GUARDIANGE – სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ლომატურცხის სომხურენოვანი საჯარო სკოლის დირექტორის, ოგანეს შორაღიანის განცხადებით, საქართველოს არაქართულენოვან საჯარო სკოლებსა და საბავშვო ბაღებში ბილინგვური განათლების დანერგვა რეალურ შედეგს გარკვეული დროის შემდეგ მოგვცემს და რამდენიმე წელიწადში, საქართველოს ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში სახელმწიფო ენის ცოდნის დონე მნიშვნელოვანწილად აიწევს, თუმცა, როგორც ოგანეს შორაღიანი აცხადებს, ბილინგვური განათლების მასობრივად დანერგვის პარალელურად, სასურველია მოსწავლეთა გაცვლითი სასწავლო პროგრამების ამოქმედება, რათა მოზარდებს ქართულენოვან გარემოში ხანგრძლივი ცხოვრებისა და სწავლის პირობებში სახელმწიფო ენის შესწავლის უფრო კარგი შესაძლებლობა მიეცეთ.
არაქართულენოვან საჯარო სკოლებში ბილინგვური განათლების დანგერვასთან დაკავშირებით GUARDIANGE -იმ სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ლომატურცხის სომხურენოვანი საჯარო სკოლის დირექტორს, ბატონ ოგანეს შორაღიანს რამდენიმე შეკითხვით მიმართა.
გთავაზობთ ბატონ ოგანეს შორაღიანთან ინტერვიუს, რომელიც 19 თებერვალს ქართულ ენაზე შედგა.
GUARDIANGE – საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა (იმ დროს მინისტრობის კანდიდატმა), ბატონმა გიორგი ამილახვარმა პარლამენტში 5 თებერვალს, საკომიტეტო მოსმენაზე, ზოგადი განათლების საფეხურზე მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე საუბრისას განაცხადა, რომ ყველა არაქართულენოვან საჯარო სკოლაში და ყველა საბავშვო ბაღში დაინერგება ბილინგვური განათლება, გაძლიერდება როგორც მათი მშობლიური ენის, ასევე სახელმწიფო ენის სწავლა-სწავლება – ბატონო ოგანეს, თქვენს სკოლაში არის თუ არა დანერგილი უკვე ბილინგვური სწავლება და როგორი სურათია გამოკვეთილი?
ოგანეს შორაღიანი: ჩვენს სკოლაში ბილინგვური სწავლება მიმდინარე სასწავლო წელს დაინერგა და ამ ეტაპზე მხოლოდ მათემატიკის გაკვეთილი ტარდება ამ პრინციპით. ამ დრომდე რასაც ვაკვირდები, პროცესი კარგად მიმდინარეობს, მასწავლებლის, ლოლია ბალასანიანის მუშაობით კმაყოფილი ვარ. ის ძალიან კარგად ასრულებს თავის მოვალეობას, გაკვეთილების ჩატარების გარდა არაფორმალური აქტივობებითაც არის დაკავებული. ბუნებაში გაჰყავს ბავშვები და არაფორმალურ გარემოში აცნობს მოსწავლეებს საგანს, თავისი პროგრამა აქვს. მე ვუყურებ, თუ როგორ კარგად ასწავლის ეს ახალგაზრდა სპეციალისტი. ვნახოთ, მომავალი სასწავლო წლიდან დაწყებით კლასებში, ხელოვნების, ბუნებისმეტყველების, მე და საზოგადოების საგნებში დაემატება ბილინგვური სწავლება. ახალი კადრების მოსვლის იმედი მაქვს.
GUARDIANGE – მოგეხსენებათ, რომ ბილინგვური სწავლებისთვის ორენოვანი სპეციალისტები იქნებიან საჭირო. როგორ ფიქრობთ, ხომ არ შეიქმნება საკადრო პრობლემები?
ოგანეს შორაღიანი: ამ ეტაპზე არც ისე განებივრებულები ვართ სპეციალისტებით, მაგრამ ბოლო წლებში, ჩვენი მუნიციპალიტეტის ახალგაზრდა თაობის წარმომადგენლებს საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების დასრულების შემდეგ რეგიონში დაბრუნებისა და სკოლებში დასაქმების დიდი პერსპექტივა ექმნებათ. ბილინგვური განათლების დანერგვა ორმხრივად სასარგებლო იქნება – ერთი მხრივ, ახალგაზრდა კადრების დასაქმებისთვის, მეორე მხრივ, მომავალი თაობებისთვის, რომლებიც უკეთ შეისწავლიან საქართველოს სახელმწიფო ენას. ჯერ ვერ ვიტყვით იმას, რომ ბილინგვურ სწავლებას რაიმე ხელშესახები ეფექტი აქვს, რადგან ის სულ რაღაც 5 თვის წინათ დაინერგა. როგორც გითხარით, ლომატურცხის საჯარო სკოლაში ჯერ მხოლოდ ერთი საგნის, მათემატიკის სწავლება მიმდინარეობს ორ ენაზე. მომავალი სასწავლო წლიდან ვფიქრობთ, გავაფართოვებთ ბილინგვურ სწავლებას.
GUARDIANGE – თქვენი აზრით, საქართველოს არაქართულენოვან საჯარო სკოლებში ბილინგვური განათლების დანერგვით რამდენად გაუმჯობესდება სახელმწიფო ენის სწავლების დონე და როგორი იქნება შედეგი?
ოგანეს შორაღიანი: უდავოა, რომ ბილინგვური სწავლების დანერგვის შედეგად, დროთა განმავლობაში ქართული ენის უკეთ მცოდნე მომავალი თაობები გვეყოლება, მაგრამ ამას დასჭირდება გარკვეული დრო, ბილინგვური განათლება ფართოდ უნდა დაინერგოს, რომ შედეგი გვქონდეს. კარგი ინიციატივაა მისი საბავშვო ბაღებში დანერგვა. როცა ბავშვები უკვე არაქართულენოვან საჯარო სკოლებში ისეთი საბავშვო ბაღებიდან შევლენ, სადაც ბილინგვური განათლება იქნება დანერგილი, ბუნებრივია, გაცილებით გაუადვილდებათ ორ ენაზე სწავლა. მაგრამ სასწავლო პროცესის ბილინგვურად წარმართვისას, ჯერჯერობით, არსებულ კადრებს აკლიათ გამოცდილება პროგრამის სრულყოფილად დანერგვის თვალსაზრისით. ამას დამატებითი დრო სჭირდება. საგნების მასწავლებლებთან მრავალმხრივი კოორდინაციაა საჭირო, ერთ გაკვეთილზე ორი აქტივობის დანერგვა ერთიან ლოგიკურ მთლიანობად რომ იქცეს. ჯერ ასეთი გამოცდილება არ აქვთ ჩვენს სპეციალისტებს. მე მგონი, დროთა განმავლობაში შესაძლებელი იქნება, მეტი გამოცდილების მიღებითა და სხვების მაგალითების გათვალისწინებით, უფრო კარგი შედეგები დაიდოს.
GUARDIANGE – როგორ ფიქრობთ, კიდევ რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ საქართველოში კომპაქტურად მცხოვრებმა ეთნიკურად სომეხი ეროვნების მოქალაქეებმა უკეთ ისწავლონ საქართველოს სახელმწიფო ენა? ამ შეკითხვას გისვამთ, როგორც ამ მუნიციპალიტეტის მკვიდრს, გამოცდილ პედაგოგს, სერტიფიცირებულ დირექტორს და ადამიანს, რომელმაც საქართველოს სახელმწიფო ენა ზრდასრულ ასაკში, დაახლოებით 15-17 წლის წინათ შეისწავლა, დღემდე იღრმავებთ ცოდნას და გაქვთ მრავალმხრივი გამოცდილება იმისა, თუ რა გამოწვევები არსებობს კომპაქტურად ეთნიკურად სომეხი ეროვნების მოქალაქეებით დასახლებულ რეგიონში ქართული ენის შესწავლის მხრივ.
ოგანეს შორაღიანი: ვფიქრობ, მარტო სწვალა-სწავლების პროცესი საკმარისი არაა. მოგეხსენებათ, ნებისმიერი ენის კარგად, საფუძვლიანად შესწავლისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს გარემოს – იმას, თუ როგორ გარემოში იმყოფება ადამიანი. მაგალითად, სკოლაში და გაკვეთილების შემდეგაც ბავშვებს სოფელში ურთიერთობა სომხურ ენაზე უწევთ და სკოლაში ქართული ენის გაკვეთილზე მიღებული ცოდნის გაღრმავებისთვის შესაბამისი, ქართულენოვანი სოციალური გარემოს ნაკლებობა აფერხებს მათ შემდგომ განვითარებას. ბავშვები უფრო მეტ დროს ოჯახსა და სოფლის სომხურენოვან გარემოში ატარებენ და შესაბამისად, აქ არაა საკმარისი ურთიერთობა იმისათვის, რომ თაობები უფრო სწრაფად იყვნენ ინტეგრირებული ქართულ მოსახლეობასთან, თავდაპირველად საჭიროა უფრო მეტი ურთიერთბა ქართულ გარემოსთან, რადგან მოხდეს შეძენილი ცოდნის პრაქტიკული გამოყენება და ეს ყველაზე კარგად ურთიერთობებშია შესაძლებელი.
GUARDIANGE – როგორ გესახებათ უფრო მეტი ურთიერთობა ქართველ და სომეხ მოსახლეობას შორის?
ოგანეს შორაღიანი: მაგალითად, ადრეულ წლებში მოქმედებდა კარგი გაცვლითი პროგრამა, როგორც მოსწავლეებისთვის, ისე მასწავლებლისთვის და ბავშვებს საშუალება ჰქონდათ მთელი წლის განმავლობაში, ან ნახევარი სემესტრი მაინც ესწავლათ ქართულ სკოლებში, მაგალითად აჭარაში ან იმერეთში. ამ პერიოდში ისინი ქართულ ოჯახებში იყვნენ გადანაწილებული, იქ ცხოვრობდნენ, ქართველ თანატოლებთან ერთად სწავლობდნენ და მათი საურთიერთობო ენა სკოლაშიც და მის მიღმაც მთლიანად ქართული იყო, შედეგიც აბსოლუტურად განსხვავებული იყო. სიტყვების მხოლოდ მექანიკურად გამოყენება საკმარისი არაა. მაგრამ როცა მოზარდი ქართულ გარემოში იმყოფება, იმ ადათის, წესის ნაწილი ხდება და მუდმივად უწევს ამ წესების მიყოლა, ქორწილში, დაბადების დღეზე და სხვა გარემოში… არ ვიცი, რატომ შეწყდა ეს კარგი პროგრამა, რომელსაც რამდენადაც ვიცი, დონორები ევროპული ორგანიზაციები აფინანსებდნენ.
GUARDIANGE – განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, ბატონმა გიორგი ამილახვარმა ისიც განაცხადა, რომ სახელმწიფო ენასთან ერთად, სკოლებში ეთნიკური ჯგუფების მშობლიური ენის სწავლა-სწავლებაც გაძლიერდება. ამ მხრივ, როგორი სურათია თქვენს რეგიონში, კონკრეტულად კი ლომატურცხის საჯარო სკოლაში? რამდენი საათი ეთმობა კვირაში სომხური ენისა და ლიტერატურის სწავლებას? ბოლო წლებში სომხური ენის საათები შემცირდა. თქვენთან როგორი მდგომარეობაა ამ მხრივ?
ოგანეს შორაღიანი: საქართველოს კანონი ზოგადი განათლების შესახებ, მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმა გვეუბნება, რომ სწავლა საქართველოში ქართულ ენაზე და აფხაზეთში აფხაზურ ენაზე უნდა მიმდინარეობდეს, მაგრამ არაქართულენოვან საჯარო სკოლებში მოსწავლეებს უფლება აქვთ განათლება მიიღონ თავიანთ მშობლიურ ენაზე, რაც ძალიან კარგი საშუალებაა ეთნიკური უმცირესობებისათვის, გამომდინარე მოსახლეობის ინტერესიდან. ეს კი სახელმწიფო ენის შესწავლის მხრივაც აუცილებელი რამაა, რადგან თუ ადამიანმა არ იცის თავისი მშობლიური ენა, შესაბამისად, სხვა ენის სრულყოფილად შესწავლისთვის საკმარისი პირობა არ გააჩნია. ადამიანი მშობლიური ენის საშუალებით სწავლობს სხვა ერის ენას, კულტურას, ისტორიას და ა.შ. ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით, მშობლიური ენა და მეორე უცხო ენა ერთად უნდა იყოს 5 საგაკვეთილო საათი. ამიტომ მეორე უცხო ენა 1 ან 2 საათი გამოდის, მშობლიური კი 4 ან 3 სააათი.
ამჟამად ჩვენს სკოლაში პირველიდან მე-5 კლასამდე სომხურ ენას 5 საათი ეთმობა, მე-5 კლასიდან კი, ზოგიერთ კლასში 4 საათი, ზოგან კი 3 საათი, დანარჩენი 1 და 2 საათი, შესაბამისად, რუსული ენის სწავლას ეთმობა. რუსული ენა მშობლებთან კონსულტაციის შედეგად ისწავლება, რადგან, მოგეხსენებათ, რომ ჩვენი რეგიონის მოსახლეობის დიდი ნაწილი რუსეთშია წასული სამუშაოდ, ზოგიერთს ნათესავები ჰყავს იქ, რომლებიც პერიოდულად ჩამოდიან საქართველოში, ჩვენს სოფელში, და აქედან გამომდინარე, მშობლების სურვილი იყო, რომ მშობლიური ენის პარალელურად, ერთ-ერთ უცხო ენად რუსული ჩაგვესვა. აქ პრობლემურ საკითხად რჩება ის, რომ კვირაში სომხური ენის 4 საათის, მით უფრო 3 საათის სწავლება არასაკმარისია და ეს უარყოფით გავლენას ახდენს ქართულის სწავლებაზეც. მაგალითად, საქართველოს ისტორიის, საქართველოს გეოგრაფიის სწავლებისას მოსწავლეებმა შეიძლება არ იცოდნენ თავიანთ მშობლიურ ენაზე ქართულის შესატყვისი ტერმინები, რადგან სომხურ ენას საათები მოაკლდა და სრულყოფილად ვერ ხერხდება მისი სწავლება. ვფიქრობ, ეს გასათვალისწინებელი ფაქტორია და კარგი იქნებოდა მშობლიურ ენასთან მეორე უცხო ენა არ იყოს დაკავშირებული. ეს არა მხოლოდ მშობლიური ენის უკეთ, არამედ სახელმწიფო ენის უკეთესად სწავლისთვისაც კარგი იქნებოდა.
ოგანეს შორაღიანი 2009 წელს, თავდაპირველად სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ლომატურცხის საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა, 2014 წლიდან 2020 წლამდე კი არჩეული დირექტორი იყო, 2020 წლიდან 2023 წლის 17 ოქტომბრამდე ისევ დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი იყო, ვიდრე სამეურვეო საბჭო შემდგომი 6 წლის ვადით ერთხმად აირჩევდა დირექტორად.
მას აქვს დირექტორობის უვადო სერტიფიკატი – დირექტორის სერტიფიცირება წარმატებით 2014 წელს გაიარა. 2017 წელს უფროსი მასწავლებელი გახდა, შემდეგ გამოცდა ჩააბარა სხვა საგნებშიც – გეოგრაფიაში, ბუნებისმეტყველებაში, ორი საფეხურის მათემატიკაში – დაწყებითი და საბაზო საფეხურის მათემატიკაში.