Thursday, November 21, 2024
12.8 C
Tbilisi

ნათია მეზვრიშვილი: ცესკო, პროკურატურა, სასამართლო ორგანიზებულად ცდილობენ მტკიცებულებების განადგურებას

ცესკო, პროკურატურა და სასამართლო ორგანიზებულად ცდილობენ გადამწყვეტი მტკიცებულებების განადგურებას, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა.

მეზვრიშვილი ვერიფიკაციის აპარატებთან დაკავშირებით ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით პროკურატურის განცხადებას გამოეხმაურა.

როგორც მეზვრიშვილმა აღნიშნა, პროკურატურას ობიექტური გამოძიების ინტერესი არ აქვს.

„პროკურატურამ დაადასტურა ის, რასაც ვამბობდით, რომ მძევლად ჰყავს აყვანილი არჩევნების გაყალბების უმნიშვნელოვანესი მტკიცებულება – ვერიფიკაციაგავლილი ამომრჩევლების სია და ხმის მიცემის აპარატებში არსებული ინფორმაცია. ცესკო, პროკურატურა და სასამართლო ორგანიზებულად ცდილობენ გადამწყვეტი მტკიცებულებების განადგურებას. სხვა სახელი ვერ დაერქმევა 17 დღის განმავლობაში მტკიცებულებების დამალვას და შემდგომ, ცესკო-ს კარნახით, იმ პროკურატურის მიერ მათ გატაცებას, რომელსაც არც ერთი მძიმე საარჩევნო დანაშაული ამ დრომდე არ გამოუძიებია. ამ მტკიცებულებებს უმოკლეს ვადაში შეეძლო არჩევნების გაყალბების დადასტურება ან უარყოფა და პოლიტიკური კრიზისის დასრულება. როგორც კი ეს მოვითხოვეთ 29 ოქტომბერს, პროკურატურამ, ცესკო-ს მითითებით, 30 ოქტომბერს ყალბი გამოძიება დაიწყო. ხოლო, როგორც კი 1-ელ ნოემბერს სასამართლოს მივმართეთ მტკიცებულებების გადაუდებლად დაცვის მოთხოვნით, 1-ელ ნოემბერსვე პროკურატურამ ცესკო-ში არსებული მტკიცებულებები დააყადაღა. სასამართლომ კი უარი გვითხრა სარჩელის განხილვაზე იმ მოტივით, რომ მტკიცებულებები პროკურატურამ წაიღო.

პროკურატურის მიერ წარმოებული გამოძიების კვალიფიკაცია და მაგისტრატ მოსამართლესთან დაკითხვისას დასმული კითხვები ცალსახად ადასტურებს, რომ პროკურატურას არჩევნების სისტემური გაყალბების ობიექტური გამოძიების ინტერესი არ აქვს. „ოცნების“ მიზანია, მისი მორჩილი ინსტიტუტების – ცესკო-ს, პროკურატურისა და სასამართლოს გამოყენებით დაადგინოს, თითქოს არჩევნები არ გაყალბებულა და ამ გზით შეეცადოს ყალბი ლეგიტიმაციის მოპოვებას. გავაკეთებთ ყველაფერს, რომ ამ მტკიცებულებების განადგურების მცდელობა გაყალბებული არჩევნების არალეგიტიმურად ცნობის საკმარისი საფუძველი გახდეს“, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები