საქართველოს ჰყავს გამორჩეულად ნიჭიერი ახალგაზრდობა. თქვენი ნიჭის რეალიზება არის მნიშვნელოვანი, არა მხოლოდ თქვენი პიროვნული წარმატებისთვის, არამედ, პირველ რიგში, ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განათლების სამინისტროს მიერ გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც გიორგი ამილახვარმა საზოგადოებას ახალგაზრდული პოლიტიკის ხედვა წარუდგინა.
ირაკლი კობახიძის თქმით, ეს არის ჩვენი ქვეყნის განვითარების აუცილებელი პირობა.
„ამიტომ, ახალგაზრდებისთვის განვითარების ფართო შესაძლებლობების შექმნა ჩვენი, საქართველოს მთავრობის განსაკუთრებული ზრუნვის საგანი უნდა იყოს და ეს აუცილებლად ასეც იქნება. ახალგაზრდებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნის უმთავრესი ინსტრუმენტი არის, ბუნებრივია, განათლების სისტემა. მზადდება და შემოდგომაზე საზოგადოებას წარვუდგენთ ჩვენი ქვეყნის განვითარების ახალ 4-წლიან გეგმას, რომელიც განათლებისა და ახალგაზრდობის საკითხებს განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს. ჩვენი მიზანია განვახორციელოთ მასშტაბური პროექტები, რომლებიც ქვეყანაში საერთაშორისო სტანდარტების განათლების ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს. ჩვენი ხედვით თვისებრივად უნდა განახლდეს, მათ შორის, სახელმწიფო უნივერსიტეტების ინფრასტრუქტურა, სადაც სტუდენტებს, როგორც ცოდნის მიღების, ისე საკუთარი ინტერესების რეალიზებისთვის ბევრად უფრო ფართო შესაძლებლობა მიეცემათ. ასევე, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა სპორტის განვითარებას, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ბუნებრივია, ახალგაზრდებისთვის. ამ გეგმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი იქნება სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარება, როგორც დედაქალაქში, ასევე რეგიონებში, უნივერსიტეტებთან დაკავშირებული სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარება, სკოლების შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარება. ესეც იქნება ჩვენი 4-წლიანი გეგმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი.
რა თქმა უნდა, პიროვნული განვითარების ფართო შესაძლებლობების შექმნასთან ერთად ხელისუფლება განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს ახალგაზრდებში ეროვნულ-პატრიოტული მუხტის გაღვივებას და მაღალი სამოქალაქო ცნობიერების ჩამოყალიბებას. ამ მიზნით, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო განათლების ყველა საფეხურზე შესაბამის რეფორმებს განახორციელებს“, – განაცხადა პრემიერმა.