GUARDIANGE – ფლორიდის სენატორი მარკო რუბიო იმათ შორისაა, ვინც ამერიკის შეერთებული შტატების ახლად არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ახალ ადმინისტრაციაში სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე განიხილება, ამის შესახებ CBS-ს პროცესში ჩართულმა ორმა წყარომ განუცხადა.
BBC-ის აშშ-ის ახალი ამბების პარტნიორი ტელეკომპანია ასევე იტყობინება, რომ ამავე პოსტზე შესაძლოა დაინიშნოს რიჩარდ გრენელი, რომელიც მოკლე პერიოდით ტრამპის ეროვნული დაზვერვის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად მსახურობდა მისი პირველი პრეზიდენტობის დროს.
რუბიომ 2016 წლის არჩევნების წინ „რესპუბლიკური პარტიის“ საპრეზიდენტო ნომინაციაში ტრამპის წინააღმდეგ იბრძოლა. ისინი საჯაროდ არაერთხელ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. ტრამპმა რუბიოს „პატარა მარკო“ უწოდა, ფლორიდის სენატორმა კი მომავალი პრეზიდენტის „პატარა ხელებს“ დასცინა.
მას შემდეგ რუბიო ტრამპის ერთგული მხარდამჭერი გახდა და ბოლო კვირებში მასთან ერთად ჩანდა საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას. მას ასახელებდნენ, როგორც ვიცე-პრეზიდენტობის შესაძლო კანდიდატს, მაგრამ საბოლოოდ ტრამპმა არჩევანი ჯეი დი ვენსზე გააკეთა, წარსულში ასევე მის მიმართ გამორჩეულ კრიტიკოსზე.
მარკო რუბიომ „ფოქს ნიუსთან“ პირდაპირი ჩართვისას ტრამპის მომავალ ადმინისტრაციაში მუშაობის სურვილი გამოხატა, მაგრამ აღნიშნა, რომ გადაწყვეტილების მიღება პრეზიდენტის პრეროგატივაა.
„მე ვიმუშავებ ტრამპის ადმინისტრაციაში ნებისმიერ თანამდებობაზე, რაზეც საჭიროდ ჩათვლიან. გადაწყვეტილებას დონალდ ტრამპი იღებს და ის კარგ გადაწყვეტილებებს იღებს მათზე ვინც მასთან მუშაობენ. მე ამაზე ვერ ვისაუბრებ“, – თქვა რუბიომ.
გრენელი ტრამპის კიდევ ერთი ერთგული მხარდამჭერია. მას დაბალი თანამდებობა ეკავა ჯორჯ დაბლიუ ბუშის მმართველობის პერიოდში და მით რომნის 2012 წლის საგარეო პოლიტიკის კამპანიის მრჩეველი იყო. ის ასევე იყო ტრამპის ელჩი გერმანიაში.