Thursday, November 21, 2024
8.8 C
Tbilisi

დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი დაასახელა

GUARDIANGE – ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

კენედიმ, რომელიც 2024 წლის საპრეზიდენტო მარათონში დამოუკიდებელ კანდიდატად მონაწილეობდა, თავისი კანდიდატურა ტრამპის სასარგებლოდ მოხსნა.

არჩეული პრეზიდენტი განცხადებაში აღნიშნავს, რომ კენედი დაეხმარება ამერიკელებს თავი დაიცვან „მავნე ქიმიკატების, დამაბინძურებლების, პესტიციდების, ფარმაცევტული პროდუქტებისა და საკვები დანამატებისაგან“.

ამასთან, ტრამპმა სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე უკვე წარადგინა ფლორიდის სენატორი მარკო რუბიო, ხოლო ყოფილი „დემოკრატი“ ტულსი გაბარდი ეროვნული დაზვერვის დირექტორად დაასახელა.

რუბიომ 2016 წლის არჩევნების წინ „რესპუბლიკური პარტიის“ საპრეზიდენტო ნომინაციაში ტრამპის წინააღმდეგ იბრძოლა. ისინი საჯაროდ არაერთხელ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. ტრამპმა რუბიოს „პატარა მარკო“ უწოდა, ფლორიდის სენატორმა კი მომავალი პრეზიდენტის „პატარა ხელებს“ დასცინა.

მას შემდეგ რუბიო ტრამპის ერთგული მხარდამჭერი გახდა და ბოლო კვირებში მასთან ერთად ჩანდა საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას. მას ასახელებდნენ, როგორც ვიცე-პრეზიდენტობის შესაძლო კანდიდატს, მაგრამ საბოლოოდ ტრამპმა არჩევანი ჯეი დი ვენსზე გააკეთა, წარსულში ასევე მის მიმართ გამორჩეულ კრიტიკოსზე.

უფრო ადრე არჩეულმა პრეზიდენტმა თავდაცვის მდივნად „ფოქს ნიუსის“ წამყვანი და არმიის ვეტერანი პიტ ჰეგსეტი დაასახელა.

პირველი დანიშვნის შესახებ კი დონალდ ტრამპმა არჩევნებში გამარჯვებიდან მალევე გამოაცხადა და თქვა, რომ თეთრი სახლის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობას სიუზან სამერალ უაილსი დაიკავებდა.

5 ნოემბერს, აშშ-ის არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, ტრამპი თავის მთავარ გუნდს აყალიბებს. „რესპუბლიკურმა პარტიამ“ სენატში უმრავლესობა უკვე მოიპოვა და „რესპუბლიკელებს“ სავარაუდოდ, წარმომადგენელთა პალატაშიც უმრავლესობა ექნებათ, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი თეთრი სახლისა და მთლიანად კონგრესის მართვას შეძლებენ.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები