GUARDIANGE – ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ 25%-იან იმპორტის გადასახადს დააწესებს აშშ-ში შესულ ყველა ფოლადსა და ალუმინზე, რაც ყველაზე დიდ გავლენას მოახდენს კანადაზე, რომელიც ტრამპს სურს, რომ აშშ-ის 51-ე შტატი გახდეს.
მან ასევე თქვა, რომ კვირის ბოლოს გამოცხადდება საპასუხო ტარიფების შესახებ ყველა იმ ქვეყანაზე, რომლებიც აშშ-დან იმპორტს ბეგრავენ, მაგრამ არ დაუკონკრეტებია რომელი ქვეყნები იქნებიან სამიზნე, ან იქნება თუ არა რაიმე გამონაკლისი.
„თუკი ისინი გადასახადს გვახდევინებენ, ჩვენც გადავახდევინებთ“, – უთხრა ტრამპმა ჟურანლისტებს კვირას, 9 თებერვალს, იმ დროს, როდესაც თავისი მარ-ა-ლაგოს კურორტიდან ნიუ ორლეანში სუპერ ბოულზე მიემგზავრებოდა.
კანადა და მექსიკა აშშ-ს ფოლადის ორი ყველაზე დიდი სავაჭრო პარტნიორია, ხოლო კანადა აშშ-ში ალუმინის ლითონის ყველაზე დიდი მიმწოდებელია.
თავისი პირველი პრეზიდენტობისას ტრამპმა 25%-იანი ტარიფები დააწესა ფოლადის იმპორტზე კანადიდან, მექსიკიდან და ევროკავშირიდან და 10%-იანი ალუმინის იმპორტზე, თუმცა, შეერთებულმა შტატებმა ერთი წლის შემდეგ მიაღწია შეთანხმებას კანადასა და მექსიკასთან ამ ტარიფების დასასრულებლად, მაგრამ ევროკავშირის იმპორტის გადასახადები კვლავ ძალაში დარჩა 2021 წლამდე.
„Air Force One“-ის ბორტზე საუბრისას, ტრამპმა აღნიშნა, რომ ფოლადსა და ალუმინზე ტარიფების „ყველასთვის“ დაწესების შესახებ განცხადებას ორშაბათს გააკეთებს. „ყველა ფოლადს, რომელიც შემოვა შეერთებულ შტატებში, 25%-იანი ტარიფი დაუწესდება“, – თქვა მან.
ამის საპასუხოდ, ონტარიოს პროვინციის პრემიერ-მინისტრმა, დუგ ფორდმა, ტრამპი „მიზნების შეცვლასა და მუდმივი ქაოსის შექმნაში“ დაადანაშაულა და ონლაინ პოსტში აღნიშნა, რომ ეს კანადის „ეკონომიკას რისკის ქვეშ აყენებს“. კანადის ფოლადის წარმოება ონტარიოშია კონცენტრირებული.
ტრამპის კომენტარებმა ასევე სამხრეთ კორეის ფოლადის და ავტომობილების მწარმოებლების აქციების ვარდნა გამოიწვია. სამხრეთ კორეა ფოლადის მთავარი ექსპორტიორია აშშ-ში.
ფოლადის კომპანიის POSCO-ს აქციები 3.6%-ით შემცირდა, ხოლო „ჰიუნდაი ფოლადის“ (Hyundai Steel-ის) აქციები 2.9%-ით.
ავტომობილების მწარმოებელი „Kia Corp“-ის აქციებიც 3.6%-ით შემცირდა დილის ვაჭრობის დროს.
ტრამპის ეს ნაბიჯი კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ესკალაციაა მის სავაჭრო პოლიტიკაში, რომელმაც უკვე გამოიწვია ჩინეთის მხრიდან შურისძიება.
ტარიფები ტრამპის ეკონომიკური ხედვის ცენტრალური ნაწილია. ის მას აშშ-ის ეკონომიკის ზრდის, სამუშაო ადგილების დაცვისა და საგადასახადო შემოსავლების გაზრდის საშუალებად მიიჩნევს.
თებერვლის დასაწყისში, ტრამპმა კანადურ და მექსიკურ პროდუქტებზე 25%-იანი იმპორტის გადასახადების დაწესების შესახებ გამოაცხადა, მაგრამ მალევე, ორი ქვეყნის ლიდერებთან საუბრის შემდეგ, ეს გეგმა 30 დღით, მარტის დასაწყისამდე გადადო.
მან ასევე შემოიღო ახალი 10%-იანი გადასახადები აშშ-ში შესულ ყველა ჩინურ საქონელზე. პეკინმა საპასუხო ზომები მიიღო საკუთარი ტარიფებით, რომლებიც ორშაბათიდან ამოქმედდა.
ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ ის უფრო მეტ საპასუხო ტარიფს გამოაცხადებს „სამშაბათს ან ოთხშაბათს“ და რომ ისინი ძალაში გამოცხადებისთანავე „თითქმის დაუყოვნებლივ“ შევა.
„მათ, ვინც შეერთებული შტატებისგან სარგებლობენ, ჩვენ საპასუხო [ტარიფებს] დავუწესებთ. ეს შესანიშნავი იქნება ყველასთვის, მათ შორის სხვა ქვეყნებისთვისაც“, – განაცხადა ტრამპმა.
მომზადებულია GUARDIANGE-ის მიერ