ტირუნ მელიქიანი ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარევანის სომხურენოვანი საჯარო სკოლის დირექტორის თანამდებობაზე 2003 წელს დაინიშნა, 2024 წლის ივნისში კი, კიდევ ერთხელ გამოუცხადეს ნდობა და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ მის, როგორც დირექტორობის სერტიფიცირებულ კანდიდატურაზე ყუარდღების შეჩერების შემდეგ, სამეურვეო საბჭომ 6 წლის ვადით ერთხმად აირჩია სკოლის ხელმძღვანელად, თუმცა როგორც თავად ამბობს, არასდროს მიილტვოდა თანამდებობისკენ და მისი 21 წლის წინათ სკოლის დირექტორად დანიშვნა, მხოლოდ წინამორბედის პოსტიდან წასვლამ განაპირობა.
„ვარევანის მაშინდელ საშუალო სკოლაში 1987 წელს დავიწყე ბიოლოგიის მასწავლებლად მუშაობა, მანამდე 2 წელი სოფელ ხანდოს საშუალო სკოლაში ვასწავლიდი, შემდეგ სასწავლო ნაწილის გამგე გავხდი და 2003 წელს ჩვენი მაშინდელი დირექტორის საცხოვრებლად სხვაგან გადასვლის გამო მე მომიწია ამ პოსტზე საქმიანობის გაგრძელება. სულ არ მიფიქრია ასეთ მაღალ თანამდებობაზე მუშაობა, მაგრამ რადგან სხვა კანდიდატურა არ იყო, შევუდექი ამ ფრიად საპასუხისმგებლო საქმიანობას და მას შემდეგ აქ ვარ. მაშინ ვერც კი ვიფიქრებდი, რომ ამდენი ხნით მომიწევდა სკოლის დირექტორობა“, – განუცხადა სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარევანის საჯარო სკოლის დირექტორმა, ქალბატონმა ტირუნ მელიქიანმა GUARDIANGE-ის ქართულ ენაზე.
როგორც მან აღნიშნა, დირექტორის პოსტზე მუშაობის დაწყებისთანავე ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად განადგურებული ინფრასტრუქტურის აღდგენა დაისახა და სკოლის ბიუჯეტის შესაძლებლობიდან გამომდინარე, სამუშაოები ეტაპობრივად განახორციელა.
„ძალიან მძიმე მემკვიდრეობა მერგო, სკოლა გაპარტახებული იყო, ფაქტობრივად, დანგრევის პირას იყო მისული. ზოგიერთ საკლასო ოთახს ფანჯრებიც კი არ ჰქონდა და რომ იტყვიან, შიშველი ხელებით, უფრო სწორად ხელში შემოჩეჩებული სკოლის ბეჭდით დავრჩი მარტო პრობლემების წინაშე (იცინის). დროც რთული იყო, მაგრამ ეტაპობრივად მოვახერხეთ ინფრასტრუქტურის ასე თუ ისე გამართვა, გამოვცვალეთ კარ-ფანჯრები, გავარემონტეთ სველი წერტილები, 2017 წელს დავამონტაჟეთ ცენტრალური გათბობის სისტემა და შეშის ღუმელებისაგან გამურულ საკლასო ოთახებში კოსმეტიკური რემონტი ჩავატარეთ. შეიძლება ითქვას, რომ მეტ-ნაკლებად შევქმენით ბავშვებისთვის კომფორტული და ჯანსაღი სასწავლო გარემო, მაგრამ ეს საკმარისი არ არის, რადგან ჯერ კიდევ არ გვაქვს სპორტული დარბაზი, სააქტო დარბაზი, სამი-ოთხი კლასი ძალიან მცირე მოცულობისაა, ზოგან გამოსაცვლელია იატაკი.
„მიუხედავად ჩვენი მცდელობისა, სკოლა უფრო უკეთესი გაგვეხადა, მე ვიტყოდი, რომ ის მაინც კაპიტალურ რემონტს საჭიროებს და იმედი მაქვს, სახელმწიფო, სხვა სკოლებთან ერთად, ვარევანის საჯარო სკოლასაც ჩასვამს რეაბილიტაციის სიაში, ანდა დააფინანსებს სულაც ახალი სკოლის მშენებლობას, რადგან ჩვენი სახსრებით მეტის გაკეთება წარმოუდგენელია. გულწრფელად რომ გითხრათ, მინდა სრულიად ახალი სკოლა გვქონდეს, რომ ჩვენმა ბავშვებმა დაჩაგრულად არ იგრძნონ თავი“, – განაცხადა ტირუნ მელიქიანმა.
დირექტორის თქმით, ინფრასტრუქტურის განვითარების პარალელურად, დიდ ყურადღებას აქცევს სკოლაში თანამედროვე ტექნოლოგიების მეშვეობით სწავლების განვითარებას, რისთვისაც განზრახული აქვს შესაბამისი ტექნიკის შეძენა.
„მნიშვნელოვანია, რომ ყველა საკლასო ოთახში იყოს კომპიუტერი და ასევე, პროექტორი, რადგან თვალსაჩინოების გამოყენებით სწავლება უფრო ეფექტურია. ასევე, აუცილებელია თანამედროვე, კარგად აღჭურვილი ლაბორატორიის მოწყობა, რადგან წარმოუდგენელია საბუნებისმეტყველო საგნების – ფიზიკის, ქიმიის, ბიოლოგიის – გაკვეთილების ეფექტურად ჩატარება შესაბამისი ცდების გარეშე.
„თავად ბიოლოგიის მასწავლებელი ვარ, 10 კრედიტზე მაქვს ჩაბარებული საგანი და 2019 წელს უფროსი მასწავლებლის სტატუსი მომენიჭა. დღემდე ვასწავლი ბიოლოგიას, ძალიან მიყვარს ჩემი პროფესია და მინდა ჩვენს სკოლაში კარგი ლაბორატორია ფუნქციონირებდეს. ერთ-ერთი პირველი ნაბიჯები მომავალში სწორედ ამ მხრივ, ტექნოლოგიების უფრო მეტად გამოყენების მიმართულებით უნდა გადაიდგას. ცალკე ოთახი კი გვაქვს კომპიუტერების, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. აუცილებელია ის თითოეულ კლასში იყოს“, – აღნიშნა ტირუნ მელიქიანმა.
დირექტორის განცხადებით, ვარევანის საჯარო სკოლაში დიდი ყურადღება ეთმობა ქართული ენის სწავლებას და ამის დასტურია ის, რომ ბოლო წლებში საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებს მათი სკოლის 15-ზე მეტმა კურსდამთავრებულმა მიაშურა და მათგან ზოგიერთმა უკვე წარმატებითაც დაამთავრა უნივერსიტეტი.
„კარგად სწავლობენ თბილისში, მაქვს მათთან კონტაქტი, ძალიან კმაყოფილები არიან. შარშან 7-მა ჩააბარა ჩვენი სკოლიდან, სამმა უფასოზე, წელსაც სამი თუ ოთხი აბიტურიენტი დარეგისტრირდა ეროვნულ გამოცდებზე, მცირე ნაწილმა კი, სომხეთში გადაწყვიტა სწავლის გაგრძელება. ახლა ბავშვებს სახელმწიფო ენა ძალიან უყვართ, მოტივაციაც აქვთ.
თუმცა, აქვე მინდა სინანულით აღვნიშნო ის ფაქტი, რომ ბოლო 30 წელიწადში სკოლაში მოსწავლეთა რაოდენობა განახევრებულია. მაგალითისთვის, თუკი იმ დროს, როდესაც მე შევუდექი ვარევანში მასწავლებლად მუშაობას, სკოლაში130-ზე მეტი მოსწავლე ირიცხებოდა – ეს ჯერ კიდევ კომუნისტური წყობილებაა – წლების შემდეგ თანდათან შემცირების ტენდენცია გამოიკვეთა და 2003 წელს, როცა დირექტორი გავხდი, მოსწავლეთა რაოდენობა 116-ამდე იყო ჩამოსული, 2023-2024 სასწავლო წელს კი 67-ამდე. წელს 10-მა მე-12 კლასელმა დაამთავრა სკოლა და 6 პირველკლასელია დარეგისტრირებული. ასე რომ, ახალ, 2024-2025 სასწავლო წელს კიდევ ოთხით ნაკლები, 63 მოსწავლე გვეყოლება.
„ისევ სახელმწიფო ენის სწავლებას რომ დავუბრუნდეთ და ჩემი ბავშვობა რომ გავიხსენო, შედარება არ არის დღევანდელობასთან. იმ დროს ძალიან სუსტად ისწავლებოდა ქართული ენა სომხურენოვან სკოლებში. სამწუხაროდ, საჭიროებაც არ იყო დიდად იმისა, რომ გცოდნოდა ქართული ენა. ახლა არაქართულენოვან საჯარო სკოლებში სახელმწიფო ენას კვირაში 5 საათი ეთმობა. მოსწავლეებში გაჩნდა მოიტივაცია, რადგან საქართველოს უნივერსიტეტების დამთავრების შემდეგ მათ გზა გახსნილი აქვთ დასაქმების კუთხით. საერთოდ, ამ ქვეყანაში თუ ცხოვრობ, ამ ქვეყნის ენაც უნდა იცოდე. ეს დღეს უკვე ბევრს აქვს გაცნობიერებული“, – განაცხადა ტირუნ მელიქიანმა.
იგი მიესალმება იმ ფაქტს, რომ სახელმწიფომ კარდინალურად შეცვალა არაქართულენოვან საჯარო სკოლებში ქართულის, როგორც მეორე ენის სწავლების საკითხისადმი მიდგომა და აღნიშნავს, რომ განათლების სამინისტროს მიერ კვალიფიციური კადრების გაგზავნამ სამცხე-ჯავახეთის არაქართულენოვან საჯარო სკოლებში კარგი შედეგი გამოიღო.
„2009 წელს ქართული ენის პირველი კონსულტანტ-მასწავლებელი ქალბატონი რუსუდან ბარამიძე შეუდგა ჩვენს სკოლაში თავისი პროფესიული მოვალეობის შესრულებას, 2012 წლამდე იმუშავა აქ, შემდეგ ქალბატონი ნინელი გოგოლაძე შემოგვიერთდა და დღემდე ნაყოფიერად ასწავლის მოზარდებს სახელმწიფო ენას, რამდენიმე წლის წინ კი, ქართულის როგორც მეორე ენის მასწავლებლად მუშაობა დაიწყო ქალბატონმა ნინო იველაშვილმა (შენიშვნა: ვარევანის საჯარო სკოლაში ქართული ენის სწავლების მხრივ არსებულ პრობლემებსა თუ მიღწევებზე GUARDIANGE დამატებით მასალას 2024-2025 სასწავლო წლის დაწყების შემდეგ შემოგთავაზებთ).
„მინდა გითხრათ, რომ ჩვენი სკოლის ქართული ენის მასწავლებლები, და არა მხოლოდ ისინი, ზოგადად, ჩვენი პედაგოგები, შესანიშნავად ართმევენ თავს თავიანთი მოვალეობის შესრულებას. ბევრ შრომას დებენ იმისათვის, რომ წესიერი, პატრიოტი და განათლებული მომავალი თაობა აღზარდონ.
„ჩემი ბავშვობა ვახსენე ზემოთ და გეტყვით, რომ მე შერეული ოჯახის წარმომადგენელი ვარ – დედით ქართველი და მამით სომეხი. ქართული ენა ბავშვობაშივე ვისწავლე, ძირითად, ბებია მზრდიდა და მისი წყალობით. მან შემაყვარა დედა ენა. თუმცა ინსტიტუტი ერევანში დავამთავრე – ხაჩატურ აბოვიანისსახელობის პედაგოგიური ინსტიტუტი – და იქიდან დაბრუნებულს არც ისე კარგად მახსოვდა ბავშვობაში ნასწავლი ქართული, თან ნაკლებად მიწევდა მისი გამოყენება და ამ დროს, მოგეხსენებათ, ენა დავიწყებას ეძლევა, მაგრამ მას შემდეგ, რაც დირექტორი გავხდი და რაც საქმის წარმოება სახელმწიფო ენაზე გადავიდა, ბუნებრივია, უკვე აუცილებელიც გახდა სახელმწიფო ენის სათანადოდ ფლობა და მეც მეტი ნაბიჯები გადავდგი ამ მიმართულებით, რომ სრულყოფილად დავუფლებოდი ჩვენი ქვეყნის სახელმწიფო ენას“, – უთხრა GUARDIANGE-ის ტირუნ მელიქიანმა.
GUARDIANGE-ის სტატიის ამსახველი ფოტომასალა იხილეთ დაბლა: