ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მასშტაბით ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ამჯერად, მუნიციპალიტეტის მერმა მელქონ მაკარიანმა, პირველ მოადგილე თეიმურაზ მჭედლიძესა და ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელთან ერთად, სოფლების ვარევანი-ალასტანი-გოკიოს დამაკავშირებელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა, ადგილობრივ მოსახლეობას გაესაუბრა და მათი მოსაზრებები მოისმინა.
აღნიშნული ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებით, სამივე სოფლის მოსახლეობისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული და მნიშვნელოვანი საკითხი გადაიჭრება.
აღსანიშნავია, რომ საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების პარალელურად, ამ სოფლებში სასმელი წყლის უზრუნველყოფის მიზნით, მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა. მერიის მხარდაჭერითა და მოსახლეობის ძალისხმევით, სასმელი წყლის საკომუნიკაციო სისტემები მოეწყო და საგზაო ინფრასტრუქტურასთან ერთად სასმელი წყლის პრობლემაც მოგვარდა.
ადგილობრივმა მოსახლეობამ მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისა და მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებისთვის.
ინფრასტრუქტურული პროექტები რეგიონული განვითარების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 3 062 997 ლარს შეადგენს. მიმდინარე სამუშაოები გზის 6 კილომეტრამდე მონაკვეთის მოასფალტებას ითვალისწინებს.
გზის სრული რეაბილიტაცია ოქტომბრის ბოლოს დასრულდება და აღნიშნული სოფლის მოსახლეობა შეუფერხებლად, კომფორტულად გადაადგილებას შეძლებს.
საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების სამუშაოებს კომპანია შპს „ჯავახავტოგზა“ ასრულებს.
ინფორმაციას ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.