„ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილ წევრს, გივი თარგამაძეს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნანა შამათავამ აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.
10 000-ლარიანი გირაო პროკურორმა, ნათია თათიაშვილმა მოითხოვა და აღნიშნა, რომ თარგამაძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეისყიდება როგორც ფაქტობრივი, ასევე ფორმალური საფუძვლები არსებობს. მისი თქმით, თარგამაძემ სსკ ის 349-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული ჩაიდინა, როდესაც პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის კანონიერ მოთხოვნას არ დაემორჩილა და გამოკითხვაზე არ გამოცხადდა.
პროკურორის განმარტებით, არსებობს თარგამაძის მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენის და მიმალვის საფრთხე, რადგან მუხლი, რომელსაც ედავებიან საპატიმროა და ერთ წლამდე სასჯელს ითვალისწინებს. პროკურორის თქმით, თარგამაძეს საზღვრის არაერთხელ გადაკვეთა უფიქსირდება და ამან შესაძლოა, მიმალვა გაუადვილოს.
საპირისპიროს ამტკიცებდა დაცვის მხარე. ადვოკატ ბექა ბასილაიას განცხადებით, თარგამაძის კომისიაზე არ გამოცხადებით თარგამაძემ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო. ადვოკატის განცხადებით, სამართლებრივად შესაძლებელია, ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის მუხლით შედავება. მანვე განმარტა, რომ არც ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე არსებობს, რადგან საგამოძიებო კომისია უახლოეს პერიოდში ვეღარ დაიბარებს და არც მიმალვის საფრთხე. მანვე განმარტა, რომ თარგამაძე არანაირ ქონებას არ ფლობდა და მისი ერთადერთი შემოსავალი დეპუტატის 1000-ლარიანი პენსია იყო. ადვოკატის თქმით, გირაოს გამოყენების შემთხვევაში მოსამართლეს მინიმალური შეეფარდებინა, თუმცა პროკურორმა, ნათია თათიაშვილმა განმარტა, რომ შეისწავლეს თარგამაძის ახლობლების ქონებაც და თარგამაძის შვილის სახელზე ბინაა რეგისტრირებული, რომლის გამოყენებაც თარგამაძეს გირაოს უზრუნველსაყოფად შეუძლია.
თარგამაძე პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე 3 აპრილს დაიბარეს, თუმცა იმ არგუმენტით, რომ პარლამენტის და მისი საგამოძიებო კომისიის ლეგიტიმურობას არ ცნობს, არ გამოცხადდა. წინასასამართლო სხდომა 21 მაისს ჩაინიშნა.