ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ხორენიაში ისტორიული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურული პროექტი დასრულდა.
მდინარე ფარავანზე სახიდე გადასასვლელს გადაუდებელი სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდა. ავტოსატრანსპორტო საშუალებებს ხიდზე გადაადგილება თავისუფლად და უსაფრთხოდ შეუძლია.
დასრულებული პროექტი, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერმა მელქონ მაკარიანმა, მოადგილე თეიმურაზ მჭედლიძესა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროს არა მოვსესიანთან ერთად დაათვალიერა.
“ხიდი გასული საუკუნის 60-იან წლებში მოეწყო და ხორენიის ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრები მოსახლეობის უსაფრთხო გადაადგილებისთვის დღემდე მნიშვნელოვანი ფუნქცია აქვს.
ხიდზე, დატვირთვიდან გამომდინარე, წლების განმავლობაში, დაზიანებული იყო ბეტონის დამცავი ფენა და რკინის კონსტრუქციები, რაც ავტოტრანსპორტის გადაადგილებას საფრთხეს უქმნიდა.
მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ხიდის სავალ ნაწილზე მოძრაობა დროებით შეიზღუდა და ავტოტრანსპორტის მოძრაობისთვის ალტერნატიული გზა გამოიყო.
ამ ეტაპისთვის მდინარე ფარავანზე არსებულ სახიდე გადასასვლელზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულებულია.
შეიცვალა რკინის კონსტრუქციები, დაიგო ახალი ასფალტის საფარი, დამონტაჟდა მოაჯირები და გარე განათების სისტემები” – განაცხადა მელქონ მაკარიანმა.
ინფრასტრუქტურული პროექტისთვის თანხა ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო და მისმა სახელშეკრულებო ღირებულებამ 401 000 ლარი შეადგინა. სამუშაოები კომპანია შპს “საგზაო სამშენებლო სამმართველო N2”-მა შეასრულა.
ინფორმაციას ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.