ჩვენ ვფიქრობთ, რომ იმ მიდგომებიდან გამომდინარე, რომელიც აქვს აშშ-ის ახლად არჩეულ პრეზიდენტს, ყველაფერი წარიმართება დადებითად ჩვენს ურთიერთობებში, ეს არის ჩვენი ოპტიმისტური მოლოდინი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემაში “აქტუალური თემა” განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მაღალი ალბათობით ძალიან მალევე, მომავალი წლიდან მშვიდობა დამყარდება რეგიონში, რის გამოც საქართველოზე წნეხი შემცირდება.
„დონალდ ტრამპის არჩევას საქართველოსთვის ექნება მკვეთრად პოზიტიური გავლენა ორი მიზეზის გამო – ერთი არის ის, რომ მაღალი ალბათობით ძალიან მალევე, მომავალი წლიდან მშვიდობა დამყარდება ჩვენ რეგიონში, რის გამოც ჩვენზე წნეხი შემცირდება. ვიდრე ომი დაიწყებოდა უკრაინაში, ასეთი წნეხი არ იყო. სხვადასხვა დროს იყო სირთულეები ურთიერთობებში, მაგრამ ასეთი მძიმე წნეხის ქვეშ ჩვენი ქვეყანა არასდროს ყოფილა, როგორც ის იყო უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ. როგორც კი ომი დასრულდება უკრაინაში, ჩვენს რეგიონში, მაშინვე შესუსტდება წნეხი ჩვენს ქვეყანაზე და რა თქმა უნდა, ეს დადებითად აისახება მათ შორის ორმხრივ ურთიერთობებზე, მეორე – ეს არის თავად დონალდ ტრამპის ფაქტორი. ჩვენ ვფიქრობთ, რომ იმ მიდგომებიდან გამომდინარე, რომელიც აქვს აშშ-ის ახლად არჩეულ პრეზიდენტს, ყველაფერი წარიმართება დადებითად ჩვენს ურთიერთობებში, ეს არის ჩვენი ოპტიმისტური მოლოდინი. დანარჩენი ჩვენც უნდა ვიმუშაოთ ძალიან აქტიურად. განწყობა არის ოპტიმისტური, დანარჩენი დავუკვირდეთ მოვლენების განვითარებას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.