ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის, ნაირი ირიციანის ინიციატივით კარტოფილის რეალიზაციის პრობლემების შესახებ ფერმერებთან შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრას სხვადასხვა სოფლის ფერმერები და მოწვეული ექსპერტები რამაზ გოგოლაძე და მახარე მაცუკატოვი ესწრებოდნენ.
ექსპერტების შეფასებით, წელს 20 000 ჰექტარზე კარტოფილის მოსავლიანობამ საშუალოდ 18 ტონა შეადგინა, მიღებულია 200 000 ტონა მოსავალი, თუმცა მოსავლის 50-60% ჯერ არ გაყიდულა. კარტოფილის საშუალო ფასი 50-60 და 70-80 თეთრის ფარგლებში მერყეობდა, თვითღირებულება კი დაახლოებით 45 თეთრი იყო, ზოგიერთი კარგი ხარისხის კარტოფილი კი, 0,9-1,0 ლარად (თვითღირებულება 70-80 თეთრი) იყიდებოდა.
„თუ დაახლოებით 300 000 ტონა კარტოფილი იყიდება სახელმწიფოში, აქედან დაახლოებით 150 000 ტონა ჩვენი მუნიციპალიტეტიდანაა.
დღეს აქტუალური თემაა კარტოფილის სარეალიზაციო ბაზრის არარსებობა. სხვა რეგიონებში ყურძნისა და ვაშლის რეალიზაციის ბაზრების ხელშეწყობის პროგრამამ ეფექტური მუშაობა დაიწყო. მსგავსი პროგრამები კარტოფილის რეალიზაციის თვალსაზრისით ძალიან მოთხოვნადია ჩვენს რეგიონში.
კარტოფილის რეალიზაციისთვის აუცილებელია გარკვეული სტანდარტების დაცვა (ხარისხი, შესაბამისი ჯიში, ლაბორატორიების არსებობა და ა.შ.), რაც საუკეთესო პირობა იქნება ჩვენი კარტოფილის რეალიზაციისთვის. გაუყიდავი კარტოფილის დაახლოებით 40% თესლად გამოიყენება, მაგრამ 60%-ის რეალიზაციის იმედიც კი არ არის.
დღეს პრობლემა მხოლოდ მსხვილი კარტოფილის რეალიზაცია კი არ არის, არამედ სათესლე კარტოფილისა და უფრო პატარა კარტოფილის რეალიზაციაც, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას სახამებლის წარმოებისთვის“, – ნათქვამია ახალქალაქის საკრებულოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციში.
ახალქალაქის საკრებულოს თავმჯდომარემ ნაირი ირიციანმა შეაჯამა გამოთქმული მოსაზრებები და აცნობა ფერმერებს, რომ მომზადდება და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გადაეგზავნება წერილი, რომელშიც წარმოდგენილი იქნება არსებული კარტოფილის რაოდენობა და თხოვნა, რომ შეძლებისდაგვარად შეუწყონ ხელი კარტოფილის რეალიზაციის პრობლემის გადაჭრაში.