საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტი, ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზაზე, ზუგდიდი-მესტიის დამაკავშირებელი მონაკვეთის რეაბილიტაციას ახორციელებს.
სარეაბილიტაციო სამუშაოები 2 პროექტის ფარგლებში, ჯამში, 20.5 კმ-იან (კმ81-კმ94 და კმ97-კმ110) მონაკვეთზე მიმდინარეობს.
რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში ხორციელდება ასფალტ-ბეტონის საფარის მოწყობა, 7 არსებული ხიდის შეკეთება, ზედა და ქვედა საყრდენი კედლების მოწყობა. ასევე, გათვალისწინებულია კიუვეტებისა და არსებული ხელოვნური ნაგებობების შეკეთება და ახლების მოწყობა, მიერთებების და მოსახლეობის ეზოში შესასვლელების ახლიდან მოწყობა, ავტობუსის გაჩერებების მოწყობა, სავალი ნაწილის მონიშვნა, საგზაო ნიშნების და შემოფარგვლის მოწყობა, რაც უზრუნველყოფს ავტომობილების და ფეხით მოსიარულეთა უსაფრთხო მოძრაობას. პროექტი, მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს აქ მცხოვრები ოჯახების საყოფაცხოვრებო პირობებს.
სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ჯამური ღირებულება 43.6 მილიონი ლარია.
გზის რეაბილიტაციის პარალელურად, აქტიურ რეჟიმში ხორციელდება ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 52-ე კილომეტრზე, მდინარე ხუბურზე არსებული სახიდე გადასასვლელის სარეაბილიტაციო სამუშაოები. ხიდის სიგრძე 20 მეტრია და სამუშაოების ღირებულება 713 300 ლარს შეადგენს.
ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.




