორიენტირებული იყო საერთო ინტერესის სფეროებში სამმხრივი თანამშრომლობის განვითარებაზე, რომლის მიზანს წარმოადგენს რეგიონში მდგრადი ეკონომიკური ზრდა და კეთილდღეობის ხელშეწყობა. გარდა ამისა, აღნიშნულ სფეროებში თანამშრომლობა ხელს შეუწყობს საერთო გამოწვევების დაძლევას და, საბოლოო ჯამში, თავის წვლილს შეიტანს სამხრეთ კავკასიის რეგიონის გრძელვადიანი სტაბილურობისა და სწრაფი განვითარების უზრუნველყოფაში.
პრესრელიზის მიხედვით, შეხვედრა ემსახურებოდა აზრთა ღია გაზიარებისა და თანამშრომლობის შესაძლო მიმართულებებზე ხედვების წარმოდგენას.
„დასასრულს მხარეებმა დადებითად შეაფასეს შეხვედრის პოზიტიური და კონსტრუქციული გარემო, რომელიც განიხილება როგორც საწყისი ეტაპი ნდობის განმტკიცებისათვის და დიალოგის უფრო მაღალ დონეზე წარმართვისათვის“, – აღნიშნულია საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის სამმხრივი შეხვედრის მონაწილეების ერთობლივ პრესრელიზში.