ჩვენ უკვე 16 წელია, ღია კარში ვდგავართ, ნატო-ს წევრმა ქვეყნებმა უნდა იფიქრონ ამაზე, რომ უსაფრთხოებას არ განაპირობებს დანაპირებები, უსაფრთხოებას უზრუნველყოფს გადაწყვეტილებები, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ჩვენ არ გვინდა პირობები, გვინდა გადაწყვეტილებები.
„პოლონეთის პრეზიდენტმა, ანდჟეი დუდამ თქვა – 2008 წელს, ბუქარესტში, გერმანიამ და საფრანგეთმა რომ დაბლოკეს საქართველოს ნატო-ში მიღება, გარკვეული შესაძლებლობა მისცეს რუსეთს, რომ აგრესია განეხორციელებინა. ალბათ, ნატო-ს წევრები უნდა დაფიქრდნენ, რა გააკეთეს 2008 წელს. შეგიძლიათ, იხილოთ პოლონეთის პრეზიდენტის ეს განცხადება, ჰქონდა თუ არა ამას კავშირი შემდეგ, სულ რამდენიმე კვირაში რუსეთის აგრესიასთან. ჩვენ არ გვინდა პირობები, ჩვენ გვინდა გადაწყვეტილებები. ჩვენ უკვე 16 წელია, ამ ღია კარში ვდგავართ. როგორც თავის დროზე ედუარდ შევარდნაძემ განაცხადა, დღესაც აქტუალურია ეს სიტყვები: როდესაც დიდხანს ხარ ღია კარში, შეიძლება, ამ ორპირ ქარში ადამიანი გაცივდეს. ამიტომ, ამაზე უნდა იფიქრონ ნატო-ს წევრმა ქვეყნებმა, რომ უსაფრთხოებას არ განაპირობებს დანაპირებები, უსაფრთხოებას უზრუნველყოფს გადაწყვეტილებები.
ვნახეთ, რომ სამწუხაროდ, უკრაინის მიმართაც დამატებითი გადაწყვეტილება მიღებული არ ყოფილა, იგივე გაიმეორეს, რაც 16 წლის წინ უკრაინასა და საქართველოსთან დაკავშირებით ითქვა, რომ უკრაინა გახდება ნატო-ს წევრი. უცნობია, როდის და როგორ გახდება, მიუხედავად იმისა, რომ უკვე ორ წელზე მეტია, უკრაინა იბრძვის ევროპის დასაცავად. ასე აფასებს თავად ნატო ამ ომსაც, იმიტომაც ეხმარება უკრაინას. მიუხედავად იმისა, რომ გმირ უკრაინელ ხალხს უკვე ორ წელზე მეტია ფრონტი აქვს იმისთვის, რომ რუსეთის ჯარები შეაკავოს. ვნახეთ, რომ უკრაინასთან დაკავშირებით რაიმე დამატებითი გადაწყვეტილება მიღებული არ არის“, – განაცხადა პაპუაშვილმა, როგორც ამას პირველი არხი იტყობინება.