GUARDIANGE – ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კანადისთვის, მექსიკისთვის და ჩინეთისთვის ტარიფების დაწესების შესახებ განკარგულება გამოსცა, რომლის მიხედვითაც, 25-პროცენტიანი ტარიფები დაწესდა კანადიდან და მექსიკიდან იმპორტზე, 10-პროცენტიანი ტარიფები კი, ჩინეთიდან შესულ პროდუქციაზე. ამასთან, კანადიდან ენერგორესურსების იმპორტზე 10-პროცენტიანი ტარიფი იმოქმედებს.
თეთრი სახლის X-ზე გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, „ეს ტარიფები აუცილებელია, რათა ჩინეთი, მექსიკა და კანადა ანგარიშვალდებულნი გახადონ მათ დაპირებებზე, შეაჩერონ მომწამვლელი ნარკოტიკების ნიაღვარი შეერთებულ შტატებში“.
აშშ-ის პრეზიდენტის განკარგულების გამოცემიდან მალევე, კანადამ, მექსიკამ და ჩინეთმა პირობა დადეს, რომ გამოეხმაურებიან პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ აშშ-ში მათი ექსპორტისთვის დაწესებულ ახალ ტარიფებს.
როგორც კანადამ, ისე მექსიკამ განაცხადა, რომ ისინი ამზადებდნენ ანალოგიურ ტარიფებს აშშ-ის საქონელზე, ხოლო ჩინეთმა დასძინა, რომ საჭირო იქნება „აუცილებელი კონტრსაწინააღმდეგო ზომები თავისი კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დასაცავად“.
კანადამ გამოაცხადა, რომ აშშ-ს, თავის დიდი ხნის მოკავშირეს, საპასუხო 25-პროცენტიან ტარიფებს დაუწესებს. კანადის პრემიერ-მინისტრის, ჯასტინ ტრუდოს განცხადებით, 25-პროცენტიანი ტარიფები დაწესდება 155 მილიარდი კანადური დოლარის ღირებულების ამერიკული საქონელზე, მათ შორის 30 მილიარდი კანადური დოლარის ღირებულების ტარიფები 4 თებერვლიდან ამოქმედდება, დანარჩენი 125 მილიარდი კანადური დოლარის ღირებულების ტარიფები კი მომდევნო 21 დღეში.
ტრუდოს განცხადებით, აშშ-ის მიერ დაწესებულ ტარიფებს უარყოფითი გავლენა ექნება როგორც კანადაზე, ასევე აშშ-ზეც.
„ამერიკული ტარიფების მსგავსად, ჩვენი პასუხი ასევე შორს მიმავალი იქნება და მოიცავს ისეთ ყოველდღიური მოხმარების პროდუქტებს, როგორიცაა ამერიკული ლუდი, ღვინო და ბურბონი, ხილი და ხილის წვენები – ფორთოხლის წვენის ჩათვლით, ბოსტნეულთან ერთად, ასევე, სუნამოები, ტანსაცმელი და ფეხსაცმელი. მასში შედის სამომხმარებლო პროდუქტები, როგორიცაა საყოფაცხოვრებო ტექნიკა, ავეჯი, სპორტული აღჭურვილობა, მასალები, ხე და პლასტმასები, ასევე ბევრად მეტი. როგორც უკვე ვთქვი, თუ პრეზიდენტ ტრამპს სურს შეერთებული შტატების ახალი ოქროს ხანა, უკეთესი გზაა პარტნიორობა კანადასთან, და არა ჩვენი დასჯა“, – განაცხადა ჯასტინ ტრუდომ.
მან ასევე თქვა, რომ ინაუგურაციის შემდეგ ტრამპთან არ უსაუბრია, მაგრამ ამერიკელ კოლეგებთან კომუნიკაციის ხაზებს ღიას ტოვებს.
კანადა ამერიკისთვის ნედლი ნავთობის უმსხვილესი გარე მიმწოდებელია. ბოლო ოფიციალური სავაჭრო მონაცემების თანახმად, გასული წლის იანვრიდან ნოემბრამდე პერიოდში აშშ-ში იმპორტირებული ნავთობის 61% კანადაზე მოდიოდა.
აღსანიშნავია, რომ კანადას, მექსიკასა და აშშ-ს ღრმად ინტეგრირებული ეკონომიკები აქვთ, სადაც ყოველდღიურად 2 მილიარდი დოლარის ღირებულების საქონელი კვეთს საზღვრებს.
ჩინეთმა განაცხადა, რომ ის მეტისმეტად უკმაყოფილოა მოსაკრებლებით და „მტკიცედ ეწინააღმდეგება“ მათ. 10%-იანი გადასახადი დაემატება იმ ტარიფებს, რომლებიც უკვე დაწესდა ჩინეთზე ტრამპის მიერ მისი პირველი ვადით პრეზიდენტობისას და შემდეგ, პრეზიდენტ ჯოზეფ ბაიდენის მიერ.